გიორგი გოგშელიძე: ოლიმპიადისთვის ფორმაში ვიქნები

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენაში" გუშინ დამთავრებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეც ისეთივე ტენდენციებით წარიმართა, როგორც პირველი - ძველი თაობის უპირატესობა კვლავაც თვალშისაცემი იყო, ოღონდ ამჯერად ახალგაზრდებმა უფრო მეტად იყოჩაღეს.

ამის მიუხედავად, ახალი სახეები შედარებით ნაკლებად გამოჩნდა - ყოველ შემტხვევაში, მეტია სასურველი. ჭიდაობის ხარისხიც უკეთესის სურვილს ტოვებდა, თუმცა ამ ეტაპისთვის ფალავნები ფორმაში რომ არ იქნებოდნენ, ესეც გასაგებია. უბრალოდ, ადრინდელი ნაკლოვანებები ისევ ცხადად ჩანდა, რაც ბოლო წლებში სიმპტომატურად გვექცა, თუმცა ვიქონიოთ იმედი, საოლიმპიადოდ პროგრესსაც ვიხილავთ.

60 კგ.
ახალ თაობაზე ლაპარაკისას ეს წონა
უნდა ვახსენოთ, თუმცა ფინალისტებს ახალი კადრები არ ეთქმით. აქ გორული ფინალი ვიხილეთ - ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორმა, 21 წლის დავით ბერძნიშვილმა მეტად დრამატულ ბრძოლაში გიორგი ბალიაშვილი დაამარცხა. არადა, ფინალამდე შედარებით უფრო ძნელი გზა ბალიაშვილმა გაიარა და საკმაოდ კარგადაც იჭიდავა - სხვებთან ერთად ევროპის მედალოსან მალხაზ ქურდიანსაც მოუგო, რომელიც თავად აცხადებს პრეტენზიას წონის ლიდერობაზე.

ფინალიც ბალიაშვილის უპირატესობით დაიწყო და ძირითადი დროის დამთავრებამდე 2 წამით ადრე იგებდა კიდეც. პირველი პერიოდი მან მშვენიერი რეიდით მოიგო, როცა მეტოქე ორივე ხელით აიტაცა ფეხებიდან და მოწყვეტით დააგდო სამქულიანზე. მეორე პერიოდშიც ფეხში შესვლამ მოუტანა წარმატება, თუმცა იმ ჯერზე ბერძნიშვილის ილეთზე გადაგდება ვერ შეძლო, მაგრამ წრიდან გაიყვანა და 1:0 დაწინაურდა.

ამ ანგარიშს პერიოდის ბოლომდე ინარჩუნებდა, ვიდრე ის საბედისწერო ეპიზოდი არ დაუდგა - სასტვენამდე 2 წამით ადრე ბერძნიშვილმაც მოახერხა წრიდან მისი გაგდება და ანგარიში გაათანაბრა.

რადგან ბოლო ქულა მისი იყო, პერიოდიც მან მოიგო და შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა. იქ ორივე მეტოქე მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდა და ქულა არ გაკეთებულა, ბურთულის ამოღების უფლება კი ბალიაშვილს ჰქონდა. მისდა საუბედუროდ, მან ბერძნიშვილის ფერი - ლურჯი ამოიღო ანუ ფეხში შესვლის უფლებაც მას მიანიჭა.

ეს მდგომარეობა გამარჯვების გარანტია რომ არაა, მოგვიანებით 96-ის ფინალშიც დადასტურდა, მაგრამ შემტევს იმდენად დიდ უპირატესობას აძლევს, მეტ-ნაკლებად კლასიანი მოჭიდავე აუცილებლად გამოიყენებს. ამის გაკეთება არც ბერძნიშვილს გასჭირვებია და ჩემპიონიც გახდა.

ამ წონაში ინტერესს იწვევდა ქურდიანის გამოსვლაც, რომელიც ბოლო წლებში წონის ლიდერის, ევროპის ვიცე-ჩემპიონ მალხაზ ზარქუას უმთავრეს პრეტენდენტად იქცა. ქურდიანი ცუდად არ გამოსულა და მესამეზეც გავიდა, მაგრამ იქნებ ქომაგები მისგან მეტს ელოდნენ.

ძირითად ბადეში მან ლაშა ლომთაძეს მოუგო და იქნებ ამანაც განაპირობა ბალიაშვილთან მარცხი - ყოველ შემთხვევაში, ის შეხვედრა მომდევნო წრეში, ნახევარფინალში შედგა. საინტერესო იყო ჭაბუკებში ევროპის მესამე პრიზიორ მურთაზ კვესაძის ასპარეზობაც - ქუთაისელი ფალავანი ქვეყნის ყოველ პირველობაზე ახერხებს ლიდერთა შორის ყოფნას და ხარისხიანი ჭიდაობის ჩვენებასაც, თუმცა საერთაშორისო არენაზე გასვლა ჯერჯერობით უჭირს. ის ნახევარფინალში ბერძნიშვილთან დამარცხდა. საინტერესო იქნებოდა, მალხაზ ზარქუასაც რომ ეჭიდავა - ვფიქრობთ, მას იოლი გასეირნება არ ელოდა.

74 კგ.
ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან დავით ხუციშვილის არყოფნაში აქ ახალგაზრდებმა ისახელეს თავი. თანაც 60-ის ფინალისტებს ქომაგი თუ კარგად იცნობს, ესენი - თბილისელი იაკობ მაქარაშვილიც და საგარეჯოელი ზურაბ ერბოწონაშვილიც შედარებით უცნობები არიან.

ფინალში მაქარაშვილის უპირატესობა აშკარა იყო. აქ მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში იყო, თუმცა ისიც მომავალმა ჩემპიონმა მაქარაშვილმა მოიგო, ოღონდ მინიმალური ანგარიშით - 1:0. წაგების საფრთხემ ერბოწონაშვილს აქტიურობისკენ უბიძგა, მეორე პერიოდის დაწყებისთანავე შეუტია და 1 ქულითაც დაწინაურდა, ოღონდ ეს მაქარაშვილის მხრიდან წამიერი მოდუნება ყოფილა, რაც ძვირად დაუსვა მეტოქეს - მიჰყვა და ისე აართვა 8 ქულა, თავად ერთიც არ დაუთმია. შედეგად, პერიოდიც სუფთად მოიგო - 8:1 და ჩემპიონიც გახდა.

ეს ტურნირი მძიმე მოგონებად დარჩება ახალგაზრდებში სამტრედიელ ევროპის ჩემპიონ გოგა ხუჭუას, რომლის ჯანმრთელობაც მთელი დღის განმავლობაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა - წნევა დაუვარდა და ლამის ყოველი ორთაბრძოლის მერე ლეიბიდან ხელით გასაყვანი ხდებოდა.

მას ჩემპიონატის წინა დღეებში უავადმყოფია, თუმცა ექიმთა ცნობით, წონაც დაუკლია. ამ ყველაფერმა ისედაც დაასვა დაღი, რასაც შეჯიბრების სიმძიმეც დაემატა - ჯერ იყო და უძნელეს ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გელა საღირაშვილი, ამ შეხვედრიდან მალევე კი არანაკლებ მომქანცველი, დამატებით დროში გაგრძელებული თრილერი გადახდა ნახევარფინალში ერბოწონაშვილთან.

96 კგ.
აქ ქომაგთა ყველაზე დიდ ინტერესს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიურ მედალოსან გიორგი გოგშელიძის გამოსვლა იწვევდა, თუმცა ფინალში ქომაგი არც ელიზბარ ოდიკაძეს აკლდა, რასაც მათი ბოლოდროინდელი შეხვედრების სტატისტიკა ამძაფრებდა. თუმცა ამჯერად ბრძოლა არც კი შედგა, გოგშელიძემ იმდენად იოლად მოიგო.

ფინალამდე მან გიორგი ყაზიშვილი, ლერი ქობულაშვილი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ბათუმელი ვიცე-ჩემპიონი მამუკა კორძაია დაამარცხა. ოდიკაძე წონის სტაბილურად მეორე ნომრად ჩამოყალიბდა, რაც გუშინაც დამტკიცდა - გოგშელიძესთან ხომ წააგო ანუ მას ვერ გაუსწრო, თავის მხრივ, ტახტის მოცილეები, დავით ქერაშვილი და 84-დან ამონაცვლებული არჩილ ქიტიაშვილი ჩამოიშორა გზიდან.

ფინალში პირველი პერიოდი უქულოდ დასრულდა, გოგშელიძემ კი ოდიკაძის ბურთულა ამოიღო. ისიც ფეხში შევიდა, მაგრამ... უკვე ვთქვით, რომ ამ მდგომარეობაში დაცვაში მდგომი განწირულია, მაგრამ სპორტში კლასიც ბევრს ნიშნავს, რაც იმ ეპიზოდში კიდევ ერთხელ გამოვლინდა.

გოგშელიძე ფეხს საკმაოდ კარგად იცავს, ახლაც წამის უსწრაფესად გაექცა ოდიკაძეს და იქით გადაიყვანა ქულაზე. მეორე პერიოდში თვითონ შევიდა ფეხში, მაგრამ მეტოქე ილეთზე ვერაფრით დააგდო, თუმცა ხანგრძლივი ჯაჯგურის შემდეგ წრიდან გაიყვანა და მომგებიანი ქულაც მიითვალა. აი, რა გვითხრა მან ფინალის შემდეგ:

"საქართველოს ჩემპიონატი საპასუხისმგებლო ტურნირია, რადგან ესაა საგაისო სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი. მიხარია, რომ ამხელა პაუზის, იმ მძიმე ოპერაციის შემდეგ შევძელი ფორმაში შესვლა და ამ ტურნირზე გამარჯვება. როდის მივაღწევ ოპტიმალურ ფორმას, ამას ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ გპირდებით, რომ ოლიმპიადისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები.

ჩემპიონატის და გუნდის საევროპო მზადების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელ ზაზა თურმანიძესაც გავესაუბრეთ: "ჩემპიონატს დადებითად ვაფასებ.

საკმაოდ კარგი ჭიდაობები იყო, ზოგან ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ, მაგალითად, 74-ში, 60-შიც ახალი სახეა ბერძნიშვილი, თუმცა მთლიანობაში მაინც ძველმა გვარდიამ იმარჯვა.

ცხადია, ეს ცუდია სამომავლოდ, რადგან აჯობებს, ახალგაზრდები სჭარბობდნენ. წინ დიდი ამოცანაა - სამი ლიცენზია გვაქვს მოსაპოვებელი. საამისოდ გარკვეული ხედვა გაგვიჩნდა, თუმცა კიდევ ჩამოვყალიბდებით, ვინ იჭიდავებს ევროპას, სხვა შეჯიბრებებს - ეს სამუშაო პროცესში გადაწყდება. 66 კილოგრამი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური წონაა, თუმცა ოთარ თუშიშვილის გვეიმედება. მთავარია, ჯანმრთელად იყოს.

გოგშელიძის გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ - კარგი განწყობით შეხვდა ტურნირს და მოიგო. უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, დეკემბერში დუშეთში გავივლით შეკრებას, 8 იანვრიდან კი სომხურ წახკაძორში წავალთ საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე. წლეულს ევროპის პირველობა ბევრად ადრე, მარტის დასაწყისში - 6-11 მარტს ტარდება ბელგრადში და მისთვის ეტაპობრივად მოვემზადებით".

კვარცხლბეკი.
60 კგ. 1 დავით ბერძნიშვილი, 2. გიორგი ბალიაშვილი (ორივე - გორი), 3. მურთაზ კვესაძე (ქუთაისი), მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი).
74 კგ. 1. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი), 2. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო), 3. გიორგი მარსაგიშვილი (ყაზბეგი), გოგა ხუჭუა (სამტრედია).
96 კგ. 1. გიორგი გოგშელიძე (გორი), 2. ელიზბარ ოდიკაძე, 3. დავით ქერაშვილი (ორივე - თბილისი), მამუკა კორძაია (აჭარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული