შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებიც ძლიერი შემადგენლობით გაემგზავრა. ჩვენმა ფალავნებმა ხუთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისის გზაზე. კონტინენტის ჩემპიონატი კი იტალიაში 17-21 მაისს შედგება.
სამბოს ნაკრები ბაკურიანშია შეკრებაზე. გუნდის თავკაც ჯონდო მუზაშვილს სწორედ იქ შევეხმიანეთ.
- ხარლამპიევის ტურნირზე ხუთიდან ხუთი წაგებული ფინალი ბევრს, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოეჩვენა და
- მესმის ქართველი გულშემატკივრის, ეს კითხვებიც მათ, ალბათ, ლოგიკურად გაუჩნდათ. მსაჯობის დონემ ნამდვილად ვერ დამაკმაყოფილა.
საერთოდ, ჩვენს სამბისტებს მუდამ ვაფრთხილებ, რომ არენაზე გასულებმა მოწინააღმდეგესაც უნდა აჯობონ და მსაჯებსაც.
განსაკუთრებით, მძიმე წონის ფინალმა გამიჩინა პროტესტი. ონისე ბუღაძის და რომან მიხალჩენკოს (რუსეთი) საჩემპიონო დაპირისპირების დასრულებამდე 15 წამი რჩებოდა, როცა არბიტრებმა შეხვედრა გააჩერეს და ერთი წუთის წინ გაკეთებულ გდებაზე მიხალჩენკოსთვის ქულების იმ ოდენობის მინიჭება გადაწყვიტეს, რაც მას გაამარჯვებინებდა (!).
უნდა აღვნიშნო, რომ ხუთიდან ოთხი ფინალი რუსთან წააგეს ჩვენმა სამბისტებმა, ერთი - ყაზახ სპორტსმენთან.
სხვათა შორის, გივი ნადარეიშვილის (52) მარცხი ყაზახ ბეიმბეტ კანჯაროვთან დასანანი გამოდგა, რადგან გივიმ თავისი უპირატესობა გამოუცდელობის გამო წყალში გადაყარა.
კიდევ ერთმა ფინალისტმა უშანგი კუზანაშვილმა 57 კგ-დან 62-ში ახლახან აინაცვლა და მისგან ჯერჯერობით ოქროს მედლის ვერმოპოვება ტრაგედია ნამდვილად არაა. ცოტა ხანში ადაპტაციის ეტაპი გაივლის და მას ისევ ვიხილავთ კვარცხლბეკის უმაღლეს მწვერვალზე.
საზოგადოდ, ამ შეჯიბრებაში ქართველთა გამოსვლა მაინც დადებითად მინდა შევაფასო, რადგან ხარლამპიევის მემორიალი მუდამ წარმომადგენლობითია.
ზუსტად ვერ გეტყვით სტატისტიკას, მაგრამ შესაძლოა ამდენი მედალი ამ ტურნირზე უწინ არც მიგვიღია.
- აღნიშნული შეჯიბრება ალბათ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. კიდევ რას გეგმავთ მაისში გასამართ კონტინენტის ჩემპიონატამდე?
- დაგეგმილი გვაქვს სამი შეკრება. ერთს ამჟამად გავდივართ. აქ კონტინენტის პირველობაზე საასპარეზო სავარაუდო შემადგენლობის დიდი ნაწილია წარმოდგენილი. ახლანდელი შეკრება მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშებისგან შედგება. მომდევნო იქნება დუშეთში, ხოლო მესამე შეკრებას სად ჩავატარებთ, მოგვიანებით გადაწყდება.
აჯობებს, თუ ერთობლივ წვრთნებს გავმართავთ რომელიმე გუნდთან. ამ ეტაპზე სომხეთის ნაკრებმა შემოგვთავაზა ერთობლივი შეკრება, რაზეც დავფიქრდებით და გადავწყვეტთ. გარდა შეკრებებისა, დაგეგმილია საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაც.
- ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა როდის გახდება ცნობილი?
- ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცხრა დღით ადრე დაგეგმილი გვაქვს საკონტროლო შეხვედრები და შემადგენლობაც სრულად მაშინ გახდება ცნობილი.
- ნაკრების დაკომპლექტებისას გარკვეული უპირატესობა მიენიჭება საქართველოს პირველობაში გამარჯვებულებს?
- გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ასე იქნება, ოღონდ მერწმუნეთ, არც ერთ სპორტსმენს არ ექნება ჩვენი მხრიდან არაობიექტური დამოკიდებულების განცდა.
- ბოლო წლებში ხშირად ლაპარაკობენ, რომ ნაკრებში სამბისტი ცოტაა და გუნდი ძირითადად ძიუდოისტებით კომპლექტდება...
- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ გადავხედავთ, მაგალითად, იმავე არკადი ხარლამპიევის მემორიალზე გამოსულ შემადგენლობას, ან სულაც ამჟამად შეკრებაზე მყოფ გუნდს, აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ სამბისტები არიან.
- თქვენ, ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს დგამთ საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. როგორ შეაფასებდით განვლილ ეტაპს?
- აქტიური კარიერის შემდეგ, მოგეხსენებათ, ვმუშაობდი მწვრთნელად გარკვეული პერიოდი, მაგრამ ეს სულ სხვაა. სასიამოვნოა, როდესაც ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობას გაბარებენ. მთელი მონდომებით ვარ ჩართული საქმიანობაში და ვიმედოვნებ, წარმატებული იქნება ჩემი მუშაობა. გუნდი ძალიან კარგი სამბისტებითაა დაკომპლექტებული, მათ ბევრი შეუძლიათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს სამბისტთა ნაკრების ახალი მწვრთნელი იმედიანად იწყებს