ლუკა კურტანიძე: მარტინეტი არაოფიციალურ გადასახადს გვთხოვდა

AutoSharing Option
ლუკა კურტანიძე ყოველთვის საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევდა, რაც პოლიტიკაში ჩართვამ და ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტად მოსვლამ კიდევ უფრო გაზარდა.

მით უფრო - ბოლო დღეებში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ. თუმცა ეს კონფლიქტი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც აღმოჩნდა და ფედერაციაში არსებულ ხარვეზებზე სამინისტროშიც ალაპარაკდნენ და - ოლიმპიურ კომიტეტშიც.

ნეგატიურ მოვლენებზე ალაპარაკდნენ თავად მოჭიდავეებიც, თუმცა, სამწუხაროდ, ღიად საუბარს კვლავაც ყველა ერიდება. სამაგიეროდ, არ მოერიდა თავად კურტანიძე, რომელმაც კონკრეტული ფაქტიც დაასახელა.

ბუნებრივია, ჩვენ მოსამართლედ ვერ გამოვდგებით და არც არავის ვაბრალებთ რამეს. ამასთან, კვლავაც ვაღიარებთ პოსტებიდან მოხსნილი მწვრთნელების
კვალიფიკაციას.

მეტიც - ნამდვილად არ გვინდა, ისინი გარეულნი იყვნენ მთელ ამ თამაშებში, მაგრამ ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ ანალოგიური ბრალდებები უკვე მერამდენე ფედერაციის მისამართით გაისმის!

მოკლედ, გთავაზობთ ინტერვიუს ლუკა კურტანიძესთან...

- გვინდა თუ არა, ფედერაციაში მომხდარ ჩხუბს გვერდს ვერ ავუვლით, რომელმაც საკმაოდ ბევრი პრობლემა წამოატივტივა...
- მე მგონი, ეს თემა იწურება - მაგისი არც დროა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა. ახლა მთავარი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც კარს მოგვადგა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ და თამამად შეიძლება ითქვას, მართლაც ასეთ ტემპში ვართ.

მაქსიმალურად ვიხარჯებით, რომ ამ პირველობას ღირსეულად ვუმასპინძლოთ. ეს ჩემპიონატი სცდება სპორტის საზღვრებს, რადგან 47 ევროპული ქვეყანა გვეწვევა. ტარდება ორდღიანი კონგრესი, გუნდები კი 15 მარტიდან უკვე იწყებენ ჩამოსვლას.

მათი განთავსების თუ სხვაგვარი ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად სამთავრობო კომისია უნდა შეიქმნას და ამ ღონისძიების მასპინძლობაში რამდენიმე სამინისტრო უნდა ჩაერთოს.

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი უახლოეს დღეებში ხელისუფლებას სათანადო მონახაზს წარუდგენს.

სადღეისოდ კომისია შექმნილია ფედერაციისა და სამინისტროს დონეზე, რომელმაც ეგრეთ წოდებული შავი სამუშაო უკვე მოაგვარა და ყიფიანმა ესეც უნდა გააცნოს მთავრობას.

პარალელურად, გუნდსაც ვამზადებთ ამ შეჯიბრებისთვის, რომელიც სადღეისოდ შეკრებაზეა, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა ტურნირშიც მონაწილეობს.

სასიხარულოა მათი კარგი გამოსვლა თურქეთში "დიდ პრიზზე", სადაც 3 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვეს - ასეთი მასშტაბური წარმატება იქ ჯერ არ გვქონია.

მინდა, მადლობა ვუთხრა მწვრთნელებს. ეს ერთ-ერთი ტესტი იყო და მიხარია, რომ გამოცდის პირველი ეტაპი ასე წარმატებით გავიარეთ.

ჩვენები კარგად გამოვიდნენ კიევის ტურნირშიც. ახლა გუნდი მეორე შეკრებაზეა ბორჯომში, სადაც საკონტროლო შეხვედრებს ჩემპიონთა კლუბის წევრებიც დაესწრებიან, გაკეთდება ანალიზი და ამის შემდეგ დაკომპლექტდება ნაკრები.

პარალელურად, ახალგაზრდების საქართველოს პირველობაც უნდა ჩავატაროთ. გავმართეთ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირი და შეიძლება ითქვას, ნამდვილად 24-საათიან, შრომატევად რეჟიმში ვმუშაობთ.

ამდენად, საქმემ სრულად გადაფარა ის ვნებათაღელვა, რაც ჭიდაობის ფედერაციაში იყო.

- ამის მიუხედავად, მაინც რჩება უპასუხო კითხვები, მაგალითად, წესდებასთან დაკავშირებით, სადაც მერვე პუნქტი მწვრთნელთა მოხსნა-დანიშვნის საკითხის პრეზიდიუმთან შეთანხმებას გავალებთ და არ გაძლევთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. მინისტრმაც განაცხადა, ორივე მხარემ გადააჭარბეთ უფლებებსო... ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა იჩქარეთ და სხვანაირი მიდგომა აჯობებდა?

- ვერანაირად ვერ დავიცდიდი, რადგან მწვრთნელთა ამ ჯგუფმა დიდხანს იმუშავა და უამრავი შეცდომა დაუშვა.

განსხვავებული ვითარებაა ბერძნულ-რომაულ ნაკრებთან დაკავშირებით, აქ კი წლების განმავლობაში მათი შეცდომების მსხვერპლი მეც ვიყავი, რაც ჩემს შედეგებზეც აისახა.

2004 წლის ოლიმპიადა კატასტროფა იყო, მაგრამ პასუხი არავის უგია. წინასაარჩევნო კამპანიისას პირდაპირ ვამბობდი, რომ ცვლილებებს აუცილებლად განვახორციელებდი და ეს დამალული არავისთვის ყოფილა.

თან, ეს ჩემი მოწინააღმდეგე ხალხი აქტიურად მონაწილეობდა არჩევნებში, ისინი იდგნენ საარჩევნო ურნებთან და ლამის გადაჰყვნენ ამ ყუთებს.

იყვნენ კომისიებშიც, რაც, ვფიქრობ, მათი პროფესიიდან გამომდინარე, არ ევალებოდათ. ასევე, არ ევალებოდათ საარჩევნო ბატალიებში მონაწილეობა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს.

მათიც მესმის, თუმცა მთელ მსოფლიოში აპრობირებულია - როცა ახალი გუნდი მოდის, ძველი მიდის.

- ანუ ზონდერჯგუფების თემამდე მივდივართ, რაზეც კულისებში ასევე აქტიურად ლაპარაკობენ?
- მთლად ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ნებით თუ უნებლიე გადახვევებით, დუმილით, როცა, როგორც პროფესიონალებმა, ხმა არ აიმაღლეს და სუფთა სპორტული თვალსაზრისით დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობეს ის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია.

ვგულისხმობ დუშეთის ბაზაზე მზადებას, როცა თითქოს იქაურობა სჯობდა ბორჯომს. დუშეთს რატომ არჩევდნენ, ყველამ კარგად იცის - ხელისუფლების წარმომადგენელთა პირადი ინტერესი იყო, რასაც ძალაუნებურად აძლიერებდა მწვრთნელების დუმილი. ამან კი სახელმწიფოს საკმაოდ დიდი ფინანსური რეზერვის არამიზნობრივ ხარჯვამდე მიგვიყვანა.

ამაზე ხელს ვერ გადავუსვამთ ვერავის და ვერც წავახალისებთ. მათ თავიანთი შეცდომები უნდა გაიაზრონ, თორემ მწვრთნელებად მუშაობას არავინ უშლით.

პირიქით - ყველა პირობას ვუქმნით საამისოდ. უბრალოდ, 20 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომაა დაშვებული, რაც უნდა გააანალიზონ.

წესდებას რაც შეეხება, 1989 წლიდან ის ოთხჯერაა შეცვლილი და მორგებულია იმ ადამიანებზე, ვინც ამ პერიოდში ფედერაციას მართავდა.

1995 წლის წესდება რომ ავიღოთ, ის ძალზე ნორმალურია, მაგრამ მერე, მაგალითად, პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ლუკა კურტანიძე ვერასოდეს შეეგუება "ნაციონალებისგან" მორგებულ წესდებას.

პრეზიდენტად მოსვლისას ვთქვი, რომ უნდა ავიღოთ სწორი მიმართულება, რომელიც რაოდენობრივად და ხარისხობრივად გააუმჯობესებს შედეგებს.

როგორც კი ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გადავდგით, იაშარ დოგუს უძლიერეს ტურნირზე ერთბაშად 3 ოქრო მოვიპოვეთ, როცა ბოლო ოცი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი გვქონდა.

ამდენად, რეფორმამ შედეგი პირველი ცდაზე მოგვიტანა და მჯერა, რომ ევროპაზე კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება, რადგან დიდი რეზერვი გვაქვს.

- იმავე პროფესიულ შეცდომებს ბერძენ-რომაელებიც ხომ უშვებდნენ? ანუ ისინიც დუშეთის ბაზაზე ემზადებოდნენ, მაგრამ იქ მსგავსი პროცესი არ მომხდარა და, ალბათ, ევროპის ჩემპიონატამდე ცვლილებებს არც უნდა ველოდოთ...
- ევროპის პირველობამდე მართლაც არ მოხდება, რადგან იქ განსხვავებული ვითარებაა - მწვრთნელებსა და სპორტსმენებს სამაგალითო ურთიერთობა აქვთ.

"თავისუფალთა" ნაკრებში მომხდარმა ცვლილებებმა სპორტსმენთა აღფრთოვანება გამოიწვია.

დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ურთიერთპატივისცემის, თანხვედრის, თანადგომის გარეშე არაფერი გამოვა. დაძაბული, არაჯანსაღი ურთიერთობა ყველაფერზე აისახება.

- კულუარებში ლაპარაკია ასევე ფინანსურ დარღვევებზე - პრემიების არასწორ განაწილებაზე, გაბერილ შტატებზე, ეგრეთ წოდებულ მკვდარ სულებზე და სხვა...
- ფედერაციაში აუცილებლად მოვიწვევ აუდიტს, რომელმაც მთლიანი სურათი უნდა დამანახვოს.

თუმცა უკვე გვქონდა ფაქტი, როცა ბათუმელი მწვრთნელის, ხოზრევანიძის კუთვნილი პრემია გადანაწილებული იყო ფედერაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და ნაკრების მწვრთნელს შორის.

ხოზრევანიძემ ამაზე განცხადებით მოგვმართა, რაც განვიხილეთ და სამართალი აღვადგინეთ - მწვრთნელმა პრემია სრულად მიიღო.

პრემიებთან და ხელფასებთან დაკავშირებით ბევრია გამოსასწორებელი.

- ასევე ლაპარაკია, რომ ფედერაციაში პარტიული ხაზით მოსულ თანამშრომლებს საკმაოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ ცენტრალური თუ დედაქალაქის ბიუჯეტიდან...
- მაღალი ხელფასების გარდა, ისინი კოორდინატორებად იყვნენ გაფორმებულები და ფულს "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტობაში იღებდნენ.

ჭიდაობას არ გავცდები და პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ, მაგრამ უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა მათზე, რათა დასწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებებს.

თავის დროზე მივიღე საზოგადოებისგან დავალება, რომ ჭიდაობის ფედერაცია არსებული სიბინძურისგან გამეწმინდა.

სპორტი და ჭიდაობა საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს, რადგან გამარჯვება ყველას თანაბრად უნდა და უხარია.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლიტიკა შორს იყოს ამ ფედერაციისგან და ჭიდაობა კვლავ გახდეს ის სახეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აერთიანებდა საზოგადოებას.

წლების განმავლობაში თვითონ ვიყავი ამ პროცესის მონაწილე და ძალიან კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს, როცა ყველასთვის მისაღები ხარ პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვაგვარი მრწამსის მიუხედავად.

- ფინანსური გადაცდომები ასაკობრივ ნაკრებებშიც ხდებოდა? იმათ მწვრთნელებს რაღას ერჩოდით, მათ ხომ კარგი შედეგები ჰქონდათ?
- ვაშლით სავსე ყუთში ერთი დაზიანებული ვაშლიც რომ ჩადო, ის მთელ ყუთს გააფუჭებს. წყლით სავსე ჭიქაში ერთი მღვრიე წვეთიც რომ ჩავარდეს, მთელ ჭიქას აამღვრევს. ვერავინ უარყოფს, რომ ეს სფერო მთლიანად იყო დაბინძურებული.

- ბოლო დღეებში მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში მომხდარ არანაკლებ სკანდალურ ამბებს რა შეფასებას მისცემთ?
- ამას წინათ პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან მკაცრი დიპლომატიური მესიჯი, რათა საერთაშორისო ფედერაციას გამოესწორებინა დაგროვილი უამრავი ხარვეზი...

სოკ-ის ამ მესიჯმა ბევრი რამე შეცვალა. მარტინეტის წასვლით ჭიდაობის ეროვნული ფედერაციები მთელ მსოფლიოში შვებით ამოისუნთქავენ.

წესები ხომ დაიხვეწება და დალაგდება, ჭიდაობაც სანახაობრივი გახდება, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო ფედერაცია გაიწმინდება დაგროვილი სიბინძურისგან.

მარტინეტი ურჩებს მკაცრად უხდიდა სამაგიეროს ტურნირებზე. სიმართლის აღსადგენად კი სად უნდა გეჩივლა? ერთადერთი შანსი სოკ-ის არბიტრაჟი იყო, მაგრამ ამასაც დიდი დრო და კიდევ უფრო მეტი ფული სჭირდებოდა...

სოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ არაერთხელ გააფრთხილა მარტინეტი, მაგრამ ამაოდ. ჩვენ რომ ამოგვეღო ხმა, ეს მყისვე აისახებოდა შედეგებზე.

არადა, წარმოიდგინეთ - საქართველო, თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, დიდ თანხას ხარჯავდა ჭიდაობაზე და შედეგი რომ არ ყოფილიყო, ამას რა რეაქცია ექნებოდა! მთელი ამ წლების განმავლობაში ალესილი დანის პირზე ვიარეთ.

- ძალიან ბევრჯერ, თუნდაც სიდნეის ოლიმპიადაზე თქვენი გამოსვლის დროსაც, როცა საგიდ მურთაზალიევმა აშკარად არასპორტულ ბრძოლაში მოგიგოთ, იყო საუბრები რაღაც გადაუხდელ ვალებზე. რაზეა ლაპარაკი და რა ოდენობის თანხაზე, რას გვედავებოდა საერთაშორისო ფედერაცია?
- გადასახდელი არავისთან არაფერი გვაქვს და ვერავინ მოგვედავება - ჩვენ ყველა დაკანონებულ გადასახადს ვიხდიდით, მაგრამ იყო რაღაც სხვა სახის, ასე ვთქვათ, გაოფიციალურებული არაოფიციალური გადასახადი, ვითომდა ჭიდაობის განვითარებისთვის.

აი, ამაზე იყო ლაპარაკი, რაც სოკ-მა და სხვა საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა სირცხვილის ლაქად შერაცხეს.

თანხის ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით, რადგან ამაში გარეული არ ვიყავი, თუმცა მარტინეტის რომ დასცლოდა, მეც მომიწევდა შეხება. მადლობა ღმერთს, ახლა ეს აღარ მომიწევს.

რაც შეეხება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მომავალს, ყველაზე უფრო აქტიურად განიხილავენ ალექსანდრ კარელინის კანდიდატურას.

მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მისი მოსვლა სასიკეთოდ წაადგება ჭიდაობას.

ის სულით სპორტსმენია, თუმცა, ალბათ, სხვა კანდიდატურებიც იქნება. ყოველ შემთხვევაში, რაც იყო, იმაზე უარეს ვითარებას არ მივიღებთ, თუმცა გამოსავალი არც ესაა, ადრინდელზე ბევრად უკეთესი შედეგი თუ არ გვექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაც არ უნდა გააკეთო მაინც არ ხარ კარგი კაცი და ეს შენც მშვენივრად იცი
მარო
14:03 20-02-2013
0
როგორ გაგასწრო მაგ ვიღაცა მარტინეტმა,რომ არ მიუნგრიე თავ-პირი?!სოკ-ის ხელი ურევია მაგ საქმეში,დროზე ადრე "გააპარეს"
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული