სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უჩემპიონოდ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედლის გარეშე დაამთავრა გამოსვლა ტაშკენტში ჩატარებულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ოლეგ იაძის შეგირდთა მონაგარი სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს დავით სვიმონიშვილი (62) ფინალში დამარცხდა, მინდია ბოდაველი (90) და ალექსი დავითაშვილი (+100) კი მესამეზე გავიდნენ. ბოლო დღეს ამ მაჩვენებელს ლევან ნახუცრიშვილმა (68) და ლევან წიკლაურმა (82) ვერცხლის მედლები შეჰმატეს. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები 22 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ რუსეთისა (34) და ბელარუსის (27) ნაკრებთა შემდეგ.

პირველი დღისგან განსხვავებით, იაძის შეგირდები ორჯერ გავიდნენ ფინალში, ორჯერ მოგვეცა ოქროს
მოპოვების შჭანსი, მაგრამ ვერც ერთხელ გამოვიყენეთ და ვერცხლს დავჯერდით. ლევან ნახუცრიშვილი პირველ წრეში მაროკოელ აბდერაჰიმ ელკარსის დამარცხების შემდეგ მასპინძელ დამირ მუჰიდოვს შეხვდა და ეს ბარიერიც წარმატებით დაძლია. ასევე უპრობლემოდ დაამარცხა აზერბაიჯანელი ნამირ სოლტანოვიც და ნახევარფინალში გავიდა. აქ მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან, ყაზახ არსენ ხატირთან მოუწია ჭიდაობამ. სხვების მსგავსად, ჩვენებურმაც ისიც ჩამოიცილა გზიდან და ფინალში ბელარუს დმიტრი ბასილევთან საჭიდაოდ გავიდა. სამწუხაროდ, შეხვედრის პერიპეტიებზე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ ნახუცრიშვილი და ვერცხლს დასჯერდა.

ფინალამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა წიკლაურის შემთხვევაშიც. ის პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი საკმაოდ ძლიერი ბელარუსი მაგომედ აბდულგანილოვი დაამარცხა. ასევე ძლიერი და უხერხული იყო მომდევნო მეტოქეც - მონგოლი ტუვშინჯარგალ განიც, მაგრამ ამასაც აჯობა და ნახევარფინალში - აზერბაიჯანელ ელმადინ აჰმადოვსაც. თუმცა ჩვენებურს ყველაზე ძლიერი მეტოქე მაინც ფინალში ელოდა - რუსი რაის რახმატულინი და ვერც წიკლაურმა იყაჩაღა. როგორც უცხოურ ფორუმებზე წერენ, შეხვედრა რუსის აქტიურობით მიმდინარეობდა და დამთავრებამდე 40 წამით ადრე მტკივნეულით მოიგო.

ტაჯიკთა მიერ მოპოებული ორი ვერცხლიდან ერთი ნაბიმუხამად კორკაშევის (100) მონაგარია, რომელმაც ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი იმედიც შეიწირა - მეორე წრეში მირიან პავლიაშვილი დაგვიმარცხა. ჩვენებური მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორია, უფრო ადრე მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა და ახლაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, პირველ წრეში ისვენებდა კიდეც, მაგრამ ტაჯიკთან ვერას გახდა. მოგვიანებით სანუგეშოშიც დათმო შეხვედრა - მასპინძელ ოლიმ კუდაიკულოვთან და მეშვიდეზე დარჩა.

შაბათს კიდევ ერთი ქართველი ჭიდაობდა - ავთანდილ ცინცაძე (57). ის ჩემპიონატში წარმატებით კი ჩაერთო - ტაჯიკი ოლიმ ზუკაევი დაამარცხა, მაგრამ იქვე მომავალ ჩემპიონთან, ყაზახ ერბოლატ ბაიბატუროვთან წააგო და სანუგეშოში გადაერთო. სამწუხაროდ, იქ პირველივე შეხვედრა წააგო მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან, რუს სერგეი იალუშევთან და ესეც მეშვიდეზე დარჩა.

რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ინტერნეტში უკვე შედარებით მეტი ინფორმაცია გაჩნდა, პირველ დღეს მოასპარეზე ჩვენებურთა ორთაბრძოლებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მსოფლიოს ექსჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (52) პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ბელარუს ანდრეი კურლიპასთან წააგო და მერე არც სანუგეშოში ჩართვის საშუალება მისცემია. სვიმონიშვილს მხოლოდ ცენტრალური აზიის წარმომადგენლებთან, ანუ ყოფილ პოსტსაბჭოელებთან მოუწია პაექრობამ - პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ყირგიზი ნურლან ერალიევი და უზბეკი ჯონიბეკ მუკუმოვი დაამარცხა, ფინალი კი ყაზახ აზამატ მუკანოვთან წააგო. კახა მამულაშვილი (74) ნახევარფინალში გავიდა - თავიდან ესეც ისვენებდა, მერე კი ყაზახი მადი კურიმბაევი და ტაჯიკი სულაიმონ სულაიმონოვი დაჯაბნა. ნახევარფინალში ჩვენებური ბელარუს ალექსეი რამანჩუკთან დამარცხდა, რომელმაც შემდეგში ფინალი სომეხ აშოტ დანიელიანთან წააგო. სამწუხაროდ, ვერც ჩვენებურმა მოიგო ბრინჯაოსთვის შეხვედრა მასპინძელ შურატ ბობოევთან და მეხუთეზე დარჩა.

მსოფლიოს მომავალ ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა მინდია ბოდაველი, რომელსაც ასევე მხოლოდ ცენტრალური აზიის ფალავნებთან მოუხდა პაექრობა. მან პირველივე წრეში ტაჯიკ აბუბაქარ ზოიროვთან წააგო. სამაგიეროდ, მოგვიანებით იყოჩაღა სანუგეშოში - ყაზახ ორეს ზოლმაგომედოვთან და უზბეკ აკობირ ყურბანოვთან, რითაც ბრინჯაოს მოიპოვა. ალექსი დავითაშვილმა მას შემდეგ, რაც გერმანელი პეტერ რებჩერი დაამარცხა, მტკივნეულით წააგო რუს ვიტალი მინაკოვთან. ეს უკვე ნახევარფინალში მოხდა და ამით პირდაპირ სანუგეშოს ფინალში გადავიდა, სადაც საყურადღებო გამარჯვება მიითვალა - იმავე მინაკოვის მიერ ძლეული ბელარუსი, ძიუდოში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იური რიბაკი დაამარცხა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული