და მაინც, დასანანია, ამიერიდან პროფესიულ დოჰიოზე ვეღარ ვიხილავთ აფხაზეთში დაბადებულ ფალავანს, კოკაი ფუტოშის. ეს იაპონური საბრძოლო სახელია, რომელიც ბევრმა გაითავისა საქართველოში. სწორედ, კოკაის წყალობით შეუყვარდათ სპორტის ეს სახეობა საქართველოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელ ევროპაში.
ბევრმა იცის, რომ კოკაი "შავ ზღვას" ნიშნავს (ლევანმა ეს სახელი მშობლიურ სოხუმთან ასოციაციის გამო მიიღო) - ქართველი "შავი ზღვა" კი სუმოს ათასწლოვან ისტორიაში პატარა
სწორედ კოკაიმ გაგვაცნო ახლოდან ეს სამყარო, რომლითაც მანამდე ქართველთა ერთობ მცირე ნაწილი აკებონოს, თუ ძმების, ვაკანოჰანასა და ტაკანოჰანას ბრწყინვალე ასპარეზობებით ვიცნობდით. სწორედ ის გახდა პირველი (და ჯერ ერთადერთი) ქართველი, რომელმაც დიდ ჩემპიონს ანუ იოკოძუნას მოუგო, თანაც ეს ორჯერ მოახერხა.
სწორედ კოკაიმ შეძლო პირველმა ქართველთაგან სუმოს რანგით მე-4 ტიტულის - კომუსუბის მოპოვება და ის ერთადერთია ჩვენებურებში ჯერჯერობით, რომელმაც ტიტულის შენარჩუნება ერთ ბაშოზე მაინც შეძლო.
წლების განმავლობაში მასთან ინტერვიუებით კიდევ უფრო მეტი შევიტყვეთ სუმოზე, რადგან სუმო მეტია, ვიდრე სპორტი.
21 სექტემბერს 31 წლის ლევან ცაგურიამ ოფიციალურად გამოაცხადა ინტაი ანუ სუმოდან წასვლა. ლევანი საქართველოში დაბრუნდება და, როგორც იაპონურ პრესაში დაწერეს, აქ ბიზნესს მიხედავს. ყოფილ რიკიშებს იაპონიაში შეუძლიათ მწვრთნელის ლიცენზიის აღება, მაგრამ კოკაი გამონაკლისია - ის იმპერატორის ქვეშევრდომი არ არის.
"შავმა ზღვამ" საყვარელ საქმეზე უარი ასაკის გამო არ თქვა, მას გამუდმებით აწუხებდა ტრავმები; კისრის მალების, იდაყვების, მუხლის, მხარის...
ლევანი იბრძოდა, იბრძოდა, ბოლოს კი გაჩერდა... მისთვის ბოლო ბაშოზე 189 სანტიმეტრი სიმაღლის გოლიათი 165 კილოგრამს იწონიდა.
კოკაის დებუტი პროფესიულ სუმოში 2001 წელს შედგა, 11 წლის წინათ. ზუსტად სამი წლის შემდეგ ის უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში გადავიდა, ტრიუმფით გაიარა რა ჯონოკუჩის, ჯონიდანის, სანდანმეს, მაკუშიტასა და ძურიოს დივიზიონები.
2006 წლის სექტემბრის ბაშოზე მან კომუსუბის ტიტულით იასპარეზა. 2011-ში ჩვენებური ზედიზედ 7-წლიანი უწყვეტი ასპარეზობის შემდეგ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, მაგრამ ეყო ძალები და მოახერხა უკან დაბრუნება.
სამწუხაროდ, ეს დროებითი გამოდგა - ის ისევ გავარდა ძურიოში, საიდანაც კინაღამ მესამე დივიზიონში გადაინაცვლა, მაგრამ მაისის ბაშოზე ნამდვილი გმირობა ჩაიდინა - ტრავმის გამო ბაშო უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ დადებით ბალანსამდე 2 გამარჯვება აშორებდა და ბოლოს მაინც დაბრუნდა და მტკივანი ფეხით მოიპოვა ეს ორი გამარჯვება.
სამწუხაროდ, ორგანიზმა ბევრი ვეღარ გაძლო - სექტემბრის ბაშოზე ორი საწყისი ორთაბრძოლა დათმო და ბაშოს შეეშვა, ახლა კი - სპორტსაც.
დოსიე
კოკაი ფუტოში
დაიბადა: 1981 წლის 10 მარტს
სიმაღლე, წონა: 189 სმ, 165 კგ
კლუბი: ოიტეკაზე
კარიერის რეკორდი: 68 ბაშო, 446 მოგება, 458 მარცხი, 11 გამოუცხადებლობა, სულ 902 ორთაბრძოლა
ტიტულები: 1 ჯუნ იუშო (ვიცე ჩემპიონობა), 2 კანტო შო (მებრძოლი სული), 2 კინბოში (ოქროს ვარსკვლავი), ძურიოს ჩემპიონი, მაკუშიტას ჩემპიონი, სანდანმეს ჩემპიონი, ჯონიდანის ჩემპიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"