რას უყრიან სპორტსმენები ერთმანეთს საკვებში და როგორ იშორებენ კონკურენტებს?

AutoSharing Option
დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული სკანდალები ნელ-ნელა ქართულ სპორტსაც შემოეჩვია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენში დოპინგის მოხმარების 15 შემთხვევა გამოვლინდა, მაგრამ იმ ფაქტებს ისეთი ხმაური არ მოჰყოლია, როგორიც აგერ, ახლახან მომხდარ ამბებს...

ჯერ იყო და, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ აკრძალული პრეპარატების მიღებისთვის საქართველოს ნაკრების ერთაბაშად ოთხი სპორტსმენი (ლაშა ტალახაძე, დავით გოგია, რაულ ცირეკიძე, შოთა მიშველიძე) გამოიჭირა, მოგვიანებით კი დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების გიორგი ედიშერაშვილისა და ლევან არაბულის შემოწმებისას აჩვენა.

ცხადია, ეს სპორტსმენები დაუსჯელად ვერ გადარჩნენ - საერთაშორისო ფედერაციამ ძალოსნები ფიცარნაგს ორი
წლით ჩამოაშორა, ხოლო მოჭიდავეებს ორწლიანი დისკვალიფიკაცია თუ აკმარეს, მადლობის მეტი სათქმელი არაფერი ექნებათ.

ყველაფერთან ერთად, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ამ სპორტსმენებს ხელფასი და სტიპენდია მოუხსნა.

რატომ ჩავარდნენ ეს სპორტსმენები ასეთ დღეში? რატომ მიიღეს დოპინგი და იცოდნენ თუ არა საერთოდ, რა პრეპარატს ღებულობდნენ? დედის წინ მარბენალი კვიცის ამბავი ხომ გსმენიათ? ჰოდა, ასეა ამ ბიჭების საქმეც - სხვადასხვა პროტეინების მიღების შესახებ სპორტსმენებს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმისთვის, ზურაბ კახაბრიშვილისთვის, არაფერი უკითხავთ და შარშიც, ეტყობა, ამიტომ გაეხვივნენ...

ამ თემაზე "ლელო WEEK" ზურაბ კახაბრიშვილს გაესაუბრა...

- ეს ყველაფერი იმ ვითომ-მწვრთნელებისა და მრჩევლების ბრალია, რომლებსაც თავი ყველაფრის მცოდნეებად წარმოუდგენიათ და ათასი სისულელით სპორტსმენებს თავ-გზას უბნევენ, - გვითხრა კახაბრიშვილმა საუბრის დასაწყისში, - რაც კი პროტეინი და კუნთების ხელოვნურად დასაბერი პრეპარატი იყიდება, ყველაფერი დასაშვები ჰგონიათ, სპორტსმენებს აჯერებენ, რომ ამ წამლების გამოყენებით შედეგი გაცილებით ადრე მიიღწევა, ვიდრე თავდაუზოგავი ვარჯიშით.

გარდა ამისა, ახლა სპორტსმენებს ერთმანეთთან კომუნიკაციის გაცილებით მეტი საშუალება აქვთ, ვიდრე ადრე ჰქონდათ. ცხადია, ლაპარაკი სხვადასხვა სტიმულატორებზე აქვთ და ზოგიერთი, განგებ თუ უნებურად, თავის წარმატებას პროტეინების გამოყენებას მიაწერს. ზოგიერთი სპორტსმენი იტყუება და შეგნებულად, კონკურენტის თავიდან ჩამოშორებისთვის ამბობს, ჩემპიონი რომ გავხდი, ესა და ეს პრეპარატი მქონდა მიღებულიო.

ამის გამგონეს მეტი რა უნდა და, ამ პრეპარატის გამოყენებას იწყებს. ანოტაციას არც კი კითხულობს და ჩემპიონობის ნაცვლად, სავალალო შედეგამდე მიდის. არადა, არის ხოლმე, როცა ერთი კომპანია ერთი და იმავე დასახელების ორ პრეპარატს აწარმოებს, ოღონდ, ერთს ქიმიური დანამატებით უშვებს, მეორეს - მის გარეშე. სპორტსმენები კი ამას ყურადღებას არ აქცევენ და ყიდულობენ იმ პროტეინს, რომელსაც ქიმიური დანამატი აქვს გარეული და რომელიც მათთვის აკრძალულია.

- არადა, პროტეინები სპორტულ მაღაზიებში, აფთიაქებში, სატრენაჟორო დარბაზებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყიდება...
- აფთიაქებთან ჩვენც გვაქვს კონტრაქტი და საჭიროებისამებრ პროტეინებსა და სხვადასხვა წამლებს მათგან ვღებულობთ. აფთიაქებში ასევე იყიდება ისეთი საკვები დანამატები, რომლებშიც ტესტოსტერონის ასამაღლებელი ქიმიური ნივთიერებაა გარეული და რომელიც ჩვეულებრივ, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, წამალია.

