მორჩა მარჩიელობა - რამდენი ბრძოლა უნდა მოიგოს ტოჩინოშინმა, რომ კომუსუბის ტიტული შეინარჩუნოს. ვეღარ შეინარჩუნებს... ნაგოიას ბაშოს მე-11 დღეს ძალზე ცუდად მოასპარეზე ლევან გორგაძემ საბედისწერო, მე-8 მარცხი იგემა და აგვისტოში სუმოს იერარქიაში მეოთხე ტიტულს დაკარგავს. ტოჩინოშინისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ოს არანთან აღმოჩნდა. ვლადიკავკაზელი მე-2 მაეგაშირა ზედიზედ მეექვსედ გამოვიდა გამარჯვებული ივლისის ბაშოზე. დაჯახებისთანავე ორივე ევროპელმა რიკიშიმ სცადა შეტევა, მაგრამ ეს უფრო დაბალ დგომში მოჭიდავე ოსს გამოუვიდა, არანმა უვატენაგეს ილეთით გამოიყვანა ტოჩინოშინი წონასწორობიდან. 3-8 ბალანსი კი მაკეკოშის ნიშნავს ანუ რაც უნდა გააკეთოს ბოლო ბრძოლებში
კოკაიმ წააგო და კვლავ უარყოფითი ბალანსი (5-6) გაუხდა. თანაც ჩვენებურმა მის ტრადიციულ მეტოქესთან, "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარისთან დათმო იორიკირის ილეთით. ახლა ურთიერთშეხვედრებში "შავი ზღვა" 12:11-ს უგებს იაპონელს. ლევანის დღევანდელი მეტოქე მე-9 მაეგაშირა კაკიძოეა (2-9). ურთიერთშეხვედრებში კოკაი 8:12-ს აგებს კაკიძოესთან.
ნაგოიას სუპერტურნირი ელიტაში პირველი ბაშოა გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს ყველაზე მძიმე სუმოისტისათვის. გუშინ გაგამარუმ "პატარა ტანკ" ტაკეკაძის შეტევა მოიგერია და კონტრშეტევით აჯობა კიდეც. გაგამარუს 5-6 ბალანსი აქვს და დღეს ტამავაშის გაეჯიბრება.
42 მოგება - ასეთია დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ახალი რეკორდი, მონღოლმა ზედიზედ 42 ორთაბრძოლა მოიგო და კვლავ ყოჩაღობს. დღეიდან ის პირველად ჩაუდგა ბაშოს სათავეში ერთპიროვნულად, რადგან მე-13 მაეგაშირა ჰომაშომ, როგორც იქნა, წააგო. ჰაკუჰომ გუშინ სუკუინაგეს ილეთი იხმარა სეკივაკე კოტოშოგიკუს დასამარცხებლად.
ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)
XI დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), ტოკიტენკუ-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-კაიო (უბრძოლველად), ბარუტო-კისენოსატო (ოშიტაოში), კიტატაიკი-ჰაკუბა (იორიკირი), არანი-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), იოშიკაძე-ასასეკირიუ (იორიკირი), კიოკუტენჰო-შიმოტორი (ცურიდაში), კაკურიუ-ჰომაშო (სუკუინაგე), ვაკანოსატო-ტოკუსეგავა (იორიკირი), ტამავაში-კაკიძოე (იორიკირი), მოკონამი-კიმურაიამა (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ტამაასუკა (ოშიდაში), გაგამარუ-ტაკეკაძე (იორიტაოში), ტაკამისაკარი-კოკაი (იორიკირი), ბუშუიამა-ჰოკუტორიკი (იორიტაოში), სოკოკურაი-შოტენრო (ჰიკიოტოში).
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-1: ჰომაშო (მაეგაშირა 13).
9-2: კაკურიუ (მ 6).
8-3: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი)... 5-6: გაგამარუ (მ 12), კოკაი (მ 12)... 3-8: ტოჩინოშინი (კომუსუბი).
XII დღე: ტოჩინოშინი-ამინიშიკი, გაგამარუ-ტამავაში, კოკაი-კაკიძოე.
ლელო