ეს ასპარეზობა 34-ედ ტარდება და 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, 1952-60 წლების თამაშების ვერცხლისმედალოსნის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისა და ამდენივეგზის ფინალისტ გოლამრეზა ტახტის ხსოვნას ეძღვნება, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმითაა, რომ იქ აპირებს სპორტში ხელახლა დაბრუნებას ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური მედალოსანი, 41 წლის ლუკა კურტანიძე, რომელიც კვლავაც 97 კილოგრამში იასპარეზებს. მან ჭიდაობა სწორედ ამ წონაში დაიწყო, თუმცა კარიერის შუაში ეს წონა
კურტანიძემ სპორტს თავი ოფიციალურად 2009 წელს დაანება, მისი დაბრუნება კი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში მნიშვნელოვან ამბად იქცა - ფაქტს რამდენიმე ავტორიტეტული სპორტულ-საჭიდაო საიტი გამოეხმაურა, ხოლო საერთაშორისო ფედერაციის საიტმა საგანგებო თავი უძღვნა თავის ვებ-გვერდზე.
"დაუღალავი კურტანიძე ხალიჩაზე ბრუნდება" - ასეა დასათაურებული მათ წერილში ის ქვეთავი, რომელიც ამ ფაქტს ეძღვნება. დაღესტნური საიტი არსენ მეკოკიშვილსაც იხსენებს, რომელიც 40 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 42 წლისამ კი მსოფლიოს პირველობა მოიგო. თითქმის ყველა გამოცემა იმასაც ხაზს უსვამს, რომ ამავე წონაში ლუკა კურტანიძის შვილი - ნოდარ კურტანიძეც ჭიდაობს.
ლუკა კურტანიძე თეირანში დღესვე იასპარეზებს, რადგან სტარტზე 57-ის, 65-ის, 74-ისა და 97 კილოგრამის ფალავნები დადგებიან.
ჩვენგან მედლების მოპოვებას ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა, ლაშა ტალახაძე (სამივე - 57), კონსტანტინე ხაბალაშვილი (65), იაკობ მაქარაშვილი (74), კურტანიძე და დავით ქერაშვილი (ორივე - 97) ეცდებიან.
7 თებერვალს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), დიმიტრი ბასილაშვილი (70), სანდრო ამინაშვილი (86) და დავით მოძმანაშვილი (125) იჭიდავებენ. ტურნირი კომერციულია - ჩემპიონი 5 000 დოლარს მიიღებს ჯილდოდ, ვიცე-ჩემპიონი - 3 000-ს, ბრინჯაოსმედალოსნები - 2 000-2 000-ს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"