სპორტსმენები კი აფთიაქებში ტესტოსტეროიან პროტეინს ვერ შეიძენენ, ამის უფლებას სპორტსმენს არც აფთიაქი მისცემს და არც ერთი ექიმი. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ისეთი მექანიზმი, რისი საშუალებითაც ვაკონტროლებთ, რომ აფთიაქებში ამგვარი პროტეინები სპორტსმენებმა ვერ შეიძინონ.

ინტერნეტ-მაღაზიების გაკონტროლება კი ვერ ხერხდება და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

- მაშ როგორ მოხვდა დოპინგი ქართველი ძალოსნებისა და მოჭიდავეების ხელში?
- როგორ და, ინტერნეტ-მაღაზიების საშუალებით. მთელი უბედურება ის არის, რომ გზააბნეული სპორტსმენისთვის ინტერნეტ-მაღაზია ყველაზე იოლი საშუალებაა, ისეთი პროტეინი შეიძინოს, რომელშიც კაცმა არ იცის, რა ნივთიერებაა გარეული. მაგალითად, 2008 წლამდე, როცა უცხოეთიდან რაიმე წამალი თუ იგივე პროტეინი შემოდიოდა, ჩემი ნებართვის გარეშე საბაჟო სპორტსმენს მისი გამოტანის უფლებას არ აძლევდა.

არადა, ახლა ისეთი დიდია პროტეინების ბაზარი, რომ ნარკოტიკებზე მეტი გასავალი აქვს. ინტერნეტ-მაღაზიაში გამოიწერ და ერთ-ორ კვირაში შეგიძლია ზედმეტი პროცედურების გარეშე აიღო და მოიხმარო. პროტეინებს ანოტაცია კი მოჰყვება, მაგრამ არავინ აკონტროლებს, იმ ქილაში რამდენიმე გრამი ტესტოსტერონი თუ სხვა ანდროგენული ნივთიერებაა გარეული.

ჯანმრთელობისთვის ის რამდენიმე გრამი მაინცდამაინც საშიში შეიძლება არც იყოს, მაგრამ მისი კვალი ორგანიზმში კარგა ხანს რჩება და შემოწმებისას კარგად ჩანს.

- რამდენ ხანს რჩება დოპინგი ორგანიზმში?
- ინდივიდუალურია. არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში 50 დღე რჩება, 80 დღე, ზოგიერთი კი ლაბორატორიას 5-6 თვის შემდეგაც შეუძლია ამოაგდოს.

- კი მაგრამ, სპორტსმენები საკუთარი თავის მტრები არიან, როცა იციან, რომ დოპინგზე შეამოწმებენ, მაგრამ აკრძალულ პრეპარატს მაინც იღებენ?
- პრობლემაც სწორედ ის არის, რომ სპორტსმენმა არ იცის, ამ აკრძალული ნივთიერების კვალი მისი ორგანიზმიდან კონკრეტულად რომელ დღეს გაქრება. აკი ვთქვი, ინდივიდუალურია-მეთქი. შესაძლოა, სპორტსმენს ჰგონია, რომ დოპინგის კვალი მიღებიდან 5 თვის შემდეგ გაუქრება. ასეთ შემთხვევაში, დოპინგის მიღებას ის შეჯიბრებამდე 5 თვით ადრე იწყებს და ფიქრობს, რომ ჯან-ღონის პიკზე სწორედ 5 თვის შემდეგ იქნება და დოპინგის მოქმედების კვალიც დაიმალება.

ამ დროს კი ორგანიზმიდან ის ბოლომდე გამოსული არ არის და შარდში მისი არსებობა კიდევ გაურკვეველი დროით გრძელდება. ამიტომაც, არავინ იცის, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო რა დროს შეგამოწმებს და აკრძალული ნივთიერება ორგანიზმში რა დროით დარჩება.

- ადრე რატომ არ იყო ქართველი სპორტსმენების დოპინგზე გამოჭერის ხშირი შემთხვევები?
- იმიტომ, რომ პროტეინების ბიზნესი და ინტერნეტ-მაღაზიები საქართველოში განვითარებული არ იყო. არც კომუნიკაციის იმდენი საშუალება იყო, როგორც ახლა არის. ადრე ზუსტად ვიცოდი, რომელი სპორტსმენი რომელ წამალს იღებდა და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ჩ ვიტამინითა და "რიბოქსინით" ხდებოდნენ. ახლა კი, იმის შიშით, რომ ზურაბ კახაბრიშვილი ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების უფლებას არ მოგვცემსო, მალავენ და ამიტომაც არიან ასეთ დღეში.

მათ იციან, რომ კახაბრიშვილი ყველაფრის მიღების უფლებას მართალაც არ მისცემს და ამიტომ, ჩემგან უჩუმრად, ვიღაც უნიჭო მწვრთნელისა თუ კონსულტანტის რჩევით, სხვადასხვა აკრძალულ ნივთიერებას იღებენ.

