საკანდელიძე კვლავაც განაგრძობს შარშან
ბარემ აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშან საკანდელიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ვერცხლი მოიპოვა, ახლა კი ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა ძირითად დროში დაასრულა. ამათგან შედარებით თანაბარი ბრძოლა მხოლოდ თურქმა ტაჰა აკგულმა გაუმართა, რომელსაც ჩვენებურმა პირველი პერიოდი 1:0 მოუგო, მეორე კი 1:1 დასრულდა, მაგრამ საკანდელიძემ ბოლო ქულის დამსახურებით მოუგო. ჩვენებურმა ბევრად იოლად აჯობა ბულგარელ დანიელ იანკოვს და უკრაინელ მურადინ კუშკოვს. საკანდელიძეს დიდად არც ფინალში გასჭირვებია და ორი პერიოდის ჯამში 4:2 გაიმარჯვა.
ხინჩეგაშვილი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორია, ოღონდ ის მედლები 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, თანაც - 2008 წელს. სხვათა შორის, მაშინ ის პარალელურად ჭაბუკთა ნაკრების წევრიც იყო და იქაც გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო საქართველოს პირველობაზე ორივე ასაკში გაიმარჯვა. მიზეზთა გამო, მას 55-ში ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა და შარშანდელი სეზონი პირწმინდად ჩააგდო. ეტყობა, კრიზისი უკვე დაძლია და ახალ წონაში პირველი მედალიც მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, იმედი ვიქონიოთ, რომ კრიზისი მართლაც საბოლოდაა დაძლეული.
ხინჩეგაშვილი ფინალში ძლევამოსილად გავიდა - ყველა შეხვედრა ძირითად დროში მოიგო, ფინალი კი აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვთან დამატებით დროში დათმო. ჩვენებურმა ყველაზე მეტად მაინც რუმინელი დავიდ დობრე და სომეხი ვალოდია ფრანგულიანი დაჯაბნა, რომლებსაც დიდი უპირატესობით სძლია. შედარებით მოკრძალებული სხვაობა აკმარა თურქ იბრაჰიმ იორულმაზსა და რუსთა აფხაზ რუსტამ ამპარს, ჩრდილოელს ერთი პერიოდი 4:0 მოუგო. სამწუხაროდ, ხინჩეგაშვილს ფინალში წარმატების მისაღწევად ძალა აღარ ეყო ჩინებულად მოჭიდავე აზერბაიჯანელთან, თუმცა პირველი პერიოდი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 5:3.
ასგაროვმა ტურნირზე ერთით ნაკლები - 4 შეხვედრა ჩაატარა და, ფინალის გარდა, დანარჩენი სამში ძირითადი დრო იმყოფინა. უფრო საინტერესო ისაა, რომ ამ სამ შეხვედრაში გამართული ექვსი პერიოდიდან ხუთი ვადამდე, ანუ ქულათა დიდი უპირატესობით ან წმინდა გდებით მოიგო. პირველი ორი მეტოქე სწორედ ასე გააკრა ბეჭებზე, პირველი ქულა კი ნახევარფინალში უკრაინელ იგორ ხავალძისთან დაკარგა, როცა ერთ პერიოდში მხოლოდ 5:1 სძლია და არა - ჩვეული ტრიუმფით. აზერბაიჯანელს ყველაზე სერიოზული წინააღდეგობა მაინც ხინჩეგაშვილმა გაუწია, რომელმაც ერთი პერიოდი იძალა კიდეც: სამწუხაროდ, მომდევნოებში უპირატესობა დათმო და ზედიზედ წააგო ორივე, რის გამოც გორელი ფალავანი ვერცხლს დასჯერდა.
გუშინ კიდევ ორი ჩვენებური ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდნენ - დავით ტლაშაძე (66) და დავით მარსაგიშვილი (84). ამათგან უფრო მოულოდნელი ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ მარსაგიშვილის წაგებაა. მეტიც - ბალავაძის ტურნირზე მოპოვებული ვერცხლისა და დამაჯერებელი ჭიდაობის ფონზე ეს პატარა შოკიც კი იყო. პირველ წრეში ის ისვენებდა, მეორეში კი უნგრელ ატილა შმიკთან დამარცხდა. არადა, პირველი პერიოდი ჩვენებურმა მოიგო - 4:3. უნგრელი არაა იმ დონის მოჭიდავე, ფინალში გასულიყო და ქართველისთვის სანუგეშოში გადართვის შანსი მიეცა. მადიარმა მომდევნო შეხვედრა წააგო და მარსაგიშვილი ჩემპიონატს დაემშვიდობა.
ერთი შეხვედრა მოიგო ტლაშაძემ - ლატვიელ ალექსანდრს პომიალოვსთან, მაგრამ მერე ბელარუსმა ანტონ აფანასეუსმა აჯობა და რაკი ესეც მალევე წამოეგო მომდევნო მეტოქის ფანდზე, ჩვენებური კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.
ირაკლი თავაძე