ემზარ ბედინეიშვილი: ხანდახან მიფიქრია, ინფარქტმა არ დამარტყას-მეთქი

AutoSharing Option
ჩერნოგორიულ ბარიში ჩატარებული ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო ჩვენი "თავისუფლების" მთავარ მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილისთვის.

საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ევროპის 2004 წლის ჩემპიონისთვის სამწვრთნელო კარიერა ახალი ასპარეზია საჭიდაო სარბიელზე, მისი პირველი ოფიციალური ნაბიჯი კი სამი ბრინჯაოთი აღინიშნა - ევროპის პრიზიორები ალექსანდრე კილაძე (42), შმაგი თოდუა (46) და რამაზ ზოიძე (58) გახდნენ...

გარდა იმისა, რომ გვაინტერესებდა, როგორ აფასებდა თავისი გუნდის გამოსვლას, რის შეცვლას აპირებდა სამომავლოდ, ზოიძის ამბის გარკვევაც გვსურდა.

ეს ბიჭი უნიკალურ სპორტსმენად გვევლინება - მან ვარჯიში თავისუფალ ჭიდაობაში
დაიწყო ბათუმში, მაგრამ მერე ბერძნულ-რომაულშიც სცადა ძალები და პარალელურად გამოდიოდა ორივეგან.

თანაც - წარმატებით, მაგრამ უფრო მყარად ბერძნულ-რომაულში დამკვიდრდა და კარიერის ყველა ტიტულიც იქ მოიპოვა - ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რასაც მსოფლიოზე ვერცხლი (თუმცა მაშინაც წააგებინეს მსაჯებმა ბაქოში მასპინძელთან, ვისაც მანამდე ევროპული ფინალი მოუგო), ევროპაზე კი ბრინჯაო დაუმატა.

ის ამჯერად "თავისუფალში" მოგვევლინა და კვლავაც წარმატებით იასპარეზა. ბედინეიშვილსაც ამ თემებზე ვესაუბრეთ.

- როგორ აფასებთ ევროპის პირველობაზე თქვენი გუნდის გამოსვლას?
- უკეთეს შედეგს ველოდი, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა მსაჯებმა გაგვიფუჭეს, რამდენიმეში კი ბიჭებმა გამაწბილეს.

ზოგს ისეთი ბადე ერგო, ფინალში გასვლას ველოდი, მაგრამ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - ეტყობა, ვერ გაიხსნა და ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა ეს ბარიერი. უპირველესად, გივი მაჭარაშვილს ვგულისხმობ 100 კილოგრამში.

ტარიელ გაფრინდაშვილი გუნდის უდავო ლიდერია და 69 კილოგრამში ოქროს მოპოვების რეალური შანსიც გვქონდა, მაგრამ ნახევარფინალში მსაჯების შეცდომით წავაგეთ.

ახალ წესებში ჯერ თვითონ არბიტრებიც არ არიან ბოლომდე გარკვეულები და ამ შეხვედრაშიც ამის მსხვერპლი გავხდით. მესამე ადგილისთვის უკვე ფსიქოლოგიური მომენტის გამო ვერ იჭიდავა სათანადოდ, მაგრამ მსოფლიოსთვის ეს პრობლემა აუცილებლად გამოსწორდება.

- დღეს, ჩავლილი ტურნირის ფონზე ხომ არ ფიქრობთ, რომ შემადგენლობა სხვანაირად უნდა დაგეკომპლექტებინათ?
- რაღაც კორექტივები შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ტურნირისთვის სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. 85 კილოგრამში იყო ალტერნატივა - კონსტანტინე გაბაშვილი ან ვაჟა ომარაშვილი უნდა დამეყენებინა.

ბოლო საკონტროლო ტურნირში ომარაშვილმა აჯობა და ამის მიხედვით, ის ვარჩიე, მაგრამ მსოფლიოსთვის მონაწილე ამ წონაშიც შეიცვლება, 54-შიც და 76-შიც. აქ კანდიდატებმა ვერც ტურნირებში გამოიჩინეს თავი და ვერც - ევროპაზე. ამიტომ შემადგენლობა გადაიხედება.

- ანუ დანარჩენ წონებში მსოფლიოზეც იმავე ხალხს წაიყვანთ?
- კი, იმავე ფალავნებს დავეყრდნობით.

- სიურპრიზი თუ შემოგთავაზათ ვინმემ?
- არა, მედლები იმათ მოიპოვეს, ვისგანაც ველოდი. აი, ომარაშვილმა მოლოდინი არ გაამართლა. სხვათა შორის, ბულგარელ ვედატ ისმაილოვს, ვისთანაც მან ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო, გაბაშვილმა თურქეთის ტურნირზე 4:0; 4:0 მოუგო.

მაშინ გაბაშვილმა სხვა ბულგარელებსაც აჯობა, მაგრამ მცხეთის ტურნირზე ომარაშვილთან წააგო. იმ შეჯიბრებამდეც ვფიქრობდი, რომ ამათგან ერთი ევროპაზე, მეორე კი მსოფლიოზე დამეყენებინა, მაგრამ რაკიღა მცხეთური შეჯიბრებაც უწევდათ, ვიფიქრე, იქ გაირკვეს უძლიერესი-მეთქი.

- ეს ტურნირი თქვენთვისაც პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო. საინტერესოა, რა დაგანახათ მან, რა გამოცდილება შეგძინათ?
- გამოცდილება ნამდვილად შემძინა. თან, ცოტა ემოციური ვარ და ბევრს ვხარჯავ. ხანდახან მიფიქრია, ინფარქტმა არ დამარტყას-მეთქი, იმდენად ვნერვიულობ. მით უფრო, თუ მსაჯიც ხელს გიწყობს ამ ნერვიულობაში.

ბიჭების ასაკიც ისეთია, რომ დიდი მუშაობა, ყურადღების დაძაბვა გიწევს - შენს ჭკუაზე ვერ მოგყვებიან, ერთი და ორი თქმით ვერ სწავლობენ, 30-ჯერ უნდა გაუმეორო ერთი და იგივე, მაღაზიაში გავა - თან უნდა გაჰყვე, გასახდელში გავა - იქაც უნდა მიჰყვე და ასე გაწამაწიაში ვარ, მაგრამ პირველ ეტაპზე, როცა 5 კაცი მედლისთვის იჭიდავებს და აქედან 3 მოიპოვებს კიდეც, მგონი, ურიგო შედეგი არაა, მაგრამ სინჯი კი მინდოდა უკეთესი.

- სამუშაო სტილის, სავარჯიშო სისტემის შეცვლაც ხომ არ გიკარნახათ ოფიციალურმა შეჯიბრებამ?
- მსოფლიოსთვის ბევრი რამე შეიცვლება და გადაადგილდება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებ, რომ იქ უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, იმის მიუხედავად, რომ ის ბევრად ძლიერი შეჯიბრებაა.

გუნდში საამისოდ დიდი პოტენციალია - ჩერნოგორიაში ალექსანდრე კილაძესაც შეეძლო ფინალში გასვლა, მაგრამ უკრაინელ ვიქტორ ტერზისთან დასანანად დამარცხდა, შმაგი თოდუას მსაჯებმა გაუფუჭეს შეხვედრა რუს ისმაილ გაჯიევთან, აუცილებლად მოუმატებს რამაზ ზოიძეც...

- ზოიძეზე საგანგებოდ ჩაგეკითხებით, სად იჭიდავებს ის - "თავისუფალში" თუ ბერძნულ-რომაულში?
- ჩვენთან დარჩება, "თავისუფალში", ეს უკვე გადაწყვეტილია. 46 კილოგრამიდან ერთ წელიწადში 58-ში გადავიდა, თან ბერძნულ-რომაულს ჭიდაობდა და სტილიც არეული ჰქონდა... მისი ამბავი უკვე გადაწყდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უძლიერესი ტრენერია შაკო და ამას სულ მალე დაამტკიცებს
lasha
15:32 25-06-2013
0

სიახლეები პოპულარული