- ვინ არიან ეს მწვრთნელები? იქნებ გაგვიმხილოთ მათი ვინაობა...
- ეს რომ ვიცოდე, დოპინგის მიღების შემთხვევაც არ იქნებოდა. მთელი უბედურება ის არის, რომ სპორტსმენი, ვინც დოპინგზე ჩავარდა, არაფრით ამბობს, ვინ ურჩია აკრძალული პრეპარატის მიღება.

- ქართული სპორტის მესვეურები დაზღვეულები ხართ, რომ ხვალ კიდევ რამდენიმე სპორტსმენი არ ჩავარდება დოპინგზე? ხომ შეიძლება ასეთი რამ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური თამაშებისას ან მსოფლიოს ჩემპიონატზე შეემთხვას?
- საამისოდ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის ინიციატივით, სპორტსმენებთან საგანგებო ხელშეკრულებები გაფორმდება, სადაც შავით თეთრზე იქნება დაწერილი, რომ ჩვენს დაუკითხავად არანაირ წამალს არ მიიღებს.

გარდა ამისა, აკრძალული პრეპარატების მიღების საწინააღმდეგოდ ჭიდაობის ფედერაციაში, დამატებით, ფარმავცეტის შტატი დაიშვება და იქ დასაქმებულის უშუალო მოვალეობა იქნება, რომ სპორტსმენები აკრძალული პრეპარატების მიღებისგან დაიცვას.

დიდ შეჯიბრებებზე გამგზავრების წინ კი სპორტსმენები ჯერ ჩვენთან გადიან სამედიცინო შემოწმებას და ცხადია, რაიმე საეჭვოც რომ იყოს, იმ სპორტსმენს შინ დარჩენა მოუწევს.

- ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა სპორტსმენს ხელთ ჰქონია დოპინგი და მისი მიღების ნება არ მიგიციათ?
- ამას წინათ იყო შეკრებაზე, ბორჯომში. ყველა ოთახი ჩამოვიარე და 15-მდე სპორტსმენს ისეთი პრეპარატები აღმოვუჩინე, რომლებიც აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა, მათ კი ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ და შემდეგ მადლობაც გადამიხადეს.

- ანდროგენგარეული პროტეინები რა სახით იყიდება?
- ზოგადად პროტეინებს აწარმოებენ როგორც ფხვნილის, ასევე აბებისა და ინექციის სახით, თუმცა ანდროგენებს მეტწილად სწორედ ფხვნილის სახით გამოშვებულ პროტეინებს უმატებენ. არის შემთხვევები, როცა ასეთ ანდროგენებს სპორტსმენები კონკურენტების ჩამოსაშორებლად იყენებენ კიდეც.

ამ ფხვნილს, მაგალითად, კონკურენტის საკვებში ან სასმელში გაურევენ. სპორტსმენმა კი, ცხადია, არ იცის, რა მიირთვა. ამის შემდეგ გადის შეჯიბრზე, ამოწმებენ დოპინგზე და... მერე ვერავინ დაამტკიცებს, რომ ამ სპორტსმენს დოპინგი განგებ არ მიუღია. სხვათა შორის, ვეჭვობთ, რომ მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი მეტოქე სპორტსმენისგან სწორედ ასეთი უღირსი საქციელის მსხვერპლი გახდა.

ედიშერაშვილს, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, შარდში ისეთი მაღალი დოზით აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატი, დარწმუნებულნი ვართ, ის არ იყო ამის მიმღები.

- სიტყვამ მოიტანა და, გავიგეთ, რომ მოჭიდავეებს ძალოსნებზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელით...
- ძალოსნებს, სავარაუდოდ, ორწლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ და ახლა უნდა ვეცადოთ, ამ სპორტსმენებს ძალოსნობის ფედერაციამ თბილისში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მაინც მისცეს. მოჭიდავეებთან დაკავშირებით კი საქმე უფრო რთულადაა - მათ სპორტიდან 4 წლით მოკვეთა ემუქრებათ, არადა ედიშერაშვილი და არაბული უდავოდ ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK

მკითხველის კომენტარები / 4 /
პირადად მე მომიტევეთ თუ შეურაცყოფა მოგაყენეთ,მაგრამ სიმარტლე უნდა გამოაშკარავდეს.დრო სამცუხაროდ აღარ იცდის.ხვალ უპრო მეტი სპორცმენი აღმოჩნდბა დოპინგის ზემოქმედების ქვეშ.განატლებუი ექიმები ჩირდება დგევანდელ სპორტულ მედიცინას.
კაცი
15:43 03-03-2014
0
ასეთმა განათლებულმა ხალხმა, უფრო რბილი გამოთქმები რომ გამოიყენოთ იქნებ სჯობდეს? თუ რაიმე შეეშალა სხვას თქვენ იქნებ პროფესიულ დონეზე ახსნათ.
gizog
12:54 03-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული