ვერცხლი და სინანული - მორიგი ქართული დრამა ლონდონში [+VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე მეორედ გვიწევს წარმატებაზე სინანულით წერა. პირველად ეს იმ დღეს იყო, როცა რევაზ ლაშხის (60) ბერძნულ-რომაულში მოპოვებული ვერცხლის პარალელურად ვლადიმერ გეგეშიძისთვის (84) წართმეულ ბრინჯაოზე ვწერდით, ახლა კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55) ვერცხლზე ვსაუბრობთ ამავე გრძნობით.

10 აგვისტოს ოლიმპიადაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ და წარმატებითაც - ხინჩეგაშვილი ფინალში გავიდა, სადაც რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებებით დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა (იხილეთ ვიდეო).

მედლის მოპოვების მიუხედავად, 10 აგვისტოს ხინჩეგაშვილს ბედი დიდად არ სწყალობდა - მის შეხვედრებში სამჯერ მივიდა საქმე ბურთულამდე და სამივეჯერ
მეტოქის ფერი ამოვიდა, არც ერთხელ მისი! მესამე შემთხვევა სწორედ ფინალში იყო პირველი პერიოდის ბოლოს, როცა კარგად მოჭიდავე ჩვენებურმა ჩეჩენს არაფერი დაუთმო, 2 წუთის გასვლის შემდეგ კი ბადურასთან მეტოქე მივიდა და თავისი ფერი - წითელი ამოიღო.

ძალზე ნაკლები იყო იმის შანსი, რომ ის ფეხში შესვლიდან ქულას ვერ მოიპოვებდა და აქ ლადოს ოსტატობაც უძლური გამოდგა - 1:0 რუსის სასარგებლოდ.

Sportall.Geევროპის სამგზის ჩემპიონი ოთარსულთანოვი ეროვნებით ჩეჩენია, რომელიც კარიერაში მესამედ ხვდებოდა ლადოს. სხვათა შორის, მან შარშან ევროპირველობის ფინალში ხინჩეგაშვილს აჯობა, წლეულს - ბესიკ გოჩაშვილს.

ლადოსა
და მისი ადრინდელი შეხვედრები ორივეჯერ დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდა და ჩეჩენი გამოცდილებისა თუ უკეთესი მომზადების ხარჯზე იგებდა, თორემ ჩვენებური არცერთხელ დაჩაგრულა.

ახლანდელი პაექრობაც დაახლოებით ასე იყო, სადაც მთავარი ამბები მეორე, გადამწყვეტ პერიოდში მოხდა. თავიდან ლადომ მეტოქე ძალიან თავისუფლად შეუშვა ფეხში - იმ მომენტში კონცენტრაცია აშკარად დაკარგული ჰქონდა.

საბედნიეროდ, ჩამორჩენა მალევე გაქვითა, როცა ფეხში შევიდა და ძალზე ჭკვიანურად მოიქცა - შედარებით ძნელად შესასრულებელ ჩოქბჯენში გადაყვანას უფრო იოლი გზა არჩია და წრიდან გაიყვანა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლადო წარმატებით შედიოდა ფეხში - მხოლოდ ამ პერიოდში ეს სამჯერ გააკეთა და მეორე მცდელობისას 3:2 დაწინაურდა კიდეც, თუმცა აქ, დამთავრებამდე 15-ოდე წამით ადრე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა - მეტოქის შემოტევას კვლავ მოუმზადებელი დახვდა და წრიდან გაყვანის საშუალება მისცა.

ამ ეპიზოდმა მსოფლიოს შარშანდელი პირველობა და ბულგარელთან შეხვედრა გამახსენა, როცა ქართველმა ასე ბოლო წამზე დაკარგა გამარჯვება.

აანგარიში გათანაბრდა - 3:3, ლადომ კი უკანასკნელად გაიბრძოლა - ფეხში მორიგი ვარდნით მეტოქე ილეთზე გადააგდო და სწორედ ეს ეპიზოდი გახდა საკამათო.

ზუსტად ვერ გეტყვით, რა მიზეზი მოუდეს არბიტრებმა ჩვენებურს, თუმცა აჯობებდა, ეს გდება საპირისპირო რაკურსითაც გვენახა - ეს ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. შესაძლოა, მსაჯმა დრო ამოწურულად ჩათვალა, მაგრამ როცა მან შეხვედრის გაჩერება ანიშნა, ჩვენებურს ილეთი უკვე დასრულებული ჰქონდა.

ასეა თუ ისე, ჩვენი პროტესტი არ მიიღეს (ან კი როდის დაუკმაყოფილებიათ!) და უსაფუძვლო პრეტენზიისთვის ქულითაც დაგვსაჯეს.

Sportall.Geუკვე 10 აგვისტოს ღამითვე გავრცელდა ხმები, რომ მსაჯთა ეს ბრიგადა ოლიმპიადიდან მოკვეთით დაისაჯა, თუმცა ამით შედეგი არ შეიცვლება (ფინალური შეხვედრის მსაჯები დისკვალიფიკაციით დასაჯეს იხილეთ ვრცლად).

იქნებ ამ ილეთში კიდევ იყოს რაღაც არბიტრთა გამამართლებელი, მაგრამ მსაჯობა ძალიან დაბალი დონისაა - ვითომ საბავშვო ბაღია და არა ოლიმპიადა! ამაზე უფრო საპასუხისმგებლო ტურნირი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას არ აქვს და უფრო მეტი სამართლიანობა, მეტი გამჭვირვალობა მართებს.

თუმცა არბიტრთა ბევრ გადაწყვეტილებას შეცდომასაც ვერ დავარქმევთ, ეს უფრო ბინძურ გარიგებას ჰგავს. თან გინახავთ, მსაჯებმა განაჩენი ჩვენნაირი პატარა ქვეყნის სასარგებლოდ შეცვალონ? სულ ისეთი ქვეყნებისთვის ცვლიან, რომლებიც ყიდვა-გაყიდვით არიან ცნობილები.

ყველას კარგად გვახსოვს გეგეშიძის შეხვედრაში ჯერ ძალაში დატოვებული, მაგრამ ბოლოს მაინც შეცვლილი გაპროტესტებული შედეგი (იხილეთ ვრცლად).

ხინჩეგაშვილის ფინალშიც იყო მსგავსი, როცა მსაჯებმა პროტესტის საფუძველზე განხილული შედეგი ძალაში დატოვეს, მაგრამ სხვა მსაჯმა ისევ მოითხოვა ხელახლა განხილვა!

საბედნიეროდ, ამჯერად შედეგი არ შეცვალეს, მაგრამ ეს რამდენჯერმე გაპროტესტება რა უბედურებაა? ხომ შეიძლება, განმეორებითი განხილვა აიკრძალოს, თორემ ახლა რაღაც "ქურდული პალაჟენია" გამოდის - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვისაც მეტი წონა აქვს ფედერაციაში, იმას ყველაფერი შეუძლია.

ეტყობა, საერთაშორისო ფედერაცია განგებ არ იღებს ასეთ მკვეთრ კანონებს, მანევრირების საშუალება რომ დაიტოვოს, რითაც გვარიანად ჩამორჩება ძიუდოს - იქ ასეთი გაუგებრობა არ მოხდება.

Sportall.Geგორმა მეორე შანსი დაკარგა
ხინჩეგაშვილისა და ოთარსულთანოვის პაექრობაში ეს პირველი საკამათო შეხვედრა არაა - ევროპის შარშანდელ ფინალშიც იყო საეჭვო ეპიზოდები, თუმცა არა ასე აშკარა.

სამწუხაროდ, გორმა მეორე ოლიმპიური ჩემპიონობის შანსი დაკარგა - ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის (66) მსგავსად, ხინჩეგაშვილსაც შეეძლო მშობლიური ქალაქის ოქროთი გაბრწყინება.

არადა, მან ტურნირი საკმაოდ მძიმედ დაიწყო - უტიტულო, მაგრამ ძლიერად მოჭიდავე და ფიზიკურად საკმაოდ კარგად მომზადებულ ეგვიპტელ იბრაჰიმ ფარაქ აბდელჰაკიმ მოჰამედთან დამატებითი დრო დასჭირდა.

არადა, ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, საქმეს აქამდე არ მიიყვანდა - თავიდან 1:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე მეტოქე იოლად გაატარა ილეთზე და პერიოდი 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დათმო.

საბედნიეროდ, მომდევნო პერიოდებში თავისი ძალა გამოაჩინა და "ფარაონს" 5:2; 2:0 გადაურბინა (იხილეთ ვიდეო).

ასეთი მძიმე დასაწყისი არცთუ კარგი შესავალი იყო ისედაც არასასურველი წილისყრის ფონზე, თუმცა ფორტუნამ ბოლომდეც არ გასწირა და ვიდრე თვითონ ძლიერ ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ რადოსლავ ველიკოვ მარინოვს უგებდა (იხილეთ ვიდეო), თან ასპარეზობის ეშხშიც შედიოდა და ყოველ შეხვედრაში უმატებდა, ვლადიმერ მესტვირიშვილის გაწვრთნილმა ინდოელმა ამიტ კუმარმა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე, ირანელი მსოფლიოს პრიზიორი ჰასან რაჰიმი გაუგდო.

Sportall.Geბულგარელთან ხინჩეგაშვილი შარშან მსოფლიოზე დამარცხდა, ამჯერად კი დამაჯერებელი რევანში აუღო, თუმცა საამისოდ დამატებითი დრო დასჭირდა.

ინდოელს ბევრად იოლად აჯობა, თან მასთან ძალიან კარგი გდება გააკეთა - ბურთულამ ფეხში კუმარი შეუშვა, მაგრამ ლადომ დაუხურა და უკუგდებით იქით გადააგდიო ქულაზე (იხილეთ ვიდეო).

ხინჩეგაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ილეთებსაც აკეთებდა და მხოლოდ ტაქტიკის იმედზე არ იყო. ვფიქრობთ, ლადოსთვის ყველაზე მძიმე ნახევარფინალი იქნებოდა იაპონელთა მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ შინიჩი იუმოტოსთან!

ეს იყო ნამდვილ ბრძოლაში, მართლაც ომით და ბრძოლით მოგებული შეხვედრა, როცა ქართველმა ფეხის ტკივილის გამო მეორე პერიოდი დათმო, მესამეში კი ჯერ ორჯერ თითოქულიანი გადაყვანა გაუკეთა, ბოლო წამები კი მედგარ ბრძოლაში, მეტოქის ფეხს ჩაფრენილმა გაატარა და მოგება, რომ იტყვიან, კბილებით გაიტანა (იხილეთ ვიდეო).

მთლიანობაში, ხინჩეგაშვილზე ცუდი მაინც არ გვეთქმის, ოღონდ ცოტა მეტი მონდომება მაინც მართებდა. ეტყობა, მასზე წაგებულმა წინა ბრძოლებმაც იმოქმედეს, თუმცა ბოლო თვეებში, თუნდაც ევროპის შემდგომ პერიოდში ჩეჩენმაც საგრძნობლად მოუმატა.

დამაინც, ამ შეხვედრის შედეგი უფრო მსაჯთა ნამუსზე გვგონია.

Sportall.Geხუციშვილი ცარგუშს შეახუცდა
10 აგვისტოს ურიგოდ არც მსოფლიოს პრიზიორ დავით ხუციშვილს (74) უასპარეზია, მაგრამ რუსთა აფხაზ დენის ცარგუშთან წლეულს უკვე მეორედ დამარცხდა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და საბოლოოდ უმედლოდ დარჩა (იხილეთ ვიდეო).

პირველ წრეში მონღოლ უნურბატ პურევჯავს ორ პერიოდში იოლად მოუგო - 1:0; 2:0 (იხილეთ ვიდეო), მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად გრძელხელება და მოქნილ გვინეა-ბისაუელ აუგუსტო მიდანასთან დამატებითი დრო დასჭირდა!

Sportall.Geპირველი ორი პერიოდი ერთნაირი ნაგარიშით დასრულდა - 1:0, მესამეში კი ხუციშვილმა 3:0 იმარჯვა (იხილეთ ვიდეო).

სამწუხაროდ, ჩვენებური ცარგუშთან კვლავაც უშანსოდ იყო - 4:0; 1:0...

ჩვენებურმა არც ამჯერად უღალატა დაცვით ჭიდაობას. მან აუცილებლად უნდა ისწავლოს აგრესიული შეტევა და თავიც მაღლა დაიჭიროს, თორემ ცარგუშივით არც სხვა დაუთმობს ნებით ინიციატივას.

ნახევარფინალში რუსი ამერიკელ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ იორდან ბურგესთან დამარცხდა და დათოც გავარდა. ამ წონაში მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალი განმეორდა - ბურგესი კვლავაც ირანელ სადეგ საეედ გოუდარზის შეხვდა, თუმცა ახლა ბევრად დამაჯერებლად მოუგო, ვიდრე - შარშან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"მთლიანობაში, ხინჩეგაშვილზე ცუდი მაინც არ გვეთქმის, ოღონდ ცოტა მეტი მონდომება მაინც მართებდა." - იქნებ დააკონკრეტოთ რომელი ჭიდაობისას აკლდა მონდომება?
pirkusha
13:35 11-08-2012
0
ვინები არიან ამ ბიჭის მწვრთნელები,რატომ არ გააპროსტესტეს თავიანთი ინიციატივით დოლო გდების არ ჩათვლა,რატომ გააპროტესტეს ხინჩეგაშვილის მოთხოვნის შემდეგ ??????????????? გამაგებინეთ ხალხო,იმ მსაჯმა დროზე ადრე აწია დამთავრების ალამი,კარგად ჩანდა ,რომ ხინჩეგაშვილმა ილეთის გაკეთება ძირითად დროში მოასწრო , ეს ირაკლი თავაძე ვინ არის,წეღან ვუსმინე პირველ არხზე,ტიპმა რა სისულეები ილაპარაკა,მემგონი ფეხში ეჭირა ოტარსულტანოვ ჩვენი ფალავანიო :))))))))))))))))))))))
kartveli
13:41 11-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული