გუშინ, 6 მარტს, სპორტის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო თავისუფალ ჭიდაობაში და ოთხ წონაში გამოვლინდნენ ფავორიტები. ფედერაციამ დაპირება შეასრულა და გუშინდელ წონებში მართლაც ყველა უძლიერესი ფალავანი გამოვიდა ტიტულებისდა მიუხედავად, რამაც ჩემპიონატის დონე განუზომლად აამაღლა.
შედეგად, საინტერესო ტურნირი გამოვიდა, თუმცა ოთხი წონიდან პირველ სამში - 57-ში, 65-სა და 74-ში შარშანდელი ფინალები ვიხილეთ. ახალი წყვილი მხოლოდ 97-ში იყო, თუმცა იქაც ელიზბარ ოდიკაძე შარშან მოპოვებული ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოდა და მოახერხა კიდეც.
საინტერესოა, რომ იმ სამი
55 კგ
აქ ფინალში ისევ გორელი ბექა ბუჯიაშვილი და წყალტუბოელი ოთარ გოგავა გავიდნენ და დაძაბული ბრძოლაც გააჩაღეს.
იქამდე მისასვლელად ბუჯიაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო, გოგავამ - ოთხი, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება შეჯიბრებაში. ნახევარფინალში ორივემ მძიმე ბრძოლა გადაიხადა და ბუჯიაშვილმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ლაშა ტალახაძე, გოგავამ - ბექა ლომთაძე.
ფინალში ორივე აქტიური იყო, თუმცა სულ ოდნავ უპირატესობას გოგავა ფლობდა, ვინც უფრო ჟინიანად ცდილობდა რევანშის აღებას. აკი პირველი ბუჯიაშვილი დაისაჯა ქულით, თუმცა ჩამორჩენის გაქვითვა პირველივე პერიოდში შეეძლო, როცა კარგად შევიდა ფეხში, აიყვანა კიდეც, მაგრამ ვერ გადააგდო, გოგავამ კარგად დაიცვა თავი. შესვენების შემდეგ უკვე წყალტუბოელმა მოიპოვა ანალოგიური, ძალზე რეალური უპირატესობა, თუმცა პირველივე ცდაზე ვერც მან შეძლო მეტოქის გადაგდება. სამაგიეროდ, შეტევა გააგრძელა და მალევე ისევ მოუარა ზურგიდან, ოღონდ დაბლა ჩაგდებაზე გვარიანად ეჯაჯგურა და საწადელსაც მიაღწია: 3:0 დაწინაურდა. თან იქვე დაატრიალა კიდეც, მაგრამ ამაზე ბუჯიაშვილმაც კონტრილეთით უპასუხა და ანგარიში 5:2 გახდა გოგავას სასარგებლოდ.
გორელი ფალავანი მარცხს არ ურიგდებოდა და ისევ ჯიქურ უტევდა, ბოლო წამებზე ერთხელაც შეუხტა ფეხში, მაგრამ, როგორც ზემოთ გითხარით, გუშინ გოგავა ოდნავ უფრო უკეთ იყო მომზადებული - კარგადაც ააცალა ფეხი, იქით ეკვეთა და წრიდანაც გაიყვანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 6:2.
1. ოთარ გოგავა (წყალტუბო)
2. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
3. ბექა ლომთაძე (ქუთაისი), ლაშა ტალახაძე (ხაშური).
65 კგ
იაკობიშვილმა წარმატებით დაიცვა ტიტული და გორელთა ევროპის ბრინჯაოსმედალოსან კონსტანტინე ხაბალაშვილს ფინალში 4:1 მოუგო. ის ერთი ქულაც უნებლიე უხეშობისთვის დაკარგა, როცა მეტოქეს თავზე დაქაჩა. თუმცა მანამდე წრიდან გაიყვანა და ერთი ქულა მიიღო, შეხვედრა კი მისი უპირატესობით მიმდინარეობდა. გულხელდაკრეფილი არც ხაბალაშვილი იჯდა და მეორე პერიოდის დასაწყისში ფეხშიც შევიდა და ილეთის დასრულებამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ იაკობიშვილი ამოუძვრა და იქით გადაიყვანა ორქულიანზე: 3:1. შეხვედრაც მისი შეტევით დასრულდა, როცა მეტოქე წრიდან გაიყვანა და მეოთხე ქულაც მიიღო.
1. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
2. კონსტანტინე ხაბალაშვილი
3. კახა ელბაქიძე (ორივე - გორი), ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური).
74 კგ
გუშინდელი ფინალებიდან ძნელია რომელიმეს გამორჩევა, თუმცა 74-ში გამორჩეულად დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ, რომელსაც "თაობათა ბრძოლაც" შეიძლება ვუწოდოთ - ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი ლამის 32 წლისაა, ავთანდილ კენჭაძე კი მთელი 10 წლით უმცროსია მასზე. თუმცა, შარშან თუ გამოცდილებამ გაიმარჯვა, წლეულს სწორედ ახალგაზრდულმა შემართებამ და სისხარტემ ითამაშა გადამწყვეტი როლი. თუმცა ფინალამდე მაქარაშვილმა ისე იბრძოლა, ასაკი არაფერში ეტყობოდა და მასზე ახალგაზრდა, თანაც გორელთა ევროპის კიდევ ერთი მესამეპრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი და ნიკოლოზ კენჭაძე დამაჯერებლად დაამარცხა.
წინასწარებში იოლი მეტოქეები არც უფროს კენჭაძეს (ნიკა და ავთო ძმები არიან ამბროლაურიდან) ჰყავდა - საქართველოს შარშანდელი მედალოსანი ზურაბ ერბოწონაშვილი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ტარზან მაისურაძე და სხვები.
ფინალში უფროსმა კენჭაძემ შარშანდელი მარცხისთვისაც იძია შური და - ნახევარფინალში ძმის წაგებისთვისაც. მან თავიდან ბოლომდე შემტევი სტილი აირჩია და შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში ჩაატარა. შედეგად, ორჯერ თავის შეტევაზე ჩაიყვანა ჩოქბჯენში, ერთხელაც კონტრილეთზე დაიჭირა და 6:1 მოიგო.
მაქარაშვილიც ბევრს ცდილობდა და პასიურობას ვერ დავწამებთ, მაგრამ ასაკში სხვაობა თავისას შვრებოდა - იმ კონტრილეთის გარდა, კენჭაძემ ერთხელ ფეხიც მშვენივრად წაართვა და შეტევის საშუალებას არ აძლევდა, მაქსიმალურად ზღუდავდა მის მოძრაობას.
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური);
2. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი);
3. ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური), ტარზან მაისურაძე (სტეფანწმინდა).
97 კგ
ერთი შეხედვით, ოდიკაძე აშკარა ფავორიტი ჩანდა ზვიად მეტრეველთან, მაგრამ ბუნდესლიგაში გამოწრთობილმა ვეტერანმა მედგარი ბრძოლა გაუმართა. შესაძლოა, ოდიკაძე ბოლომდე არც იხარჯებოდა, მაგრამ მან ნახევარფინალში ბევრად იოლად დაამარცხა როლანდ ანდრიაძე, მეტრეველმა კი იმავე ეტაპზე მამუკა კორძაიას დამაჯერებლად აჯობა. მან ფინალში ოდიკაძე ერთხელ ჩოქბჯენშიც ჩაიყვანა და 2 ქულა მიიღო, თუმცა ასეთი გამონათებების მიუხედავად, შეხვედრა მაინც ოდიკაძის კარნახით წარიმართა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. ის ფეხშიც წარმატებით შედიოდა, ილეთზეც გადაჰყავდა და წრიდანაც გააგდო. საბოლოოდ 5:2 მის სასარგებლოდ ლოგიკური შედეგია.
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი);
2. ზვიად მეტრეველი (ონი);
3. მამუკა კორძაია (აჭარა), გივი მაჭარაშვილი (მცხეთა).
* * *
დღეს, 7 მარტს, ხალიჩაზე დარჩენილი წონების: 61, 70, 86 და 125-ის ფალავნები გავლენ. შეჯიბრებები 10 სთ-იდან მიმდინარეობს, ფინალური ბლოკი კი - 17 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატმა ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი უნდა გამოავლინოს, რომელსაც 2-7 მაისს სერბეთის ქალაქი ნოვი სადი უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"