ლევან ცაგურია ისევ გავარდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, სუმოს ახალ რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) ქართველებმა მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადეს.

ყველაზე ცუდად კი საქმე ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას (კოკაი) წაუვიდა. "შავმა ზღვამ" ნოემბრის ბაშოზე 15-დან 14 ორთაბრძოლა წააგო და ის ელიტიდან ჩამოაქვეითეს. კარიერაში მეორედ ქართველი რანგით მე-2 დივიზიონში გავარდა, სადაც ძურიოს მე-4 ნომერი იქნება.

მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირობამდე ჩამოაქვეითეს. ხოლო გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დღეიდან დასავლეთის მე-10 მაეგაშირაა (მე-3 იყო). მოკლედ, იანვრის სუპერტურნირზე, რომელიც ტოკიოში 8 იანვარს დაიწყება, ქართველებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ უძლიერესებთან შერკინება,
თუ ბაშოს ორ მესამედს ლიდერთა შორის გაივლიან.

სუმოში კვლავ ერთი დიდი ჩემპიონია (იოკოძუნა) - მონღოლი ჰაკუჰო, ხოლო ჩემპიონების (ოძეკი) რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, ბარუტოს, კოტოშოგიკუს, კოტოოშუს და ჰარუმაფუჯის კისენოსატო დაემატა.

სეკივაკე ორია - კაკურიუ და ტოიონოშიმა, კომუსუბის ტიტული მიიღო ყოფილმა ოძეკი მიაბიამამ, ხოლო მეორე ამ რანგში დებიუტანტია - ვაკაკოიუ. უმაღლეს დივიზიონში 4 სუმოისტის დებიუტი შედგება, ესენია: ჩიონოკუნი, ტენკაიჰო, კიოკოშუჰო და ნინოუმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული