მსოფლიო თბილისში რჩება

AutoSharing Option
გადაწყდა - ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობას თბილისი უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა გია გალდავამ გვაცნობა, ის კი, თავის მხრივ, ეროვნული ნაკრების თავკაც ოლეგ იაძის სიტყვებს ეყრდნობა. ეს საკითხი საბოლოოდ გუშინ გაირკვა მოსკოვში, სამბოს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც საქართველოდან სწორედ იაძე ესწრებოდა.

ჩემპიონატის თბილისისთვის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მონაწილეობა არ მიიღო მოსკოვში გუშინ დასრულებულ `პრეზიდენტის თასის~ საერთაშორისო ტურნირში. ესაა გუნდური შეჯიბრება, სადაც ევროპის რვა საუკეთესო გუნდია
მიწვეული, რუსებმა კი ჩვენი ფედერაციის დასჯა პრესტიჟული ტურნირის ჩამორთმევით გადაწყვიტეს. იაქური სამბოს მესვეურნი არც მალავდნენ, რომ ამის შესახებ პოლიტიკური დაკვეთა მიიღეს მათი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისგან, მაგრამ სამართალმა ამ რუსულ სპორტის სახეობაშიც კი იზეიმა. საბედნიეროდ, პრეზიდიუმზე ნეიტრალური ქვეყნების უმეტესობამ იაძის პოზიცია გაიზიარა და რუსებს უსამართლო სურვილი არ გაატანინეს.

მსოფლიოს პირველობა თბილისის სპორტის სასახლეში კვლავაც ძველ ვადებში - 7-11 ოქტომბერს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული