ლიმიტი გაგამარუმაც ამოწურა

AutoSharing Option

ნაგოიას ბაშოზე კიდევ ერთმა ქართველმა ამოწურა წაგებათა ლიმიტი - ელიტის დებიუტანტ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მომდევნო გამარჯვება რანგში დააქვეითებს, თუმცა ელიტაში ადგილს მაინც შეუნარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ დღეისათვის აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა. გუშინ მონღოლმა ტამავაშიმ ყველაზე მძიმე ელიტელის მხარი დაიჭირა და ისე განახორციელა სუკუინაგე. გაგამარუს 5-7 ბალანსი აქვს. დღეს მისი მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა იოშიკაძეა (3-9). ეს შეხვედრა 177 სმ სიმაღლის იაპონელისთვის აღარაფერს წყვეტს, გაგამარუ 28 წლის სუმოისტს პირველად შეერკინება.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) კარგად დაიცვა თავი კაკიძოეს შეტევებისგან, "შავი ზღვა" შეეცადა, რკალს

იქით არ გასულიყო და ეს შეძლო კიდეც. ქართველს 6-6 ბალანსი აქვს და სამიდან ორი დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება მას რეიტინგში წაწევს. დღეს კოკაის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტოკუსეგავაა (7-5), რომელსაც ერთი მოგებაღა აშორებს კაჩიკოშის. 26 წლის მონღოლთან "შავ ზღვას" აქამდე ერთხელ უჭიდავია - წლეულს, მარტის ბაშოზე კოკაიმ ჰატაკიკომის ილეთით მოიგო.

ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ბედი წინა დღით გადაწყდა, როცა მან მე-8 მარცხი იგემა. გუშინ მისი მეტოქე "მატადორი" ამინიშიკი იყო. იაპონელმა საოცარ ბრძოლაში მოიგო, მაგრამ მუხლი დაიზიანა და გამარჯვებულისათვის განკუთვნილი ჰონორარი ასკინკილით გამოართვა მსაჯს. შესაძლოა, ამინიშიკიმ დაასრულოს ასპარეზობა ნაგოიას ბაშოზე.  ტოჩინოშინს 3-9 ბალანსი აქვს. მისი დღევანდელი მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტოკიტენკუა (7-5). ყოფილი კომუსუბი გამარჯვების შემთხვევაში, ალბათ, ტიტულს დაიბრუნებს. ლევანმა კი ზედიზედ მესამედ წააგო. ელიტაში მას 99 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მონღოლ ტოკიტენკუსთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი კომუსუბი 2:3-ს აგებს.
14 იანვრის შემდეგ არ წაუგია დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს. მას შემდეგ ნარჩევმა რიკიშებმა სცადეს მონღოლის დამარცხება, მაგრამ ამაოდ. არ გამოუვიდა ეს არც მოულოდნელად დაწინაურებულ კიტატაიკის. ჰაკუჰომ ძალიან ლამაზი გდებით დაამარცხა იაპონელი. 12-0, ასეთი ბალანსით ერთპიროვნულად ლიდერობს დიდი ჩემპიონი და მისი მძლეველი დოჰიოზე კაციშვილი არაა. მას ხვალვე შეუძლია გაიფორმოს მე-15 თასი, რომელსაც ჰაკუჰო თვალით ვერ იხილავს, რადგან იაპონიის ასოციაციამ ფსონებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ნაგოიას ბაშოზე ყველა ტიტული გააუქმა.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)
 XII
დღე: ჰაკუჰო-კიტატაიკი (კირიკაეში), კოტოშოგიკუ-ბარუტო (კატასუკაში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოოშუ-ჰომაშო (იორიკირი), ამინიშიკი-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), ჰაკუბა-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოკიტენკუ-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაკურიუ (ოშიდაში), არანი-ვაკანოსატო (იორიკირი), ტოკუსეგავა-ტაკეკაძე (ცუკიჰიზა), იოშიკაძე-ბუშუიამა (უვატენაგე), კოკაი-კაკიძოე (ჰიკიოტოში), მოკონამი-შიმოტორი (იორიკირი), ტაკამისაკარი-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ტამავაში-გაგამარუ (სუკუინაგე), ჰოკუტორიკი-კიმურაიამა (ოშიდაში), შოტენრო-საგაცუკასა (ჰატაკიკომი), სოკოკურაი-ტამაასუკა (შიტატედაშინაგე).
სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-2: ჰომაშო (მაეგაშირა 13).
9-3: კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (მ 6).
8-4: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), არანი (მ 2), ტაკამისაკარი (მ 11)... 6-6: კოკაი (მ 12)... 5-7: გაგამარუ (მ 12)... 3-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი).
XIII დღე: ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-იოშიკაძე, კოკაი-ტოკუსეგავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული