ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა

AutoSharing Option
17 იანვარს ინდოეთის საკლუბო საჭიდაო პროლიგაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო, რომელიც ძალზე წარუმატებელი აღმოჩნდა ელიზბარ ოდიკაძისა (97) და მისი "ჯაიპურ ნინჯასთვის", რადგან ორივე დამარცხდა.

"ჯაიპური" საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულსა და ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს - "ჰარიანა ჰამერსს" ეპაექრებოდა და სენსაციის მოხდენა ვერ შეძლო, 3:6 დამარცხდა.

ჩვენდა სავალალოდ, წააგო აქამდე წაუქცეველმა ოდიკაძემაც - ჯაიპურელთა კაპიტანმა, ევროპის მესამეპრიზიორმა და ევროპული თამაშების ფინალისტმა უაღრესად დაძაბული პაექრობა მინიმალური სხვაობით, 4:5 დათმო რუსთა ავარელ მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან. მოიგო მეორე "პენჯაბელმა" ქართველმა - ევროპის მესამეპრიზიორმა იაკობ მაქარაშვილმა
(74), ვინც გაცილებით იოლად, 10:0 დაამარცხა ინდოელი სუმიტ სარავატი.

მაქარაშვილის გარდა, პენჯაბელ ვაჟთაგან ვერავინ ვერ მოიგო, მხოლოდ ქალებმა იმარჯვეს, ქალთა გარჯა კი საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამეპრიზიორმა ინდოელმა რიტუ პროგატმა (48) 8:0 მოუგო თანამემამულე ინდუ ჩაუდჰარუს, შვედმა მსოფლიოს ჩემპიონმა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა ჯენი ფრანსონმა (75) კი იმავე ანგარიშით ასევე ინდოელი კირანი დაჯაბნა.

ჰარიანელთა რიგებში მორიგ წარმატებას მიაღწიეს რუსთა დაღესტნელმა ლეგიონერებმა - გადისოვმა და მაგომედ ყურბანალიევმა (70). რომელთაგანაც გადისოვი, როგორც უკვე გითხარით, კვლავაც დაუმარცხებელია, მსოფლიოს ჩემპიონმა ყურბანალიევმა კი ერთი პაექრობა დათმო.

მათ გარდა, ჰარიანელთა წარმატება პირად შეხვედრებში გამარჯვებით ტუნისელმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ქალმა მარვა ამრიმ (58) და ქალებში შვედმა ოლიმპიურმა პრიზიორმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა სოფია მატსონმა (53), ინდოელმა ვაჟებმა - რაჯნეეშმა (65) და სანდეეპ ტომარმაც (57) გამოჭედეს.

სამწუხაროდ, ამ შეხვედრის შემდეგ პროლიგის ტოპ-ხუთეულში ქართველები აღარ დარჩნენ. ახლა იქ მხოლოდ ორი დაუმარცხებელი ფალავანია - გადისოვი და ქალთა შორის კანადელი ოლიმპიური ჩემპიონი, "მუმბაის" კაპიტანი ერიკა ვიბე (75). ამათგან გადისოვის აქტივში უკვე ექვსი მოგებაა ამდენივე შეხვედრიდან, ვიბე კი დღეს გამართავს მეექვსე პაექრობას, ხოლო წინა ხუთში იმარჯვა.

თუმცა ინდოელები ცოტა უცნაურად ითვლიან ამ ნიხრს. მაგალითად, ტოპ-ხუთეულში, ვგონებთ, ერთხელაც ვერ მოხვდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) თანაგუნდელი ნიგერიელი ქალი, მსოფლიოს პრიზიორი ოდინაიო ფოლასადე ადეკუოროუ (53). საინტერესოა, რომ ის მეორე სეზონს ატარებს ინდურ ლიგაში და ჯერ არც ერთხელ არ დამარცხებულა, არც - შარშან და არც - წლეულს, ხოლო გუშინწინ "ჰამერსთან" წაგებული შეხვედრის მიუხედავად, მადლიერმა პენჯაბელმა ქომაგებმა პატივისცემის ნიშნად მშობლიურ ენაზე უმღერეს.

ტოპ-ხუთეულში სადღეისოდ ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ამრის აქვს - 9.8. მეორეზე 9.4-ით ყურბანალიევია, გადისოვი კი მესამეა 8.5-ით. აზერბაიჯანელთა ოლიმპიური მედალოსანი ჯაბრაილ ჰასანოვი მეოთხეა 7.0-ით, ვიბეს კოეფიციენტი კი 5.8 აქვს.

დღეს, 18 იანვარს დელიში მეორე ნახევარფინალია, სადაც ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) "პენჯაბ როიალსი" "მუმბაი მაჰარატხის" შეხვდება.

ამ წყვილში ჩვენებურის კლუბს წარმატების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე გუშინ ჰქონდა მეორე "ქართულ" კლუბს. თუმცა მოვლენებს ნუ გავასწრებთ და დაველოდოთ დღევანდელ პაექრობას, ისე კი,  შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ამათი შერკინება პენჯაბელებმა მოიგეს - 4:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული