ნავსი მხოლოდ გაზაფხულზე ესპანეთში (ქ. კასერესი) გატეხეს, როცა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური პირველობა მოიპოვეს და 10 ქულით გაუსწრეს მეორეადგილოსან რუსეთს.
გასულ უქმეებზე კი კვიპროსის საკურორტო ქალაქ ლიმასოლში უმცროსი ასაკის ჭაბუკთა, ანუ კადეტთა მსოფლიო I პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა კვლავ მეორე ადგილი მოიპოვეს, ისევ და ისევ რუსეთის შემდეგ. მესამეზე უკრაინელები გავიდნენ.
ეს იყო პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 15-16 წლის ასაკის
ლიმასოლის "სტელიო კიპრიანოს" სპორტის სასახლეში ქართველი სამბისტების გასამხნევებლად მივიდნენ საქართველოს საელჩოს კონსული კვიპროსში მარიამ ალფაიძე და ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე კუნძულ კვიპროსზე მევლუდ ყაფლანიშვილი.
ამ პირველ მსოფლიოს პირველობაზე ჩვენი კადეტი სამბისტები დააფინანსეს: დედოფლისწყაროს, დმანისის, ზესტაფონის, თიანეთის, ლენტეხის, ლაგოდეხის, გორის, ქარელის მუნიციპალიტეტებმა და აჭარის სპორტის დეპარტამენტმა. სწორედ ამ რაიონებიდან და ქალაქებიდან არიან ჩვენი ნაკრების წევრები.
ვაჟები წარმოდგენილნი იყვნენ ათივე წონით კატეგორიაში, ერთი მონაწილე იბრძოდა გოგონათა შორის. საბოლოოდ, მხოლოდ სამი სპორტსმენი დარჩა მედლის გარეშე. რვა მედალი მსოფლიოს პირველობიდან ურიგო მიღწევა არ უნდა იყოს, მაგრამ ამ რვიდან არც ერთი არ არის პირველი ხარისხის. არადა, ოქროს მედალთან, სულ მცირე, სამი მათგანი სულ ახლოს იყო...
კვიპროსში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა საბა გრიგალაშვილი (50 კგ).
მსოფლიოს პირველ პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილები მოიპოვეს: დათუნა ფილფანმა (46 კგ), თენგიზ ჩიტაურმა (60 კგ), გოგა ქევხიშვილმა (72 კგ), იმედა გოგოლაძემ (78 კგ), ომარ საურმა (84 კგ) და ნიკა სიდამონიძემ (+84 კგ).
ჩვენმა ერთადერთმა სამბისტმა გოგონამ, ნინო მგელაძემაც (52 კგ) მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
ოქროსმედალოსანთა შორის ერთი ქართველი მაინც მოხვდა - ვასილ ბალაბანაშვილი (78 კგ), რომელიც თბილისში ცხოვრობს და ვარჯიშობს (სამბოსა და ძიუდოში (?!) კვიპროსში კადეტთა შორის მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი საბერძნეთის სახელით მოიპოვა, რადგან მას საბერძნეთის მოქალაქის პასპორტი აქვს და ქ. სალონიკში ცნობილი "ფილიპოს ამინდეოს" სპორტული კლუბის წევრია...
ჩვენი რვა მედალოსნიდან უმრავლესობა პირველად იყო სამბოს საერთაშორისო შეჯიბრებაზე. გვჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ისინი მეტი წარმატებით გამოვლენ. რაც შეეხება ჩვენს ძირითად და მუდმივ მეტოქეს - რუსეთის ნაკრებს, მათ ჩვენზე გაცილებით მეტი საშეჯიბრო გამოცდილება და სახსრები გააჩნიათ.
მსოფლიოს პირველობის პარალელურად, იქვე გაიმართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრეს ანტიდოპინგის ახალ პროგრამაზე, რომელიც 2015 წლიდან იწყებს ამოქმედებას.
ხმელთაშუა ზღვის საკურორტო ქალაქ ლიმასოლში, პარალიას საკმაოდ გრძელ ქუჩაზე ორ ქართულ რესტორან "ტიფლისზე და "კინტოზე" რომ არაფერი ვთქვათ, მის ძველ უბანში, იმეთფასიას ქუჩაზე, არის ქართველთა სალოცავი - ლიმასოლის წმინდა მამაის ქართული ეკლესიაც, სადაც კვიპროსში ჩასული ქართველები ხშირად იკრიბებიან ხოლმე.
ქართველ კადეტ სამბისტთა ნაკრებს კვიპროსში გუნდური მეორე ადგილისთვის ვერცხლის თასი გადასცეს.
კადეტთა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის დასრულებისთანავე ლიმასოლში იმავე ხალიჩაზე ჩატარდა მსოფლიოს თასი (პირადი) სტუდენტ სამბისტთა შორის.
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"