მედალოსნები გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამეზე გავიდნენ.
ევროპის ჩემპიონმა ედიშერაშვილმა კვლავ თავის ჩვეულ წონაში - 55-ში იჭიდავა, იმის მიუხედავად, რომ ფინალის საგზური 60-ში მოიპოვა. ის პირველ წრეში ისვენებდა, მეოთხედფინალში კი სუფთად აჯობა ფრანგ ზოჰაირ ელ ოუარაქს - 7:0, მაგრამ ნახევარფინალში იმავე ანგარიშით წააგო იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ფუმიტაკა მორიშიტასთან და სანუგეშო წრეში გადავიდა.
დამამშვიდებლის ფინალში მისი მეტოქე რუსი ბაზარ ჟალსაპოვი
ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ხინჩეგაშვილი მასპინძელთა მომავალ გამარჯვებულთან, ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ ახმედნაბი გვარზატილოვთან დამარცხდა - 0:7. ეს ნახევარფინალში მოხდა, მანამდე კი ჩვენებურმა ორ პაექრობაში იმარჯვა - იაპონელ მასაკაცუ კამოისთან მსაჯმა 10:2-ზე შეწყვიტა ორთაბრძოლა მისი სუფთა გამარჯვების ნიშნად, ყაზახ მსოფლიოს პრიზიორ დაულეტ ნიაზბეკოვს კი 6:4 აჯობა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ხინჩეგაშვილმა რუსი სოსლან აზიევი კვლავ წმინდად დაჯაბნა - 11:2.
მარსაგიშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო რუსთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ სოსლან კცოევთან, თუმცა წაგებასაც გააჩნია - 2:11 დამარცხდა. თავიდან მარსაგიშვილმა იაქტიურა და მოხერხებული მანევრით ჩოქბჯენში გადაიყვანა - 2:0, თუმცა იქ ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებაზე რომ დაეტრიალებინა, სოლიდურ უპირატესობას მიიღებდა.
მერე წელიდან თითქოს კი უკეთებდა ტრიალს, მაგრამ მსაჯმა ჩასტვინა. მალევე მეტოქემ დათო დგომში ჯვარზე შეკვრიდან უკან გადაისროლა და ანგარიში გაათანაბრა. იმ მომენტში მარსაგიშვილი "დატუშვასაც" ძლივს გადაურჩა, თუმცა რა - სანაცვლოდ კცოევმა ორივე მხარეს სამჯერ დაატრიალა და 8:2 დაწინაურდა.
ჭიდაობის განახლებისთანავე მოწინააღმდეგემ ჩვენებური ტაქტიკურადაც მოატყუა - ისევ ჯვარედინ მოვლებაზე უცებ ცალი ხელით წელში შეუვარდა და სამქულიანზე გადააგდო.
შეგახსენებთ, რომ ისინი ერთმანეთს ორი კვირის წინ მოსკოვშიც უნდა შეხვედროდნენ "ევროპის ერთა თასზე", მაგრამ მარსაგიშვილმა იქ ჩასვლა დააგვიანა. კცოევი მოგვიანებით ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰამზათ ოსმანოვთან წააგო, თუმცა ჩვენებურს სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება მიეცა, რაც გამოიყენა კიდეც.
მარსაგიშვილმა იქ ჯერ კანადელთა ოსი ლეგიონერი ტამერლან ტაგზიევი დაჯაბნა - 8:3, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რუსი დაურენ კურუგლიევს 11:2 აჯობა.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან მედლისთვის ბრძოლის რეალური შანსი მხოლოდ მალხაზ ზარქუას (66) ჰქონდა, რომელმაც წაგებამდე ერთი საყურადღებო წარმატება მოიპოვა - პირველ წრეში რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი მაგომედ კურბანალიევი 9:2 დაამარცხა.
სამწუხაროდ, ტურნირზე ეს მისი ერთადერთი წარმატება აღმოჩნდა, თუმცა უბრძოლველად არც იქ დაუთმია - მომდევნო შეხვედრა ისევ რუსთან, ოღონდ ამჯერად ალიბეგგაჯი ემეევთან 4:4-ზე, დამატებითი მაჩვენებლებით წააგო. კიდევ უფრო ცუდია, რომ მან მედლის მოპოვების შანსი დამამშვიდებელში ვერ გამოიყენა - პირველივე წრეში ახალგაზრდებში თურქთა ევროპის ჩემპიონ მუსტაფა კაიასთან 4:7 წააგო და უმედლოდ დარჩა.
დავით ქერაშვილმა (96) პირველივე შეხვედრა 2:5 დათმო უკრაინელთა ევროპის წლევანდელ ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან პავლო ოლეინიკთან, მძიმე წონაში დროებით მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემ (120) კი ასევე პირველივე პაექრობა წააგო რუს არსლანბეკ ალიევთან, თუმცა მინიმალური სხვაობით - 2:3. მათ დამამშვიდებელში გადასვლის შანსი არ მისცემიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"