28 წლის ავთანდილ ცინცაძე გუნდის ყველაზე ხანდაზმული და, შესაბამისად, გამოცდილი წევრია. მისი გამარჯვება ცოტა მოულოდნელია, რადგან ბევრი დაიკლო - ადრე 57 კილოგრამში გამოდიოდა, თუმცა არცთუ იშვიათად 62-შიც ჭიდაობდა. წონის შეცვლის საჭიროების წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა უშანგი კუზანაშვილმა 52-დან 57-ში გადაინაცვლა.
ცინცაძემ ამ შეჯიბრებისთვის 8 კილოგრამზე მეტი
ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითია - 65 ქვეყნის 450 ათლეტი გამოდის, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟი მსოფლიოს სამ კონტინენტზე გადაიცემა. ცხადია, სამოყვარულო სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ვასილი შესტაკოვი ასეთი შთამბეჭდავი ციფრებით ფრიად კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს სამბოსადმი ინტერესისა და გეოგრაფიის გაზრდას. მონაწილეთა ასეთი რაოდენობა განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო წლების კლების ტენდენციის ფონზე. მსოფლიოს ჩემპიონატში პირველად გამოდიან თურქეთის, არგენტინის, ჩილეს, მექსიკის, ნეპალის, ერაყის, მავრიტანიის და სენეგალის გუნდები.
სავიზო პრობლემების გამო ვილნიუსში ვერ ჩავიდნენ ავღანეთისა და იემენის ნაკრებები, ხოლო სირიელები მათ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა შეაფერხა. შესტაკოვი გეოგრაფიის ასეთ გაფართოებას სამბოს მესვეურთა მიერ აღებულ სწორ გეზს უკავშირებს.
ლიტვა პირველად მასპინძლობს ამ რანგის ტურნირს სამბოში, საორგანიზაციო კომიტეტს კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას პალაიტისი ხელმძღვანელობს. მას მთავარ მონაპოვრად ის მიაჩნია, რომ ლიტვას ასეთი შეჯიბრების ჩატარება ანდეს, რასაც იქაური სამბოს ფედერაციის თავკაცი ედუარდას რუდასიც ეთანხმება.
"ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მოსახლეობა სულ 3 მილიონია, სამბოში კი დაახლოებით 1000-მდე კაცი ვარჯიშობს" - აღნიშნა რუდასმა. მისი თქმით, თუნდაც 1 ოქრო მათთვის დიდი წარმატება იქნება, ისე კი 3-4 მედალს გეგმავენ. იქაურთა მთავარი იმედი საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სერგეი გრეჩიხი (68) ყოფილა. რუდასის თქმით, ამ ტურნირის შემდეგ ლიტვაში სამბოსადმი ინტერესი გაათმაგდება.
დღეს ვილნიუსის "სიმენს არენაზე" ვაჟებიდან კუზანაშვილი, კახა მამულაშვილი (74) და ლომერ ჟორჟოლიანი (100) იჭიდავებენ, ქალებიდან - შორენა შარაძე (64) და ირინა ლეონიძე (80). ხვალ ლეიბზე დავით სვიმონიშვილი (62), ნიკოლოზ კუცია (82) და დავით ლორიაშვილი (+100) გავლენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"