ქართველი სამბისტები მსოფლიო პირველობაზე გამოვლენ

AutoSharing Option
ხვალ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს: უშანკი კუზანაშვილი (52), ავთანდილ ცინცაძე (57), დავით სიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ლევან წიკლაური (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ალექსი დავითაშვილი (+100).

ჩვენები ორ ეტაპად გაემგზავრნენ უზბეკეთში - 31 ოქტომბერს ემილ რაშის ხელმძღვანელობით კუზანაშვილი, სიმონიშვილი, მამულაშვილი, ბოდაველი და დავითაშვილი წავიდნენ, რადგან ესენი ხვალ ჭიდაობენ, დანარჩენები კი ნაკრების თავკაც ოლეგ იაძესთან ერთად წუხელ წავიდნენ ბაქოში, იქიდან კი დღეს გადაფრინდებიან ტაშკენტში. ასე ორ
ნაწილად გამგზავრების მიზეზი უფულობა და უზბეკეთთან გართულებული სატრანსპორტო მიმოსვლაა. მოგეხსენებათ, მოსკოვის გავლით წასვლა ლამის შეუძლებელია, ახლო-მახლო კი იმ მიმართულებით ყველაზე მოსახერხებელი ბაქოდან გადაფრენა იყო, ოღონდ იქიდანაც ოთხ დღეში ერთხელაა რეისები. ხვალ გამოსასვლელი ხუთეული ბაქოდან დღეს გადაფრენის შემთხვევაში აწონვას ვერ უსწრებდა და ისინი ადრე გააგზავნეს, მაშინვე ყველას ერთად წასვლა კი ხარჯებს ზრდიდა და მეორე ჯგუფი ამიტომ გაემგზავრა ასე გვიან.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი 5-7 ნოემბერს ტარდება, შარშან კი ჩვენებმა ანალოგიურ პირველობაზე 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ კუცია (82) და მინდია ბოდაველი გახდნენ, მესამე საპრიზო ადგილებზე კი კუზანაშვილი და პავლიაშვილი გავიდნენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული