ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადაზე: წაგებული ფინალები და ფავორიტები

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორ-ორი ვერცხლ-ბრინჯაოთი დაამთავრა გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე.

10 აგვისტოს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55) მიერ მოპოვებულ ვერცხლს ამ უქმეებზე დავით მოძმანაშვილმა (120) ამავე სინჯის მედალი შეჰმატა, დავით მარსაგიშვილმა (84) და გიორგი გოგშელიძემ (96) - ბრინჯაო.

ამდენად, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ლონდონში 7 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო და სამ-სამი ვერცხლ-ბრინჯაო.

საინტერესოა, რომ ყველა საჭიდაო სახეობების მონაგარია. "თავისუფალთა" შედეგზე უკვე გითხარით, სხვა სახეობებიდან კი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (66) გახდა, ბერძენ-რომაელთაგან ვერცხლი რევაზ ლაშხმა (60) მოიპოვა, ბრინჯაო - მანუჩარ ცხადაიამ
(66).

ამ შედეგით საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში 39-ე და მე-40 ადგილები გაიყო მექსიკასთან ერთად.

Sportall.Geმალხაზ ზარქუას (60) უცნაური ოლიმპიადა
11 აგვისტოს მოასპარეზე სამეულიდან პირველ შეხვედრაში ყველაზე სერიოზული მეტოქე ევროპის ვიცე-ჩემპიონ მალხაზ ზარქუას შეხვდა - უკრაინელი ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვასილ ფედორიშინი (იხილეთ ვიდეო).

ეს ძლიერი მეტოქე ზარქუამ ევროპის 2010 წლის პირველობაზე დაამარცხა და მერე ფინალშიც იჭიდავა.

ეს კარგი დასაწყისისთვის გარკვეულ იმედს გვაძლევდა, რაც ჩვენებურმა ნაწილობრივ გაგვიმართლა - უკრაინელს კი მოუგო, მაგრამ მერე ამერიკელ ლუის კოლემან სკოტთან წააგო (იხილეთ ვიდეო).

ამერიკელი მოგვიანებით მესამეზე კი გავიდა, მაგრამ აქამდე თვით პანამერიკის მასშტაბითაც კი არაფერი ჰქონდა მოგებული.

თან ისიც გავითვალისწინოთ, რა ბადიდან გავიდა ბრინჯაომდე - ძირითადში პირველივე სერიოზულ მეტოქესთან, აზერბაიჯანელთა მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასკაროვთან წააგო, თუმცა ბრინჯაოსთვის ძლიერ იაპონელს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ კენიჩი იუმოტოს აჯობა.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც მეეჭვება, სკოტი ფედორიშინზე უფრო კარგი მონაცემების ფალავანი იყოს, მაგრამ, ეტყობა, ამ კონკრეტულ ტურნირს კარგად მომზადებული შეხვდა, რასაც ჩვენებურზე ვერ ვიტყვით. თუმცა წაგებასაც გააჩნია - ამერიკელმა ძალზე თავისუფლად მოიგო, ზარქუას კი ქულის მოპოვების რეალური შანსიც არ ჰქონია. 1:0; 7:0 მეტოქის სასარგებლოდ და ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს.

არადა, ფედორიშინს ჩვენებურმა საკმაოდ იოლად აჯობა - 5:0 ორ პერიოდში და თითქოს იანკთან ასეთი პრობლემები არ უნდა შეჰქმნოდა.

საბოლოოდ ზარქუას სანუგეშოში გადასვლის საშუალება არ მიეცა, თუმცა მისი წაგება არაფერია იმასთან შედარებით, რაც ფინალში რუსთა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ბესიკ კუდუხოვს შეემთხვა - ეს საჩემპიონოდ ჩასული კაცი ასკაროვმა პატარა ბავშვივით აბურთავა.

საქართველოში დაბადებულ კუდუხოვს ნუგეშად ისღა დარჩა, რომ წინა ოლიმპიადის მიღწევა გააუმჯობესა და ერთი ადგილით წაიწია წინ.

ქების ღირსია ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ასკაროვიც. 20 წლის ბიჭმა ლონდონში საკმაოდ ძნელი გზა გაიარა, თუმცა ფინალი ყველაფრის გვირგვინი გამოდგა.

ზედიზედ მეორე თამაშებია, ინდოელები თავისუფალ ჭიდაობაში კვარცხლბეკზე ადიან. იქ ჭიდაობის ამ სტილის აღმავლობაში ლომის წილი ვლადიმერ მესტვირიშვილს უდევს, რომელიც დაახლოებით 15 წელიწადია, იქ მუშაობს და სპორტსმენებთან ერთად მწვრთნელთა თაობებიც გამოზარდა.

პეკინში თუ მისმა შეგირდებმა ბრინჯაო მოიპოვეს (სუშილ კუმარმა (66), რომელზეც ქვემოთ საგანგებოდ ვისაუბრებთ), ამჯერად ამ სინჯის მედალს ვერცხლიც დაუმატეს. კუმარის შემდეგ ინდოელთა მეორე ოლიმპიური მედალოსანი იოგეშვაარ დუტი გახდა ამ წონაში, რაც ინდოელმა ქომაგებმა ძალზე ემოციურად იზეიმეს. ისინი ჟურნალისტთათვის განკუთვნილ მიქს-ზონაშიც კი შეცვივდნენ და მათ იქიდან გამოსაყვანად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

ამ ზეიმს დასაბამი დუტიმ მისცა, როცა სასტვენის შემდეგ მალაყებზე გადავიდა ლეიბზე. აზიის ჩემპიონმა ინდოელმა საწადელს თავის მესამე ოლიმპიადაზე უწია.

1. ტოგრულ ასკაროვი (აზერბაიჯანი);
2. ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი);
3. ლუის კოლემან სკოტი (აშშ), იოგეშვარ დუტი (ინდოეთი).
9. მალხაზ ზარქუა (საქართველო).

ოთარ თუშიშვილის (66) მეოთხე ცდა
ტრავმებით გატანჯულმა გუნდის 34 წლის ლიდერმა მოსალოდნელზე სუსტად იასპარეზა.

რაც უნდა ვილაპარაკოთ უზბეკ იხტიორ ნავრუზოვის სიძლიერეზე (თუმცა დაუმარცხებელი რომ არ იყო, მომდევნო წრეშივე ძნელად, მაგრამ მაინც დაამტკიცა ზემოხსენებულმა ინდოელმა კუმარმა), ფაქტია, რომ ჩვენი ევროპის ორგზის პრიზიორი, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი საკუთარ თავს არ ჰგავდა (იხილეთ ვიდეო).

მან ორივე პერიოდში იოლად გაფლანგა უპირატესობა, რაც ასევე საერთო სენია - ჩვენებმა უნდა ისწავლონ ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობა, ტაქტიკური მოქმედება ლეიბზე. ამის არცოდნამ ბევრი ჩვენიანი აზარალა.

თუშიშვილს აშკარად ეტყობოდა ტრავმების კვალი - უფრო ნელა მოძრაობდა, თორემ შემართება იქნებ არ აკლდა. ეს არაა პირველი ტურნირი, როცა ნატანჯი ორგანიზმი მეტის საშუალებას არ აძლევს.

უზბეკი მეორე შეხვედრაში უძნელეს ბრძოლაში დამარცხდა კუმართან და ქართველი, რომელიც მეოთხე ოლიმპიადაზე ჭიდაობდა, გავარდა.

ამ წონაში თვალშისაცემია აზიელთა დომინირება და ევროპელთა კრახი - ისინი ბრინჯაოსაც კი ვერ შეწვდნენ. აქ აზიური ფინალი ვიხილეთ, სადაც იაპონელმა ტაცუჰირო იონემიცუმ ზემოხსენებული ინდოელი კუმარი დაამარცხა. არადა, ინდოელმა პირველ წრეში თურქი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რამაზან შაჰინი დაჯაბნა და მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა.

თვალშისაცემია მისი აღმავალი კარიერაც - პეკინში მოპოვებული ბრინჯაოს შემდეგ 2010-ში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ამჯერად კი, პეკინთან შედარებით, ერთი ადგილით წაიწია წინ.

იაპონელი აქამდეც ლიდერი იყო მსოფლიოზე მოპოვებული ვერცხლ-ბრინჯაოთი და იმიჯი ახლაც გაამართლა.

მოულოდნელი იყო მსოფლიოს შარშანდელ ირანელ ჩემპიონ მეჰდი კერმან ტაგავის მარცხი პირველივე წრეში მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან, კუბელ ლივან ლოპეს აზქუისთან. ასევე - რუსთა ახალგაზრდა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ალან გოგაევის წაგება ასევე პირველივე ეტაპზე ტაჯიკ ზელიმხან იუსუპოვთან.

1. ტაცუჰირო იონემიცუ (იაპონია);
2. სუშილ კუმარი (ინდოეთი);
3. ახზურეკ ტანატაროვი (უზბეკეთი), ლივან ლოპეს აზქუი (კუბა).
12. ოთარ თუშიშვილი (საქართველო).

Sportall.Geდავით მარსაგიშვილი (84): ოლიმპიადის მსხვერპლი
მარსაგიშვილი რომ ოლიმპიური ჩემპიონობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იყო, ამას მისი მეტოქეებიც აღიარებდნენ. თუმცა, ეტყობა, ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო და "გადაიწვა".

ყოველ შემთხვევაში, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა თურმანიძეს თუ ვენდობით, მან ნერვები ვერ მოთოკა და ცუდადაც კი გახდა.

ალბათ, არცაა გასაკვირი - მარსაგიშვილმა უკვე საკმაო გამოცდილება კი მიიღო და ბრიტანეთში ევროპის ჩემპიონის რანგშიც ჩავიდა, მაგრამ ის ჯერ მაინც 21 წლისაა, ცხოვრებაში კი არის რაღაც, რაც წლებმა უნდა მოიტანოს - თავდაჯერება, გამოცდილება, ხასიათის სიმტკიცე...

სხვა საკითხია, რატომ აქვთ ეს თვისებები მის უცხოელ თანატოლებს და არა ჩვენებს, თუმცა, ჩანს, დათომ ლიდერის ტვირთს ვერ გაუძლო.

ალბათ, ამით უნდა აიხსნას პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპ ესპინალისთან მარცხი (იხილეთ ვიდეო).

არადა, მასთან შეხვედრაც ისე დაიწყო, მანამდე კი მონღოლ უიტუმენ ორგოდოლს ისე იოლად აჯობა, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, ავს ვერაფრით იფიქრებდი კაცი (იხილეთ ვიდეო). მონღოლს 9:1; 7:4 მოუგო, პუერტორიკოელთან კი 4:0 დაწინაურდა.

აი, ამის შემდეგ მოიშალა... პირველი პერიოდი 5:5 დასრულდა, თუმცა მეტოქეს სამქულიანი გდება ჰქონდა და ამით იგებდა.

ჩვენები ვა-ბანკზე წავიდნენ და გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ და კიდევ ერთი ქულით დავისაჯეთ. მდგომარეობის გამოსწორება მეორე პერიოდში შეიძლებოდა, მაგრამ მარსაგიშვილმა საერთოდ დაკარგა კონცენტრაცია. შედეგად, როცა მეტოქემ ფეხით გამოცელა, ერთი ქულა კი აუღო საპასუხოდ, მაგრამ ესპინალიმ დაიჭირა და იოლად ატრიალა, ვიდრე სუფთა მოგება არ გაინაღდა - 6:1.

პუერტორიკოელი აქამდე დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა - პან-ამერიკის მასშტაბითაც კი არ მოუგია არაფერი. ლიცენზიაც რეგიონულ ტურნირზე მოიპოვა და იქაც მეორეზე გავიდა. არადა, საკმაოდ ძლიერი მოჭიდავე აღმოჩნდა - ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც. გამძლეობაც კარგი ჰქონდა და მოქნილიც იყო. რაც მთავარია, ილეთებს აკეთებდა - ფეხსაც კარგად იყენებდა და მოგვიანებით ერთ-ერთ შეხვედრაში კისრულზეც წამოიღო მეტოქე.

პარადოქსია - როცა სხვები ჩვენივე ილეთით გვიგებენ, ჩვენში ფეხით ჭიდაობა ლამის მიივიწყეს, როგორც ახალი წესებისთვის შეუფერებელი.

ესპინალის დადებითი მხარეების მიუხედავად, ეტყობა, მარსაგიშვილმა სათანადოდაც არ შეაფასა ის, ხოლო როცა წინააღმდეგობას წააწყდა, ფსიქოლოგიურად ისედაც დაძაბული კიდევ უფრო მოიშალა. ყოველ შემთხვევაში, ადრეც მომხდარა, მოულოდნელად რომ დაკარგავდა ქულას, მერე უჭირდა კონცენტრაცია...

ესპინალი
ფინალში კი გავიდა, მაგრამ მარსაგიშვილის შემდეგ ისეთიც არავინ რჩებოდა, მის შეჩერებას რომ მოახერხებდა. ვფიქრობთ, ჩვენებურს მართებდა მისი დამარცხება.

ეჭვიც არ გვეპარება, მარსაგიშვილი აუცილებლად მოიპოვებს დიდ გამარჯვებებს, თუმცა ოლიმპიადაზე ფინალში გასვლის ასეთი შანსი, ასეთი იოლი წილისყრა იქნებ არც მიეცეს. მას რომ მეტი შეუძლია, ეს ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც (მანამდე ნიგერიელი ანდრეი ადიბო დიცკი არ გამოუცხადდა) დაამტკიცა ბელარუს სოსლან გაციევთან - იოტისოდენა შანსიც არ მისცა მეტოქეს, ისე მოუგო 3:0; 3:1 (იხილეთ ვიდეო).

ჩვენებური წონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, ოღონდ მან უნდა ირწმუნოს, რომ ყველას დამარცხება შეუძლია. თან, რაც უფრო მალე დაარწმუნებს თავს ამაში, მით უკეთესი.

ამ წონის ფინალში ესპინალი ვაჟკაცურად კი ეომა აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს, მაგრამ გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა.

დაღესტანში დაბადებული ავარელი შარიფოვი საკმაო ხნის წინ გადაბარგდა ბაქოში - ერთ-ერთი პირველი იყო იმ ტალღიდან, ჩრდილო კავკასიიდან აზერბაიჯანში რომ დაიძრა. ის შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა მერე წონის პრობლემამ შეაწუხა და ერთი პერიოდი 96-შიც კი ცდილობდა გადასვლას.

შარიფოვი
აკადემიური ტიპის, საკმაოდ სწრაფი, დაკვირვებული და ტექნიკური მოჭიდავეა, რომელსაც მარსაგიშვილი სავსებით სამართლიანად მიიჩნევს უმთავრეს კონკურენტად. მან პუერტორიკოელს ძირითად დროში აჯობა - 8:1 და ახალ სამშობლოს მეორე ოქრო მოუტანა.

სხვათა შორის, აზერბაიჯანმა მხოლოდ ჭიდაობაში მოიპოვა ოქროები - 2, რაც დიდწილად მათი მთავარი მწვრთნელის, ასევე დაღესტნიდან მიწვეული ავარელი ოლიმპიური ჩემპიონის - საიპულა აბსაიდოვის დამსახურებაა, რომელმაც მწვრთნელის რანგშიც იზეიმა უდიდესი წარმატება.

ისე, შეგირდებისა არ იყოს, ესეც კაი ჯანზეა - ასკაროვი და განსაკუთრებით შარიფოვი ისე თავისუფლად შეიგდო მხრებზე და ლეიბის ირგვლივ საპატიო წრეზე შემოარბენინა.

1. შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი);
2. ხაიმე იუსეპ ესპინალი (პუერტო რიკო);
3. დავით მარსაგიშვილი (საქართველო), ეჰსან ნასერ ლაშგარი (ირანი).

Sportall.Geგიორგი გოგშელიძის (96) აუღებელი სიმაღლე
გორს 12 აგვისტოსაც მიეცა ოლიმპიური დუბლის გაკეთების კარგი შანსი, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე ნახევარფინალში დამარცხდა და თავის მეორე ოლიმპიადაზეც ბრინჯაოს დასჯერდა.

ვფიქრობთ, მან ამერიკელი მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორი იაკობ ვარნერი სათანადოდ ვერ შეაფასა და ამიტომ წააგო (იხილეთ ვიდეო).

ჩვენებურმა პირველი პერიოდი კარგად ჩაატარა მოლდოველ ევროპის მედალოსან ნიკოლაი ცებანთან (იხილეთ ვიდეო), თუმცა მეორეში ცოტა მოუკლო. ვფიქრობთ, ის ამ დროს ძალებს იზოგავდა და უკვე ფინალზე ფიქრობდა.

მით უფრო, ბედმაც გაუღიმა და ისედაც ბადის მეორე მხარეს მოხვედრილი მთავარი კონკურენტები ერთმანეთის მოყოლებით გავარდნენ - ოსეთიდან ყაზახეთში გადასული თეიმურაზ თიგიევი, რომელმაც პეკინში არასპორტული ხერხებით აჯობა ჩვენებურს, პირველივე წრეში რუსთა ავარელ ევროპის ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან დამარცხდა; მომდევნო შეხვედრაში უკვე გადისოვი აქცია მაყურებლად ირანელმა მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა რეზა მოჰამად ალი იაზდანიმ.

აზერბაიჯანელი ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი უკრაინელმა ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ვალერი ანდრეიცევმა დამატებით დროში 4:1 დაჯაბნა, თუმცა არც ამას დასჯერდა და ნახევარფინალში იაზდანიც დაამარცხა, ოღონდ ამან ტრავმა მიიღო...

ასეთი რეალობის ფონზე იქნებ გოგშელიძემ მართლაც ნაადრევად ირწმუნა ფინალისტობა, ხოლო თუ ასე არაა, მაშინ მომზადება ჰკლებია და იმ მეორე პერიოდების ინერტულობაც ამის ბრალია. თუმცა მაინც უფრო თავის დაზოგვა გვგონია, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იმდენად დამაჯერებლად და ლამაზად მოუგო უზბეკ მსოფლიოს პრიზიორ ყურბან ყურბანოვს... (იხილეთ ვიდეო)

მე თუ მკითხავთ, ამ ქრესტომათიულ შეხვედრაზე უნდა ასწავლო პატარებს ჭიდაობის ანა-ბანა - როგორ უნდა დაიჭირო მეტოქე და არ მისცე გასაქანი; როგორ უნდა მოამზადო ილეთი და როგორ გადაიყვანო ჩოქბჯენში; როგორ უნდა გადახვიდე ქულაზე და საერთოდ, როგორ უნდა დაამარცხო მოწინააღმდეგე.

ეს არამხოლოდ შედეგიანი, მართლაც ლამაზი, ჭკვიანურად წარმართული ორთაბრძოლა იყო, სადაც შემსრულებელი, ანუ გოგშელიძე თითქოს საჭიდაო დიაგრამას გვიხატავდა დაფაზე.

ძალზე ცუდია, რომ ეს მხოლოდ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ხდებოდა და არა ფინალში.

სხვათა შორის, ჩვენებურს ყურბანოვთანაც დამატებითი დრო დასჭირდა - პირველ პერიოდში მიწოლით წრიდან გაიყვანა და 1:0 იმარჯვა, თუმცა ჯობდა, ასე არ მოქცეულიყო და ქართველი არ გაებრაზებინა. გოგშელიძე წუთშესვენების შემდეგ ისე მოიქოქა, დაღესტნელმა უზბეკმა ვერაფერი მოუხერხა. მისი წარმატება უჩვეულო გააქტიურებამ გამოიწვია, რომლითაც მთელი ორი პერიოდი სრულ წნეხში ჰყავდა და ნაირ-ნაირი შესვლა, გადაყვანები თუ ჩოქბჯენიდან დატრიალებები გაუკეთა.

ესეც ერთი მაგალითი იმისი, რომ დაღლილი არ იყო და ძალა კიდევ ერჩოდა. სამწუხაროდ, ამერიკელთან ეს მხოლოდ პირველ პერიოდში გამოიყენა, რომელიც 2:0 მოიგო, მომდევნოები კი 0:1 დათმო.

ცოტა არ იყოს, მას არც ბედი სწყალობდა - ბურთულამდე საქმე ორჯერ მივიდა და ორივეჯერ მეტოქის ფერი ამოვიდა, მათ შორის - ამერიკელთანაც. ოღონდ თუ მოლდოველთან მშვენივრად დაუხურა და იქით აუღო ქულა, ვარნერს ვეღარ გაექცა. არადა, თვითონ რომ შესულიყო ფეხში, სავარაუდოდ, პერიოდსაც მოიგებდა და - შეხვედრასაც. ეს ფაქტორი მის მარცხს კიდევ უფრო გულსატკენს ხდის.

სამწუხაროა, რომ გორელი ფალავანი ამჯერადაც ოქროს გარეშე დარჩა. ალბათ, ბედის ირონიაა, რომ მთავარი კონკურენტები - გოგშელიძე და გაცალოვი გვერდიგვერდ იდგნენ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე; ჩემპიონი ვარნერი გახდა, რომელმაც ანდრიიცევი იოლად დაჯაბნა.

ამ წონას ბოლო წლებში უცნაურობა დაებედა - იშვიათად, სხვაგან ამდენი ვარსკვლავი იყოს, თუმცა მსოფლიოს შარშანდელი პირველობის მსგავსად, აგერ, მეორე დიდი ტურნირია, მათ ნაცვლად საჩემპიონო გვირგვინს სხვები იდგამენ.

Sportall.Geდავით მოძმანაშვილი (120) ლეგენდას შეუდრკა
დავით მოძმანაშვილმა ბოლომდე მაინც ვერ გადალახა ფსიქოლოგიური ფაქტორი - ფინალში აშკარად აკლდა შემართება, თითქოს შეგუებული იყო მარცხს.

საუბედუროდ, არც ჭიდაობისას ეტყობოდა ჟინი...

ეტყობა, დაკმაყოფილდა ნახევარფინალში რუს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ბილიალ მახოვის ძლევით...

არადა, ტურნირი მართლაც ამაღლებული განწყობით დაიწყო. მით უფრო, პირველი მეტოქეც სუსტი ერგო - მექსიკელი ხესე ლუის ფლორესი, რომელსაც რეტი დაასხა, იმდენი ატრიალა - 4:0; 7:0 (იხილეთ ვიდეო).

ყაზახი დაულეტ შაბანბაი ასეთი ტომარა არ იყო, მაგრამ დათომ მაინც იოლად მოუგო - 5:0 ძირითად დროში (იხილეთ ვიდეო) და ნახევარფინალში მახოვთან საჭიდაოდ გაემზადა.

ყაბარდოელი ფალავანი დაღესტანში ვარჯიშობს რუსეთის ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელ მაგომედ ჰუსეინოვის ხელქვეით. ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენც ვწერდით მაგომედოვის ინტერვიუზე, სადაც მწვრთნელი პირდაპირ არ საყვედურობდა შეგირდს მომზადებაზე, მაგრამ ქვეტექსტით აშკარად იგრძნობოდა, რომ არ იყო მისით კმაყოფილი.

ისიც ჩანდა, რომ მათ შორის მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არაა. მაგომედოვის გულისტკივილს ის იწვევდა, რომ მახოვმა არ იჭიდავა გერმანიის ტურნირზე. მან არც შარშან დამიჯერა და სატურნირო პრაქტიკა დააკლდა, ამიტომ გავიდა მსოფლიოზე მეორეზეო, - თქვა მწვრთნელმა.

ამჯერადაც ასე მოხდა - მახოვს წინ დაუხვდა მწვრთნელის სიტყვები.

მოძმანაშვილი რუსთან შესახვედრად მობილიზებული გავიდა და პირველ პერიოდში გადაყვანით ქულაც მალე აუღო. მეორეში მახოვმა თავისი სტილი გაიხსენა - ტანკივით მიაწვა და წრიდან გაიყვანა, მაგრამ ქართველმა მალევე გაქვითა და ანგარიშიც შეინარჩუნა, რითაც წონის მთავარი მოულოდნელობაც შემოგვთავაზა (იხილეთ ვიდეო).

ეს თუ სპორტული გმირობა იყო, ამის შემდეგ მოძმანაშვილმა რაინდული საქციელი გვაჩვენა - ხტუნვა-როკვის ნაცვლად, მივიდა და ლეიბზე დამხობილ მეტოქეს კარგა ხანს აწყნარებდა. მახოვი ის კატეგორიაა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ოლიმპიურ ჩემპიონობას.

სამწუხაროდ, ჩვენებურს ის შემართება, რაც მახოვთან ვიხილეთ, ფინალში უკვე არ ეტყობოდა უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან... ამის ნათელი მაგალითი პირველი პერიოდის დამატებითი წუთები იყო, როცა ტაიმაზოვმა ჩვენებურის ფერი ამოიღო და მოძმანაშვილი ფეხშიც შევიდა, მაგრამ მეტოქემ ძალიან იოლად დაუხურა და იქით გადაიყვანა ქულაზე...

უზბეკმა მეორე პერიოდშიც ასე იოლად მოიპოვა გამარჯვების მომტანი ქულა (იხილეთ ვიდეო).

აღსანიშნავია, რომ ეს უზბეკეთის ერთადერთი ოქროა ამ ოლიმპიადაზე.

შესაძლოა, მოძმანაშვილზე მეტოქის ტიტულებმაც იმოქმედა. ტაიმაზოვი უზბეკეთის სახელით კი გამოდის, მაგრამ ეროვნებით ოსია.

თუშიშვილის
არ იყოს, ისიც მეოთხე ოლიმპიადაზე გამოვიდა. აქამდე მას ორჯერ მოეგო მსოფლიოს პირველობა, ორჯერ - ოლიმპიადა და ერთხელაც ვერცხლი ჰქონდა. ახლა კი ისევ გაიმარჯვა და ჭიდაობის სამყაროში მეოთხე კაცი გახდა, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ატარებს.

შეგახსენებთ, სამი ოლიმპიადა ალექსანდრ მედვედს, ალექსანდრ კარელინსა და ბუვაისა საიტიევს მოუგიათ. ალბათ, 33 წლის ტაიმაზოვი ასე დიდების ზენიტში დაამთავრებს კარიერას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვერცხლი და სინანული - მორიგი ქართული დრამა ლონდონში [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული