შეჯიბრებას ქალაქმა ურალსკმა უმასპინძლა, სადაც ოთხი ქართველი ჭიდაობდა. ამ კვარტეტის მონაგარი თითო ოქრო და ბრინჯაოა. ტურნირის ჩემპიონი გარდაბნელი ბექა იმერლიშვილი (68) გახდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში მასპინძელი აიბეკ გაბდეშევი დაამარცხა, მერე აზერბაიჯანელ ნამიგ სულთანოვს სძლია, ნახევარფინალში რუს ალექსანდრ შოკუროვსაც მოუგო, ფინალში კი კიდევ ერთი რუსი, მახატ ნურალიევი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედალი ხაშურელმა დიმიტრი მულაძემ (52) მოიპოვა, რომელსაც უშანგი კუზანაშვილის შემცვლელად მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონმა კუზანაშვილმა წლეულს წონა შეიცვალა და ზევით გადაბარგდა, უმჩატეს წონაში კი ნაკრების უმთავრეს იმედად მულაძე იქცა, რომელსაც ყაზახეთში ურიგოდ არ უჭიდავია.
სამბისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 12-16 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება. იმ შეჯიბრებისთვის მზადების ფარგლებში ჩვენები 18-20 თებერვალს მინსკში უკვე იქაური უცვლელი პრეზიდენტის - ალექსანდრ ლუკაშენკოს სახელობის მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე იჭიდავებენ. ევროპამდე ჩვენი ნაკრების გეგმაში კიდევ ერთი შეჯიბრებაა - 26-28 მარტს მოსკოვში ”პრეზიდენტის თასად” წოდებული სამბოს დამაარსებელ ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს სუპერთასი ტარდება, მაგრამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ქართველი სპორტსმენები რუსეთის ტერიტორიაზე გამართულ ტურნირებში თითქმის არ მონაწილეობენ. მით უფრო - ასეთი სახელწოდების მქონე შეჯიბრებებში ანუ, რაც იქაური პრეზიდენტის სახელს ატარებს. ამიტომ მოსალოდნელია, არც სამბისტები დააფინანსონ იქ წასასვლელად და ამათაც გეგმების შეცვლა მოუწიოთ. ევროპამდე ჩვენები მეტ ტურნირში გამოსვლას არ გეგმავენ. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ ორ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, რაც ფრიად კარგი იქნება მათთვის.
ევროპის პირველობისთვის ემზადებიან ახალგაზრდა და ჭაბუკი სამბისტებიც. მოგეხსენებათ, ეს შეჯიბრება მათთან ერთდროულად ტარდება ორივე ასაკში, წლეულს კი მას 16-20 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს. ჩვენი მოზარდებისთვის მთავარი საევროპო შეჯიბრება საქართველოს ჩემპიონატი იქნება, რომელსაც 2-5 მარტს ჭაბუკები გამართავენ, ზუსტად ერთ კვირაში - ახალგაზრდები. სწორედ ამ პირველობაზე გამოიკვეთება ძირითადი ბირთვი ორივე ნაკრებისთვის, კანდიდატთა საბოლოო შერჩევა კი საერთაშორისო ტურნირებზე მოხდება.
.