თბილისური მსოფლიო არც ისე ძლიერი გამოდგა

AutoSharing Option
დღეს, დილის 10 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველო ბოლო წლებში ძნელად, დიდი წვალებით, მაგრამ მაინც უშინაურდება პირველხარისხოვანი შეჯიბრებების მასპინძლობას, თუმცა ეს ტურნირი ერთ-ერთი გამორჩეულია. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ თავად სამბოს, როგორც სპორტის სახეობის სტატუსზე და მის შედარებაზე ოლიმპიურ საჭიდაო სახეობებთან, ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს პირველობისთვის არ გვიმასპინძლია არც ერთ სახეობაში, არც ერთ ასაკში. ევროპის ჩემპიონატებს დიდებშიც ვუმასპინძლეთ და ახალგაზრდებშიც, ძიუდომ და თავისუფალ-ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობებმა მსოფლიოზეც მიიტანეს პირდაპირი თუ ირიბი იერიში, მაგრამ მიზანს
ვერც ერთმა მიაღწია. მოჭიდავეებმა ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობის მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად დააფიქსირეს, ძიუდოისტებმა კი, რაკიღა უფროსებში ევროპა შარშან ჩაატარეს, ამჯერად მსოფლიო ამოიღეს მიზანში - ისევ უფროსებში, თუმცა მხოლოდ შესაძლებლობები დაზვერეს და რაკიღა შანსები უპერსპექტივოდ მიიჩნიეს, ბოლოს უკან დაიხიეს. ამხელა ტურნირის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად სამბისტებსაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწიეს. შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატის მასპინძლობა ბოლო თვეებში რუსეთმაც მოინდომა, რაც უფრო ქართული მხარის დასასჯელი ღონისძიება იყო – ჩვენებმა გუნდი არ გააგზავნეს მოსკოვში, "რუსეთის პრეზიდენტის თასზე", რისთვისაც სამაგიეროს გადახდა ამ შეჯიბრების ჩამორთმევით მოინდომეს. საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრების თავკაც ოლეგ იაძის რიტორიკამ გაჭრა და ტურნირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გადაურჩა.

ამ ჩემპიონატში საქართველოდან ვაჟებთან ერთად გოგოებიც გამოვლენ. მართალია, ყველა მათგანი ძიუდოისტია, რადგან სამბოში გოგოები კვლავაც არ ვარჯიშობენ, მაგრამ ეს ფაქტი ქართული სპორტის ისტორიაში ასევე ახალი ფურცელია. ოღონდ, ვაჟებისგან განსხვავებით, გოგოები არასრული გუნდებით გამოვლენ - ორივე ასაკში ხუთ-ხუთი მოჭიდავე.

ვაჟთა შორის ჭაბუკთა ნაკრებში გუნდის თავკაც ემილ რაშის გადაწყვეტილებით ლერი ჯიხვაშვილი (48), გიორგი საჩალელი (52), ლაშა გიუნაშვილი (56), გიორგი კაცია (60), გოჩა ვარძელაშვილი (65), მიხეილ ჩოხელი (70), შმაგი შარიფაშვილი (75), ბექა რატიანი (81), ალექსანდრე მილდიანი (87), სლავა რეზესიძე (+87) იჭიდავებენ, ახალგაზრდების დამრიგებელმა ბადრი ჯანიაშვილმა კი ჩემპიონატისთვის გივი ნადარეიშვილი (48), ვაჟა ლატარია (52), გენადი ჩირგაძე (57), გიორგი ტაბატაძე (62), ზვიად კაპანაძე (68), ზებედა რეხვიაშვილი (74), ვახტანგ სარაჯიშვილი (81), ზაზა დავაძე (90), არჩილ შინჯიკაშვილი (100), ლევან მუქერია (+100) შეარჩია.
გოგოებიდან ახალგაზრდებში დარინა აბულაძე (48), შორენა შარაძე (63), ნინო ოძელაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78) გამოვლენ, უმცროს ასაკში - ცირა აბულაძე (48), ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78), რომლებსაც მწვრთნელმა გია თენაძემ გუშინ თამარ მარტიაშვილი (65) დაამატა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს პირველობა ვერ გამოდგა იმდენად ძლიერი, როგორც ორგანიზატორები ვარაუდობდნენ - გუშინ, საღამოს 20 საათისთვის თბილისში 20 გუნდი იყო ჩამოსული, ორი კი წუხელ, შუაღამისას უნდა ჩამოსულიყო. ერთ-ერთი მათგანი მონგოლეთი იყო.

შეჯიბრებები დღესაც და შაბათ-კვირასაც 10 საათზე დაიწყება. დღეს, 17 საათზე გახსნის საზეიმო ცერემონიალია, ფინალური შეხვედრები კი 18 საათიდან დაიწყება. ფინალები მომდევნო დღეებშიც იგივე დროს გაჩაღდება. დღეს საჭიდაოდ ჭაბუკებში ვაჟებიდან 48, 60 და 75, გოგოებიდან 40, 52, 65კგ წონების, ხოლო ახალგაზრდა ვაჟებიდან 48, 62, 82, გოგოებიდან კი 44, 56 და 68-ის წარმომადგენლები გავლენ. ხვალ ჭაბუკებში ვაჟებიდან 52, 65, 81 და +87, გოგოებიდან - 44, 56, 70, +75-ის სპორტსმენები იასპარეზებენ, ახალგაზრდებში ვაჟებიდან - 52, 68, 90, +90, გოგოებიდან - 48, 60, 72, +80-ის. დანარჩენი წონების წარმომადგენლები კვირას იჭიდავებენ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სპროტის სასახლეში დასწრება თავისუფალია, ჩვენები კი ორივე ასაკში გუნდური პირველობის მოგებას გეგმავენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული