გოგონათა ტურნირში ახალგაზრდებში დარინა აბულაძე (48), შორენა შარაძე (63), ნინო ოძელაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78) გამოვლენ, უმცროს ასაკში - ცირა აბულაძე (48), ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78).
როგორც გუშინ სპორტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების თავკაცმა ოლეგ იაძემ განაცხადა, ახლა ძირითადი საზრუნავი სტუმართა დახვედრა-დაბინავებაა, რადგან სხვა საკითხები მოგვარებულია. თუმცა არ იფიქროთ, დახვედრაზე რაიმე პრობლემები იყოს - ტრანსპორტი თუ დამხვედრთა ვინაობა ზუსტადაა გაწერილი და სტუმრების ჩამოსვლას ელოდებიან. ისინი ყველა წვრილმანს ითვალისწინებენ, რაც კი მათ უცხოეთში პრობლემად დახვედრიათ და ცდილობენ, იგივე აქ ჩამოსულებსაც არ შეექმნათ. მობილიზებულია სათანადო სამსახურები, რათა სპორტსმენები აეროპორტში დიდხანს და გაუმართლებლად არ დააყოვნონ. სტუმართა ორგანიზებულად დახვედრაზე მავან ტურისტულ ფირმასაც უზრუნია, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ბევრ გუნდს მასპინძლებისთვის ჯერ კიდევ არ უცნობებია, რომელ საათზე ჩამოდიან. ამის მიუხედავად, ჩვენები მაინც მზად არიან საიმისოდ, რათა პრობლემა არავის შეექმნას და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებენ. ასევე მოგვარებულია ტრანსპორტის, დაცვის, სასტუმროების და სხვა აუცილებელი საკითხები. ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, მონაწილეებს ღირსეულად უმასპინძლოს და საქართველო კარგად წარმოაჩინოს - ეს ჩემპიონატი ხომ ჩვენი ქვეყნის ერთგვარი რეკლამაცაა.
ფინანსურ საკითხებზე საუბრისას იაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მისამართით, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ძირითადად მის მიერ გამოყოფილი 100 ათასი ლარით ტარდება. ამასთან, აღნიშნა ისიც, რომ დედალაქის მერიამ დანაპირები ბოლომდე არ შეასრულა. ამ თანხებს ფედერაციამ საკუთარი ძალებით მოძიებული 20 ათასი ლარიც დაამატა, თუმცა თანხები სარეკლამო კამპანიისთვის მაინც არ ეყოთ. ტურნირის ჩატარებაში სამბისტებს სპორტის სასახლის ახალი ხელმძღვანელობაც დიდად დაეხმარა, რომელმაც იჯარის საფასურში სერიოზული შეღავათი გაუწია. სიტყვა სამადლობელზე მიდგა და თავისი წილი პატივი საერთაშორისო ფედერაციასაც მიაგეს, რომელმაც თურმე ჩვენს ფედერაციას ბაზის სარემონტოდ თანხა გამოუყო. შეგახსენებთ, რომ სამბისტებს ვაკეში მდებარე ძიუდოისტთა დარბაზი გადასცეს, რომელსაც რემონტი სჭირდება. თურმე საერთაშორისო ფედერაციას მსგავსი დახმარება აქამდე არასოდეს არავისთვის გაუწევია. მათი მხრიდან ეს მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო, ამის დასამტკიცებლად იაძემ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლატვიელი ანდრეი ბირიუკოვიც დაიმოწმა - ის ადრეც იყო ჩამოსული საორგანიზაციო საკითხების მოსაწესრიგებლად. ბირიუკოვი და საერთაშორისო ფედერაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბელარუსი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი ლეონიდა კოზლოვსკაია უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფებიან.
წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 30-35 ქვეყანას ელოდებიან, თუმცა გუშინ, შუადღისთვის მხოლოდ 18 განაცხადი იყო მოსული. კონკრეტული გუნდებიდან უზბეკეთი და სომხეთი უკვე სამი დღეა, თბილისში ვარჯიშობენ. იაძის თქმით, ჩვენი გუნდების პროგრამა-მაქსიმუმი ორივე ასაკში გუნდური პირველობის მოგებაა, პროგრამა-მინიმუმი - ერთში მაინც გამარჯვება.
ჩემპიონატი სპორტის სასახლეში სამივე დღეს დილის 10 საათზე დაიწყება. ხვალ საღამოს ბლოკი 17-ზე განახლდება გახსნის საზეიმო ცერემონიალით, რასაც ფინალური შეხვედრები მოჰყვება. მომდევნო დღეებში ფინალები 18 საათზე დაიწყება. პარასკევს ვაჟებიდან 48, 60, 75 კილოგრამის, გოგოებიდან კი 40, 52 და 65-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. შაბათს - ვაჟთაგან 52, 65, 81 და +87-ის, გოგოებიდან - 44, 56, 70 და +75-ის, კვირა დღე კი დანარჩენებს დაეთმობათ.
სპორტის სასახლეში დასწრება თავისუფალია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"