ვახტანგ ჩიდრაშვილი ადრე შევახვედრეთ "ლელოს" მკითხველს. ამჯერად ლევან ნახუცრიშვილია ჩვენი რესპონდენტი.
- დავიბადე 1989 წლის 13 ივლისს, თბილისში, სანზონაში.
- რატომ აირჩიე სამბო და არა სხვა სპორტის სახეობა?
- საერთოდ ჭიდაობა მომწონდა როგორც ვაჟკაცური სპორტი. ვარჯიში 9 წლისამ დავიწყე ძიუდოში. მწვრთნელ ტარიელ ცინცაძესთან ნაძალადევში "ლოკომოტივის" სპორტდარბაზში, იქ მეზობელმა მოჭიდავემ, გოჩა ბერაძემ მიმიყვანა. სხვათა შორის, მამაჩემი დავით ნახუცრიშვილიც ჭიდაობდა, ოღონდ "თავისუფალში"...
- ძიუდოში თუ გქონდა წარმატებები?
- პირველი მედალი სწორედ ძიუდოში, ჯიბილო ნიჟარაძის მემორიალურ ტურნირზე მოვიპოვე 29 კგ-ში. მერე საქართველოს ჩემპიონიც გავხდი ჭაბუკებში, ახალგაზრდებში - პრიზიორი. 2006 წლიდან სამბოში მოვსინჯე ძალა. შიგადაშიგ ძიუდოშიც გამოვდივარ. მაგრამ ძირითადად სამბოში დავრჩი.
- ევროპის და მსოფლიოს პირველობების შედეგებს თუ შევადარებთ, მსოფლიოზე გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი გაქვს.
- კი, ასეა. 2009 წელს, მაგალითად, ახალგაზრდებში ევროპაზე მეორე ვიყავი, მსოფლიოზე - პირველი. შარშანაც ევროპაზე უმედლოდ დავრჩი, მსოფლიო კი მოვიგე. 2010 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორივეგან მეორე ვიყავი. მსოფლიოზე ფინალი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონთან, ბელარუს დიმიტრი ბაზილევთან წავაგე. ევროპის ფინალი კი რუს - დენის დავიდოვთან.
- 2011 წელს ჩავარდნები გქონდა...
- იმ წელს ევროპის ჩემპიონატი საერთოდ არ მიჭიდავია, მსოფლიოზე კი წავაგე. მიზეზი ის იყო, რომ 2010-ში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, დიმიტრი ბაზილევთან ორთაბრძოლისას მარჯვენა ხელზე მყესები დამიწყდა. 2012 წელს ევროპაზე მეორე პრიზიორი გავხდი, მსოფლიოზე კი უმედლოდ დავრჩი. ჩემი აზრით, იქ დავიდოვთან უსამართლოდ წამაგებინეს (მაშინ დავიდოვი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა).
- სწორედ იმ დენის დავიდოვთან, სანკტ პეტერბურში ფინალში გადასასვლელ სკანდალურ შეხვედრაზე, გვინდა რამე თქვათ...
- დავიდოვს მესამედ შევხვდი. ორთაბრძოლის დასაწყისში პასიურობისთვის პირველი ის გააფრთხილეს. თანაბარი შერკინების დროს, როცა ვინმეს ემხრობიან, მსაჯები სწორედ ასე იქცევიან.
ასე იყო მინსკში წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2012 წელსაც. წუთ-ნახევარი იყო დარჩენილი შეხვედრის დასრულებამდე, 2:1 ვიგებდი და კიდევ ერთი გდება შევასრულე, რომელიც მსაჯებმა არ შეაფასეს. ხოლო 5 წამით ადრე შეხვედრა შეაჩერეს და ჩემი შესრულებული გდება დენისოვის სასარგებლოდ უნდოდათ ჩაეთვალათ.
მაგრამ ამ დროს გულშემატკივრებმა, რომლებიც ბლომად იყვნენ დარბაზში, საჭიდაო ლეიბზე ბოთლებისა და ჩუსტების სროლით, სტვენით და ყვირილით გამოთქვეს პროტესტი არბიტრების მიმართ. სხვათა შორის, მრავალრიცხოვან ქომაგებს შორის იყვნენ სანკტპეტერბურგელი ქართველებიც. მსაჯებმა ვეღარ გაბედეს უსამართლო გადაწყვეტილების მიღება და გავიმარჯვე. ფინალში კი ბულგარელ მარტინ ივანოვს ვაჯობე და 21-ე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი სამბოში.
- რა შეიცვალა სამბოში?
- ადრე თუ ნახევრად ცარიელ დარბაზებში ტარდებოდა საერთაშორისო შეჯიბრებები ახლა დარბაზები ივსება. სანკტ პეტერბურგში კი 75 ქვეყნის წარმომადგენლები ჭიდაობდნენ...
- წონის შენარჩუნებაზე რას იტყვი?
- დაზუსტებით არ ვიცი, როდის, მაგრამ სამომავლოდ ზედა ზონაში (74 კგ) გადასვლას ვგეგმავ.
- მსოფლიოს ჩემპიონი გახდი, კიდევ რას აპირებ?
- სამბო ჯერჯერობით არაოლიმპიურია და ყველაზე დიდი ტიტული აქ მსოფლიოს ჩემპიონობაა. კიდევ ვაპირებ ჩემპიონობას. სამბოს გარდა, ძიუდოსაც და ქართულსაც კვლავ ვიჭიდავებ. სხვათა შორის, სათუთად ვინახავ იმ თასს, 2009 წელს სოფელ წეროვანში საუკუნოვანი მუხების ჩრდილში ნახერხმოყრილ მოედანზე რომ გადმომცეს - ქართულ ჭიდაობაში საუკეთესო გდებისათვის...
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"