კონტინენტის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55) გახდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) კი მესამეზე გავიდა.
ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ამ დუეტიდან წარმატებას უფრო ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ხინჩეგაშვილისგან ველოდით, ლერი ძაგანიასა და დავით ხურციას აღზრდილ დებიუტანტ ედიშერაშვილს კი ფავორიტად არავინ განიხილავდა.
ვაღიარებთ, მათ შორის - არც ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ ეს ბიჭი წლეულს მესამე იყო იაშარ დოგუს სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე", თუმცა ცხოვრება ხომ
სიურპრიზი კი 25 წლის თბილისელმა ფალავანმა ისეთი შემოგვთავაზა, პირველი დღის ჩაჟამებული განწყობა ერთბაშად გამოგვინათა და ქართული საჭიდაო ოჯახი კიდევ ერთი დიდი წარმატებით გააკაშკაშა.
შეიძლება ითქვას, მან ერთი ამოსუნთქვით აირბინა საჩემპიონო კვარცხლბეკი, გზად კი ლამაზ-ლამაზი გამარჯვებები მიითვალა აზერბაიჯანელ იაშარ ალიევთან, ფრანგ ზოჰირ ელ უარაკესთან, რუს არტემ გებეკოვთან და ფინალში ბელორუს ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსან ულადისლაუ ანდრეიეუსთან.
ის ჭიდაობდა ლამაზად და დამაჯერებლად, ტექნიკისა და სისხარტის ნაზავით, თუმცა ყველაზე თვალშისაცემი მისი განწყობა, საჭიდაოდ გასვლის მომენტი იყო - ორთაბრძოლას მოწყურებული ისე გარბოდა და შევარდებოდა ხოლმე ლეიბზე, დებიუტანტისა და გამოუცდელის არაფერი ეტყობოდა.
თითქოს ჩქარობდა, ვინმეს არ დაესწრო, თავისი წილი მოგება სხვას არ წაეღო, ისე მირბოდა არენისკენ და ზედ ცეცხლს ანთებდა.
ამ "ალმა" ყველაზე მეტად გებეკოვი "დაწვა". განსაკუთრებით - მეორე პერიოდში, როცა მშვენიერი გდებებით დამაჯერებლად მოუგო - 5:3 (პირველში 1:0 იმარჯვა).
ალბათ, ფინალამდე ყველაზე მეტად ალიევთან გაუჭირდა, სადაც პირველი პერიოდი დათმო კიდეც - 1:2, მაგრამ მომდევნოებში დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა - 1:0, 2:0. ფიზიკურად ჩვენებურიც კარგად ჩანდა მომზადებული და ტურნირზე პრობლემები არ შექმნია, მაგრამ ამ კომპონენტში აზერბაიჯანელებიც გამოირჩევიან.
ფრანგს ორ პერიოდში 1:0, 1:0 მოუგო, თუმცა ასეთი მცირექულიანობა არ ნიშნავს, რომ გაუჭირდა მასთან - ჩვენებური შეხვედრას სრულად აკონტროლებდა, ფინალი კი მართლაც დაძაბული და მომქანცველი გამოდგა.
ბელორუსი ბევრად გამოცდილია და კარგადაც იყო მომზადებული. თან, თუ გავითვალისწინებთ, იქაურები ბოლო წლებში როგორ პროგრესს განიცდიან...
აკი პირველი პერიოდი ბელორუსმა მოიგო კიდეც ბურთულით. ამ მომენტში ძალაუნებურად 2009 წელს ამავე დარბაზში გამართული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი გამახსენდა ვალერი ლიპარტელიანსა და ისევ ბელორუს ანდრეი კაზუსიონაკს შორის...
მეორე პერიოდში ქულა ისეთ ვითარებაში გაკეთდა, ესეც სადავო გახდება - მსაჯმა მეტოქე გააფრთხილა და ქულით დასაჯა. ოღონდაც გავითვალისწინოთ, რომ მანამდე რამდენჯერმე მისცა შენიშვნა.
თან ეს ზუსტად ის ამერიკელი არბიტრია, რომელმაც 19 მარტს ელიზბარ ოდიკაძე დაგვისაჯა ასევე ქულა-გაფრთხილებით.
მასზე ჯერ კიდევ მაშინ თქვეს ჩვენმა არბიტრებმა, ამერიკელია, კანონის ზედმიწევნით დამცველი, თორემ ევროპელს იქნებ არ გაეფრთხილებინაო. ვერ ვიტყვით, რომ ამერიკელმა დანაშაული გამოისყიდა - ეტყობა, კანონი მისთვის მართლაც ყველაფერზე მაღლა დგას და ფაქტია, ახლაც განუხრელად დაიცვა წესი და ბელორუსიც ოდიკაძესავით დასაჯა.
ამ ქულით ედიშერაშვილმა მოიგო პერიოდი, საერთო ანგარიშიც გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, რომელიც ფრიად დრამატული და ცოტა გაურკვეველი გამოდგა, ოღონდ - ერთი შეხედვით.
ჯერ იყო და, ბელორუსი ფეხში შევიდა, საიდანაც ერთქულიანზე გადაიყვანა. ამ ეპიზოდში ისევ გამახსენდა ლიპარტელიანისა და კაზუსიონაკის ფინალი, მაგრამ ედიშერაშვილმა მალევე დაგვამშვიდა - მართალია, თავის დაცვა ვერ მოახერხა, მაგრამ დაშვებული შეცდომა იმით გამოასწორა, რომ ფეხი ჩახვეული დაუტოვა, რამაც შედეგი უმალ გამოიღო: მეტოქე ვერაფრით დაუსხლტა, პირიქით - ქართველი იოლად ამოუძვრა და იქით გადაიყვანა ქულაზე.
ჩვენებურმა ასე რადიკალურად შეცვალა ვითარება თავის სასარგებლოდ, თუმცა მას იქვე დატრიალებაც რომ მოეხერხებინა, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა. სამწუხაროდ, აქ ისევ იჩინა თავი ჩვენი მოჭიდავეების სენმა და ეს მარტივი ამოცანა ვერ შეასრულა.
ამას ბელორუსის შეტევა მოჰყვა, რომელიც ისევ შევიდა ფეხში. ჩვენებურმა ვერც ამჯერად დაიცვა თავი პოზიციურად და მეტოქე იოლად "გაატარა".
იმედია, ამ გაკვეთილს სამომავლოდ გაითვალისწინებს, თუმცა 20 მარტს იმ მომენტში ისევ მოახერხა ამოსვლა და ანდრეიეუ მუხლებზე ჩოქვით მიიწევდა წრის გარეთ. ასეთ გაყვანაზე კი ქულას არ იძლევიან. თუმცა რომც ყოფილიყო, ვარდნისას მაინც ის დაეცა პირველი.
ერთი სიტყვით, ეს ეპიზოდი უცხოურ საიტებზეც თუ ადგილზეც საკამათო გახდა. ბელორუსებმა გააპროტესტეს კიდეც, ანდრეიეუც ენერგიულად აპროტესტებდა, მაგრამ ედიშერაშვილმა დარბაზის გულმხურვალე ქომაგობის და "გიორგი, გიორგის" თუ "საქართველო, საქართველოს" ძახილში წესების სრული დაცვით მოიპოვა ჩემპიონობა.
Video
გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
ხინჩეგაშვილის რთული მისია
რა გახდა ხინჩეგაშვილის მარცხის მიზეზი და სად დაუშვა შეცდომა? იქნებ ჯერ ისევ აკლია ადაპტაცია ახალ წონასთან, მაგრამ მან ხომ ისე ჩინებულად იჭიდავა იაშარ დოგუს მემორიალზე? იქ ხომ არ ეტყობოდა ის "სიმძიმე", ცოტა ფიზიკური ნაკლი, რაც 20 მარტს დავინახეთ? მაშ, რა მოხდა ახლა, ამ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში? ერთი კია - ხინჩეგაშვილს მალ-მალე მოუწია ჭიდაობა და ცოტა გადაღლილი ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, ნახევარფინალში რუსმა ოპან სატმა ფიზიკური ძალით აჯობა, მაგრამ მას მეორე შეხვედრაშიც ძალიან გაუჭირდა აზერბაიჯანელ გაჯი ალიევთან.
ესტონელ ალექსეი ბასკაკოვთან კი იმარჯვა დიდი ანგარიშით - 3:0, 8:0, მაგრამ ალიევთან დამატებითი დრო დასჭირდა, მეორე 2:6 დათმო, დანარჩენებში კი 1:0, 3:1 იმარჯვა. სატმა ფიზიკური ძალით აჯობა, თუმცა იყო გარკვეული შეცდომებიც.
რუსთა ტუვინი ფალავანი მართლაც ძლიერია და აკი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, თუმცა ხინჩეგაშვილის მონაცემების კაცს მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, როცა ორი საათზე მეტი დაისვენა, ლადომ ძალიან მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა თურქ მუნირ აკტასთან - ადრეც რომ ისე ეასპარეზა, საჩემპიონო გზაზე ვერავინ გადაეღობებოდა - 1:3, 0:6.
20 მარტსვე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციასთან არსებულმა სენატორთა კლუბმა ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა დიმიტრი მინდიაშვილი რუსეთიდან, თემურ ყაზარაშვილი, მერაბ ღუდუშაური, ბაკა გოგიტიძე, ზარიბეგ ბერიაშვილი, მიხეილ სალაძე, ესტატე გოგლიჩიძე, ნოდარ ეგაძე და კიდევ სამი უცხოელი მსაჯი.
მწვრთნელის კომენტარი
რევაზ მინდორაშვილი: "გიორგი ედიშერაშვილმა იბრძოლა და ყველაფერი ჩადო ამ გამარჯვებაში. ნახეთ, რამდენად დაძაბული ფინალი მოიგო. მასში პოტენციალს ვხედავდი, გვერდში დავუდექი და შედეგიც მოვიდა.
ფსიქოლოგიურადაც კარგად იყო მომზადებული და სხვა მხრივაც, რაც სპორტსმენს სჭირდება. ხინჩეგაშვილსაც შეეძლო ოქროს მედლისთვის ბრძოლა, მაგრამ ცოტა დაღლილი იყო - რუსთან გამარჯვება გაუჭირდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში მას აუცილებლად დაამარცხებს.
უბრალოდ, ახლა რთული გრაფიკით მოუწია მასთან ჭიდაობა. თან, ხინჩეგაშვილი ახალი გადასულია ამ წონაში და ადაპტაცია ჯერ ბოლომდე არ გაუვლია".
კვარცხლბეკი
ვაჟები
55 კგ. 1. გიორგი ედიშერაშვილი (საქართველო); 2. ულადისლაუ ანდრეიეუ (ბელორუსი); 3. სეზარ აკგული (თურქეთი), იაშარ ალიევი (აზერბაიჯანი).
60 კგ. 1. ოპან სატი (რუსეთი); 2. ვლადიმირ დუბოვი (ბულგარეთი); 3. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო), ტიმ შლაიხერი (გერმანია).
ქალები
51 კგ. 1. მარტა როქსანა ზასინა (პოლონეთი); 2. ესტერა დობრე (რუმინეთი); 3. ეკატერინა კრასნოვა (რუსეთი), იულია ბლანინია (უკრაინა).
55 კგ. 1. ანასტასია ჰუჩოკი (ბელორუსი); 2. ზარგალმა ცირენოვა (რუსეთი); 3. ტატიანა ლავრენჩუკი (უკრაინა), ჰატიფა საჰინი (თურქეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ედიშერაშვილი: გამარჯვებას ქართველების ქომაგობით მივაღწიე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: დებიუტისთვის კარგი შედეგია, მაგრამ მეტი შემეძლო