გუშინ ტოკიოში წლის უკანასკნელი რეიტინგ-ლისტი (როგორც იაპონელები უწოდებენ, ბანძუკე) გამოქვეყნდა. უპირველესად ქართველი სუმოისტების დღევანდელი მდგომარეობა დაგაინტერესებთ - ნოემბრის ბაშო ჩვენი სამეულიდან ორმა, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და კოკაიმ (ლევან ცაგურია) უარყოფითი ბალანსით დაასრულა, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კი - დადებითით. შესაბამისად, პირველი ორი დაქვეითდა, გაგამარუ კი აღზევდა.
ტოჩინოშინმა კომუსუბის ტიტული დაკარგა, თუმცა მაინცდამაინც არ დაქვეითებულა იერარქიაში - ლევანი დღეიდან აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირაა და ერთი კარგი ტურნირიც დაუბრუნებს სუმოში რანგით მე-4 ტიტულს. 23 წლის სუმოისტი 191 სანტიმეტრია და 158 კილოგრამს იწონის. მას კარიერაში
გაგამარუ კარიერაში არასოდეს ყოფილა ასე მაღლა იერარქიაში - ის დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა. თეიმურაზი ყველაზე დაბალია თანამემამულეებში (185 სმ), მაგრამ ყველაზე მეტს იწონის (202 კგ). თუმცა ამ ბოლო მაჩვენებლით გაგამარუ ქართველებში კი არა, მთელს ელიტაშია პირველი. კარიერის ბალანსი კი მას ასეთი აქვს - 162-104 (24-21).
დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოს შემდეგ იერარქიაში პირველი ოძეკი კაიოა, ვეტერანმა ეს ფუკუოკაში ბრწყინვალე ასპარეზობით დაიმსახურა - კაიო აღმოსავლეთის პირველი ოძეკია. ჩემპიონთაგან დაქვეითების საფრთხე მხოლოდ მონღოლ ჰარუმაფუჯის აქვს, რომელიც ტრავმის გამო მოიხსნა ნოემბრის ბაშოდან. ახლა მან სულ მცირე, 8 ორთაბროძლა უნდა მოიგოს წლის პირველ სუპერტურნირზე. სეკივაკეს ტიტული მიიღეს კისენოსატომ და კოტოშოგიკუმ, ყოფილი სეკივაკეები, ტოჩიოძანი და კაკურიუ კომუსუბის ტიტულს დააჯერეს. ტოიონოშიმას არ დაუფასდა ნოემბერში 14 ორთაბრძოლის მოგება, ის მხოლოდ პირველი მაეგაშირაა. სხვათა შორის, გუშინვე მონღოლ ჰაკუჰოს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადასცა და დანანებით უთხრა, ნეტა, მეც შენსავით შემეძლოს ოპოზიციასთან გამკლავებაო.
ახალი წლის პირველი ბაშო ტოკიოში 9-23 იანვარს გაიმართება.