ჩემპიონატში 23 ქვეყნის გუნდი გამოდის. არადა, ორგანიზატორები ცოტა მეტს ელოდნენ. საბედნიეროდ, მასპინძლებმა საორგანიზაციო საკითხებსაც გაართვეს თავი და სტუმართა მიღება-დაბინავების, სასტუმროებსა თუ საშეჯიბრებო ადგილას მათ გადაადგილებაში შეფერხებები არაა, მაგრამ უშუალოდ სპორტის სასახლეში ცოტა მეტია საჭირო - არაა პრესცენტრი, აქა-იქ მედალოსანთა დროშებიც აერიათ...
მსაჯობას რაც შეეხება, ვერ ვიტყვით, რომ გვჩაგრავენ, მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც იყო იმდენად გაუგონარი არაობიექტურობა, ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცი ოლეგ იაძე ლამის ლეიბზე შევარდა, მაგრამ ამაოდ. მიკერძოების რამდენიმე შემთხვევა სხვათა შეხვედრებშიც იყო, თუმცა მთლიანობაში მსაჯობას არაობიექტური არ ეთქმის და ნამდვილად არ არის ისეთი მიკერძოება, ტურნირის ხარისხზე იმოქმედოს.
გიორგი კაციამ სულ სამი შეხვედრა გამართა და ყველა დამაჯერებლად მოიგო - ლიტველი ანდრიუს ბონდაროვასი ქულათა დიდი უპირატესობით დაამარცხა, უზბეკი სარბონ ენაზაროვი კი მტკივნეულზე დაიჭირა. ფინალში ბელარუს სიარხეი უშივეცს მხოლოდ 2:0 მოუგო და არა დიდი ანგარიშით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შეხვედრის მიმდინარეობა და გამარჯვებულის უპირატესობა ანგარიშში არ აისახება. კაცია მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდა ორთაბრძოლის მიმდინარეობას და მტკიცედ ეპყრა ხელთ სადავეები. მან ორჯერ გააკეთა თითოქულიანი გდება, მეტოქეს კი ქულის აღების ერთი რეალური შანსიც არ ჰქონია. ჩვენებურმა სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვა.
დამაჯერებლად იპირველა შარიფაშვილმაც, რომელმაც ჩემპიონატი მტკივნეულით დაიწყო - ტაჯიკ აზიმდზონ ბეგიდზონოვთან, უკრაინელ ალექსანდრ კალინჩიკს და ბელარუს ტსიმაფეი ემელიანოვს კი ქულებით აჯობა. ფინალში მისი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გიორგი კორელი იყო, რომელსაც გვარი იქაურებმა გადაუკეთეს, თორემ ისე ქარელია. თუმცა, მისი წარმომავლობა იქით იყოს, ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ შარიფაშვილმა საკმაო იოლად მოუგო - 2:0.
ჭაბუკთა ნაკრების ბრინჯაოს მედალოსანმა ჯიხვაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო მომავალ ჩემპიონთან, სომეხ გრიგორ მხითარიანთან, თუმცა მცირე სხვაობით - მეტოქემ აქტიურობით მოიგო. ამ წონაში ძალიან ცოტა მონაწილე გამოდიოდა და ჩვენებურმა სანუგეშოში პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავა - რუსი ეზენ კუიკოვი 4:1 დაამარცხა.
ღირსეული ჩემპიონი ჰყავს ახალგაზრდულ ნაკრებსაც _ სარაჯიშვილი, მაგრამ მისი მისამართით ერთი რჩევაც გვექნება - ტექნიკური მხარე ბევრად უნდა დახვეწოს. კონკრეტულად დამამთავრებელ ფაზას, გდების მომენტს ვგულისხმობთ, თორემ ილეთზე კარგად შედის. ამ მხრივ თითქოს პრობლემა არ აქვს, მაგრამ გდებას მთლად დახვეწილად ვერ აკეთებდა. ფინალში უკრაინელი იური სკრიპალი ერთხელ ჰაერშიც აიტაცა და თითქოს წმინდა მოგებას წინ არაფერი ედგა, მაგრამ უხეიროდ გადააგდო და ქულაც ვერ მიიღო. სამწუხაროდ, მსგავსი ხარვეზები იმ ორთაბრძოლაში კიდევ იყო, არადა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ლეიბზე ჩვენებური დომინირებდა, ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე გამუდმებულ წნეხში ჰყავდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას ქულის მოპოვება ნებისმიერ წამს შეეძლო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხა. არასრულყოფილი გდება, გარდა იმისა, რომ არც შენ გაძლევს ხეირს, ძალზე ხშირად შენთვისვე ხდება ხაფანგი და კონტრილეთის საფუძველი. სარაჯიშვილსაც ასე დაემართა - უკრაინელმა ერთ მომენტში მისი დაწყებული გდება დახურა და ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა ჩვენებური იმხელა უპირატესობას ფლობდა, ალბათ, შეხვედრის მიწურულს მომხდარი სავსებით ლოგიკურია - სარაჯიშვილმა ფეხი ისე ჩაუხვია მტკივნეულზე, მეტოქემ დანებების ნიშნად სასწრაფოდ დაჰკრა ხელი ლეიბს. არადა, იმ მომენტში მოვლენათა ასეთ განვითარებას თითქოს არაფერი მოასწავებდა. ეს იმდენად ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო, მეგონა, მსაჯი შეხვედრას შეაჩერებდა და მეტოქეებს ჩოქბჯენიდან წამოაყენებდა, მაგრამ სარაჯიშვილმა მოვლენებს წამიერად დაასწრო. ფინალი მის მიერ წმინდად მოგებული ერთადერთი შეხვედრა იყო - მას ქულების მოპოვება სხვა შეხვედრებშიც გაუჭირდა და დიდი მარაგი არც სხვებში დაუგროვებია. წინასწარ შეხვედრებში მან ბელარუსი ალექსეი კუშნირი, ყაზახი მარეკ ტურაშევი და რუსი დინარ შაფიგულინი დაამარცხა.
ალბათ, გუშინდელი შეხვედრებიდან მსაჯებმა თუ ვინმე დაგვიჩაგრეს, უპირველესად - ნოზაძე მომავალ ფინალისტთან, ყაზახ ბაღდატ ზარილგასოვთან. ეს შეხვედრა ჩვენებურმა 1:2 დათმო, მანამდე კი ქულებით დამაჯერებლად მოუგო უზბეკ სიროზიდინ ობიდოვს, იაპონელ ტაკამიცუ მაცუის და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ტაჯიკ კარიმდოდ უბაიდოვთან.
გუშინ რუსებთან ერთადერთი შეხვედრა ნადარეიშვილმა დათმო - მომავალ ჩემპიონ სერგეი ივანოვთან. გუშინვე ერთმა ჩვენებურმა ქალთა ტურნირშიც იჭიდავა, მაგრამ უშედეგოდ - ნინო მარტიაშვილი ძირითადში ესტონელ ნატალია რაკისთან დამარცხდა, სანუგეშოში - მოლდოველ დორინუ მიხაილოვიჩთან.
დღეს ჭაბუკებში ჩვენგან გიორგი საჩალელი (52), გოჩა ვარძელაშვილი (65), ბექა რატიანი (81), სლავა რეზესიძე (+87), სოფო ბერიძე (56), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+75) იჭიდავებენ, ახალგაზრდებში - ვაჟა ლატარია (52), ), ზვიად კაპანაძე (68), ზაზა დავაძე (90), ლევან მუქერია (+100), დარინა აბულაძე (48), ნინო ოძელაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78), დანარჩენები კი ხვალ იჭიდავებენ.
კვარცხლბეკი.
ჭაბუკები. 48 კგ. 1. გრიგორ მხითარიანი (სომხეთი), 2. ზტსკენბი ბოლატბაევი (ბელარუსი), 3. ლერი ჯიხვაშვილი (საქართველო), ტუგულდორ ერდენეცი (მონღოლეთი).
60 კგ. 1. გიორგი კაცია (საქართველო), 2. სიარხეი უშივეცი (ბელარუსი), 3. სარბონ ენაზაროვი (უზბეკეთი), არტურ ტე (ყაზახეთი).
75 კგ. 1. შმაგი შარიფაშვილი (საქართველო), 2. გიორგი კორელი (რუსეთი), 3. ტსიმაფეი ემელიანოვი (ბელარუსი), მკხერ კარაპეტიანი (სომხეთი).
ახალგაზრდები. 48 კგ. 1. სერგეი ივანოვი (რუსეთი), 2. ფუენტეს კასტელანოსი (ვენესუელა), 3. გივი ნადარეიშვილი (საქართველო), ალი გიულიევი (აზერბაიჯანი).
62 კგ. 1. ვაე ტუტხალიანი (ბელარუსი), 2. ბაღდატ ზარილგასოვი (ყაზახეთი), 3. გიორგი ტაბატაძე (საქართველო), ვუგარ მამადოვი (აზერბაიჯანი).
82 კგ. 1. ვახტანგ სარაჯიშვილი (საქართველო), 2. იური სკრიპალი (უკრაინა), 3. დინარ შაფიგულინი (რუსეთი), სუნნატულა აზიზოვი (უზბკეთი).