ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი ნადავლი - გერმანიაში ქართველები ისევ იგებენ

AutoSharing Option
საფეხბურთო ბუნდესლიგისგან განსხვავებით, გერმანული საჭიდაო ბუნდესლიგა საახალწლო დღეებს დიდად არ დაგიდევთ და უკვე 3 იანვარს პირველი მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა.

არ ვიცი, რამდენად უკავშირდება ეს ქართველთა ტრადიციულ საახალწლო გაწამაწიას, მაგრამ ეს ტური, ჩვენებურთა მონაწილეობის მხრივ, მეორე წრეში ყველაზე მწირი იყო - მხოლოდ ორმა ქართველმა იჭიდავა. ალბათ, ლოგიკურია, რომ ისინი ყველაზე "ქართულ" კლუბში - "აალენში" ვიხილეთ.

როგორც ვივარაუდეთ, აალენელებს წილისყრამ არ გაუმართლა, როცა მეტოქედ ჩრდილოეთ ბუნდესლიგის გამარჯვებული "კოლერბახი" არგუნა. ფავორიტმა მართლაც მოიგო, როცა ნაახალწლევს ჩვენებურთა კლუბს ესტუმრა და 18:5 დაამარცხა. თავს იმით
თუ დავიმშვიდებთ, რომ ორივე ქართველმა - ლევან მეტრეველმა (57) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (66) იმარჯვა.

სამაგიეროდ, არ გამართლდა ჩვენი მეორე ვარაუდი, რომ ხინჩეგაშვილს არ მოუწევდა ბულგარელთა მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ რადოსლავ მარინოვ-ველიკოვთან შეხვედრა, ვისთანაც დრამატული ბრძოლა დათმო 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა მერე რევანშიც აუღო...

ის შეხვედრა მაშინდელ 55 კილოგრამში გაიმართა, ველიკოვი კი ბუნდესლიგაში 66 კილოგრამში გამოდის, მაგრამ მწვრთნელი თურმე ამ ეტაპზე ჩვენებურსაც აქ უპირებდა დაყენებას. ვერ ვიტყვით, რომ დაძაბული ორთაბრძოლა გამოდგა, რადგან ჩვენებურმა საკმაოდ იოლად - 5:0 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ ეს არაა ხინჩეგაშვილის მიერ ბუნდესლიგაში მონადირებული ეგზომ მსხვილი კალიბრის ნადავლი - მისი მსხვერპლნი გახდნენ მონაკოელთა ნატურალიზებული ევროპის ორგზის მოლდოველი ჩემპიონი ანატოლი გუიდეა და რუსთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არტემ გებეკოვი, თუმცა იმათ მისთვის ჩვეულ - ქვედა წონებში აჯობა, ახლა კი უჩვეულოდ მძიმე წონაშიც იმარჯვა.

მოიგო აალენელთა მეორე ქართველმაც, ესპანეთში გადაბარგებულმა მეტრეველმაც. აღსანიშნავია, რომ მანაც ბულგარელს, ოღონდ არა ასე ტიტულოვან ანდრეი დუკოვს მოუგო - 5:3.

ხინჩეგაშვილისგან განსხვავებით, ამ შეხვედრაში ქართველი ორჯერ ჩამორჩა - თავიდან ერთი ქულა დაკარგა, რის გასათანაბრებლადაც ზუსტად 2 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ დუკოვმა 2-ქულიანი გდება მიითვალა და 3:1 დაწინაურდა, რასაც მეტრეველმა ორჯერ უპასუხა 2-იანი ფანდით და 5:3 იმარჯვა.

მთლიანად შეხვედრა ძალიან უცნაური და მასპინძელთათვის დრამატული გამოდგა - მათ პირველ სამ წონაში ოთხივე პაექრობა მოიგეს (შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგაში 66, 75 და 86 კილოგრამებში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნები ერთდროულად ჭიდაობენ, სხვებში კი ერთმანეთს ენაცვლებიან), მაგრამ წააგეს ყველა დარჩენილი ორთაბრძოლა.

გვესმის, რომ მოვლენათა დასწრება და წინასწარმეტყველება არაა გამართლებული საქციელი, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 10 იანვარს შედგება, "აალენი", პრაქტიკულად, გადაუჭრელი ამოცანის წინაშე დგას.

უქართველებოდ იმარჯვეს ქართველთა სხვა კლუბებმა. "მაინცმა" ასევე შინ იჭიდავა და განწირულ "აბელჰაუზენს" 15:11 მოუგო. ამ შეხვედრაში არც მაინცელთა მოჭიდავე-მწვრთნელს, გერმანიის მოქალაქე დავით ბიჩინაშვილს (86) უასპარეზია და არც ელიზბარ ოდიკაძე (98) დაუხმარებია.

მძიმეწონოსან გიორგი საკანდელიძის გარეშე მოიგო სამხრეთ ბუნდესლიგის გამარჯვებულმა
"ნენდინგენმა" - სტუმრად 21:3 მოარბია "ლუკენვალდერი". რაც შეეხება მერვედფინალის მეოთხე წყვილს, "გერმანია-ვაინგარტნერმა" საკუთარ კედლებში 12:7 დაამარცხა "მომბრის-კიონიგშოფენი".

როგორც გითხარით, განმეორებითი შეხვედრები 10 იანვარს გაიმართება. იმედია, სამიდან, მინიმუმ, ქართველთა ორ კლუბს მაინც ვიხილავთ მეოთხედფინალში. შარშან, წლის ბოლოს უკვე მოგახსენეთ, რომ ქვედა ბუნდესლიგებსა და რეგიონულ ლიგებში უკვე დასრულდა ჩემპიონატები.

აქვე გეტყვით, რომ გაისად ბუნდესლიგაში ქართული დესანტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ჩვენებს საშეჯიბრო თვალსაზრისითაც წაადგებათ და განსაკუთრებით, ფინანსურ-მატერიალურად, რადგან საბოლოო წარმატების გარდა, ფალავნები პრემიებს ყოველ მოგებულ შეხვედრაზეც იღებენ. წინასწარი მონაცემებით, ქართველებით ყველაზე მეტად პირველ ბუნდესლიგაში აღზევებული "ვირნჰაიმი" ძლიერდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული