გენო პეტრიაშვილის ტრიუმფი

AutoSharing Option
16 თებერვალს "არენაში" დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, რომელმაც საინტერესო ბრძოლებში ჩაიარა და ახალი სახელებიც წარმოაჩინა.

ტურნირზე მორიგი ტრიუმფი მოიწყო მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა, რომელმაც კვლავაც ცალი ხელით მოიგო შეჯიბრება და დაამტკიცა, რომ ამ ასაკში მისი მომგები არავინაა. მოგეხსენებათ, მან წააგო უფროსებში ქვეყნის პირველობის ფინალი, რამაც ეროვნულ ნაკრებში კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის შანსი შეუმცირა. სამაგიეროდ, აქცენტი 20-წლამდელთა ევროპირველობაზე გადაიტანა, სადაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვერ გაიმარჯვოს.

საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის შვილი ნოდარ კურტანიძეც (96), რომელმაც
დამაჯერებლად მოიგო ყველა შეხვედრა. თუ ლუკა ისევ გააგრძელებს კარიერას, არაა გამორიცხული, მამა-შვილი ლეიბზეც შეხვდეს ერთმანეთს, როგორც მეტოქეები.

ტურნირის საერთო დონე ნამდვილად კარგი იყო. უმეტეს წონებში ნაცნობმა ფალავნებმა იმარჯვეს - ტარზან მაისურაძემ (74), ნოდარ კურტანიძემ, გენო პეტრიაშვილმა (120), რომლებსაც ჭაბუკებიდან გადმოსულებიც დაემატნენ - ალექსანდრე კილაძე (50), რამაზ დარჩიძე (55), ომარ გურჯიძე (66), ირაკლი მწითური (84). შედარებით უცნობი ჩემპიონი მხოლოდ ქუთაისელი გიორგი ბრეგაძე (60) იყო. სასიამოვნოა ჭაბუკთა ასეთი წარმატებული ზრდა - ისინი უკვე ამ ნაკრებშიც იქცნენ ლიდერებად.

ჩემპიონები ვერ გახდნენ, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინეს შოთა ფარტენაძემ (60), შალვა ხუციშვილმა (66), ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) და სხვებმა, თუმცა ტურნირის აღმოჩენად მაინც ქუთაისელი ავთანდილ კენჭაძე (66) იქცა, რომელმაც ულამაზესი ჭიდაობით დაგვამახსოვრა თავი. ყველაზე დაძაბული ბრძოლებითაც ეს წონა - 66 კილოგრამი გამოირჩა, სადაც ყველა ფავორიტი ბადის ერთ მხარეს აღმოჩნდა - გურჯიძემ უძნელეს პაექრობაში, ბოლო წამებზე მოუგო კენჭაძეს, ნახევარფინალში კი ასევე დაძაბულ ბრძოლაში სძლია ჭაბუკებიდან გადმოსულ კიდევ ერთ ტალანტს, რამაზ ზოიძეს...

კენჭაძეს სულ ცოტა დააკლდა გურჯიძესთან მოგებამდე, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი დამაჯერებლად მოუგო ზოიძეს. ზოიძე ამჯერად მეხუთეზე დარჩა, მაგრამ თავისი ძლიერი თვისებები მაინც აჩვენა.

ფინალური შეხვედრების აბსოლუტური უმეტესობა სანახაობრივ ბრძოლებში წარიმართა, როგორც მთელი ტურნირი, თუმცა 84 კილოგრამისა მაინც გამოირჩა უჩვეულო ხანგრძლივობით - გამარჯვებული დიდხანს ვიდეოგამეორებამაც ვერ გამოავლინა.

გიორგი ჩხარტიშვილიც და ირაკლი მწითურიც ფინალამდე კარგად მივიდნენ, თუმცა უფრო დამაჯერებლად ჩხარტიშვილი გამოიყურებოდა. ბოლო წამებამდე ფინალსაც ის იგებდა - 3:2, თუმცა ბოლოსკენ მწითურმა ჩოქბჯენში გადაიყვანა. აი, იქ გახდა საკამათო და გასარჩევი - შეეხო თუ არა ჩხარტიშვილი მესამე წერტილით ლეიბს. დაახლოებით 10-წუთიანი გარჩევის შემდეგ მსაჯები შეთანხმდნენ, რომ შეეხო, რისთვისაც ორი ქულა მწითურს მიენიჭა და 4:3 მოიგო.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ალექსანდრე კილაძე (რუსთავი); 2. ნუგზარ ბოლქვაძე; 3. ნარიმან ცეცხლაძე (ორივე - აჭარა), შალვა ომაძე (გორი).

55 კგ. 1. რამაზ დარჩიძე (აჭარა); 2. გიორგი ყაზარაშვილი (კასპი); 3. ფერდინანდ გონაშვილი (დედოფლისწყარო), ლევან მურცხვალაძე (თბილისი).

60 კგ. 1 გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი); 2. გიორგი რევაზიშვილი (თბილისი); 3. ივანე გაბოძე (კასპი), შოთა ფარტენაძე (აჭარა).

66 კგ. 1. ომარ გურჯიძე (ქუთაისი); 2. შალვა ჭადაშვილი (თბილისი); 3. შალვა ხუციშვილი (გორი), ავთანდილ კენჭაძე (ქუთაისი).

74 კგ. 1. ტარზან მაისურაძე; 2. ირაკლი გოგობერიშვილი; 3. ტარიელ გაფრინდაშვილი (სამივე - თბილისი), ლევან მურადხანაშვილი (ბოლნისი).

84 კგ. 1. ირაკლი მწითური; 2. გიორგი ჩხარტიშვილი (ორივე - თბილისი); 3. ბექა გოგიჩაიშვილი (გორი), მექი სიმონია (ქუთაისი).

96 კგ. 1. ნოდარ კურტანიძე (თბილისი); 2. საბა დეკანოიძე (საჩხერე); 3. ისაკი უბილავა (წალენჯიხა), როლანდ ანდრიაძე (ხონი).

120 კგ. 1. გენო პეტრიაშვილი (გორი); 2. ჰამლეტ დვალი; 3. ლაშა ჯელაძე (ორივე - ამბროლაური), ბექა კახეთელიძე (ონი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენო უფალს ებარებოდე,უფროსებში არ წაუგია,ნახეტ ლინკი და ნახავტ მოძმანაშვილი როგორი ,,გამარჯვებულიცაა'' გენო ბევრჯერ დაამტკიცებს კიდევ ტავის უპირატესობას!!!
qartveli
19:09 17-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული