საქართველოს წარმომადგენლებმა (დელეგაციის ხელმძღვანელი - სუმოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა აბესაძე) ამ შეჯიბრებაზე ხუთი მედალი დაიმსახურეს, მათგან ორი ოქროსი და ორივე ჯილდო ბერიანიძის წილად მოდის.
მძიმე წონით კატეგორიაში მან ზედიზედ სძლია ესტონელ კრუსს, უკრაინელ ფედორენკოს, რუს ბაროევსა და გადამწყვეტ პაექრობაში თანაგუნდელ ზაზა ბალაშვილს დაუპირისპირდა.
ზაზამ უფრო იოლად - ორი მეტოქის დამარცხებით გააღწია ფინალში,
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბერიანიძე ავიდა. ქართველმა სუმოისტმა მეორე ოქრო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
აქაც ოთხი კონკურენტი ჩამოიშორა გზიდან - სტარტზე მასპინძელი როზუმი დაჯაბნა, მერე უნგრელ ნემეცსა და 115 კილოში ევროპის ჩემპიონ კალიარ-ტუვეს (რუსეთი) აჯობა, ფინალში კი ბალაშვილის მძლეველ პოლონელს - ლოტის დააყრევინა ფარ-ხმალი.
ბერიანიძემ ჩემპიონატზე ბალაშვილთან და ზურაბ აქუბარდიასთან ერთად გუნდურში დაიმსახურა ვერცხლის მედალი - ჩვენმა ბიჭებმა ფინალურ ოთხეულში რუსეთსა (2:1) და პოლონეთს (3:0) მოუგეს, მაგრამ უკრაინელებს დანებდნენ - 1:2.
- ოცდაერთწლამდელებში ზურაბ აქუბარდიას ბრინჯაოს მედალი ერგო, - გვითხრა საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტმა თენგიზ რუხაძემ. - ასპარეზობის სტარტზე იგი მოსკოვში მცხოვრებ შავკანიან რევაზ ბერიაშვილს დაუპირისპირდა (მამა ქართველი ჰყავს, დედა - აფრიკელი, ქართულად კარგად ლაპარაკობს) და დამარცხდა.
ბერიაშვილმა ნახევარფინალამდე მიაღწია და აქუბარდიაც დამამშვიდებელში გაიყოლა. იქ კი იყოჩაღა ზურაბმა - ოთხ მეტოქეს აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა. ბერიაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და ისიც ბრინჯაოს დასჯერდა...
წლეულს, ოქტომბერ-ნოემბერში სანკტ-პეტერბურგი არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო თამაშებს უმასპინძლებს. იქ მონაწილეობის მისაღებად ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
მძიმე წონაში ავთანდილ ცერცვაძემ, ხოლო მძიმესა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ლევან ბერიანიძემ მესამე ადგილები დაიკავეს და სანკტ-პეტერბურგის თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
1-4 ივნისს ლუცკში (უკრაინა) 14-16 წლის სუმოისტთა ევროპის პირველობა გაიმართება. ანზორ მარტყოფლიშვილის ხელმძღვანელობით, იქ სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"