ჩვენი ნაკრებისთვის გუშინდელი დღე პირველივით წარმატებული ვერ აღმოჩნდა, თუმცა არც მთლად ურიგო - 4 ქართველიდან მედლისთვის 2-მა იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ ერთმა მოიპოვა. ბრინჯაოს დაუფლების შანსი გიორგი შამათავამ (61) დაკარგა, ვინც საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.
ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა პოლონეთში გამოსვლა 5 მედლით დაასრულა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ევროპის სადებიუტო ჩემპიონატის გამარჯვებულები ზურაბ ერბოწონაშვილი (74) და ომარ
ონელი მძიმეწონოსანი მეშვილდიშვილი, რომელიც ფიზიკურად წლეულს უფრო მოძლიერებული ჩანს, პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი 7:0 მოუგო აზერბაიჯანელ ალი მაგომედდაბიროვს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მეტოქე იმდენად ჯაბანია, როგორც ანგარიშიდან ჩანს. აქ ძირითადი ამბები მეორე პერიოდში დატრიალდა, თორემ პირველში ჩვენებურმა 1 ქულა მიიღო და ისიც მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე. მეორეში ჯერ ფეხიდან აიყვანა კარგად, მერე მეტოქე მოძრაობაზე დაიჭირა, როცა ის ჯვარედინ მოვლებაზე გდებას ცდილობდა, და ზურგიდან მოუარა, იქიდან კი იოლად ჩააგდო დაბლა.
საბედნიეროდ, ამას არ დასჯერდა და არანაკლებ იოლად დაატრიალა - 7:0. მოგვიანებით ჩვენებურს კიდევ მისცეს 1 ქულა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ჩამოაკლეს, თუმცა არც სჭირდებოდა - მაგომედდაბიროვმა მას რეალური საფრთხე ერთხელაც ვერ შეუქმნა.
მეშვილდიშვილს შედარებით გაუჭირდა ნახევარფინალში უკრაინელ დანილო კარტავისთან, რომელთანაც თავიდან 0:2 ჩამორჩა კიდეც. ჩვენებურმა ფეხში შესვლა სცადა, მაგრამ მთლად უნაკლოდ ვერ აიყვანა და მეტოქემ კონტრშეტევა მოუმზადა. გდება იოლად არც ამას გაუშვია, კარგა ხანს ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მოგებული მაინც უკრაინელი დარჩა - ზურგს უკან ვერ გადაისროლა, მაგრამ ჩოქბჯენში ჩაიყვანა და 2 ქულა მიიღო.
მეშვილდიშვილმა იმავე სტილში გააგრძელა შეტევა და ცოტა ხანში ისევ აიყვანა ფეხიდან, დაბლაც ჩააგდო და იქაც დაატრიალა - 3:2 დაწინაურდა. მალე ისევ შევიდა ფეხში, აიყვანა და თითქოს მორიგი 2-ქულიანი გდებაც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქე გაექცა, ჩვენებურმა წრიდან გაიყვანა - 4:2. ქართველმა ბოლო ორი ქულაც ასე წრიდან გაყვანისთვის მიიღო, როცა წარმატებით შევიდა ფეხში. ბოლო წუთებში ის გდებაზე უფრო მეტად სწორედ გარეთ გაყვანაზე მუშაობდა, რითაც ძალას ზოგავდა ფინალისთვის.
სამწუხაროდ, იქ ეს ვერაფერში წაადგა რუს მურადინ კუშხოვთან, რომელიც სადღეისოდ, რეალურად, ძლიერია. დაღესტანში მოვარჯიშე ყაბარდოელი ფიზიკურადაც უფრო დიდია და მომზადებულიც ჩინებულადაა - იანვარში მან იარიგინის ტურნირიც მოიგო, ვალბრზიხში კი ფინალამდე სამივე პაექრობა წმინდად, ერთნაირად დიდი ანგარიშით - 11:0 მოიგო.
ფინალში ის ასე ძლევამოსილად არ გარჯილა. მეტიც - შეიძლება ითქვას, ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ზუსტად ისე იჭიდავა, როგორც აწყობდა - კარგად აჩერებდა ჩვენებურს, რომელმაც დიდი მონდომების მიუხედავად, რეალური საფრთხე ვერც კი შეუქმნა. კუშხოვმა 6:0 მოიგო, ჩვენ კი სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მასთან მეშვილდიშვილი სხვებივით არ გაბითურებულა.
ონელი ათლეტი მადრიდის "დიდი პრიზის" ჩემპიონია, ახლა კი დაამტკიცა, რომ მძიმე წონის ისედაც ძლიერ კონკურენციას კიდევ ერთი სერიოზული მოცილე ემატება.
დაახლოებით იმავეს ვიტყვით შამათავაზე, რომელიც აქამდე ქომაგთა ფართო წრისთვის უცნობი იყო, ახლა კი გარკვეული იმედები გაგვიჩინა. ის ჩემპიონატში პირველივე წრიდან ჩაება და ფინელი რონი რანნალა ნახევარ წუთში ფეხიდან აყვანის შემდეგ სწრაფად ჩააგდო ლეიბზე - 2:0. მეტოქემ სხვაობა მალევე გაუბათილა - წელში შესვლიდან ორქულიანზე გადაიყვანა და მერე დაატრიალა კიდეც, რითაც 4:2 დაწინაურდა.
შამათავა ბევრს კი ცდილობდა, რამდენჯერმე ფეხზეც წაეპოტინა, მაგრამ ფინელიც კარგად იცავდა თავს, თუმცა პირველი პერიოდის მიწურულს წრიდან გასვლისთვის ერთი ქულა მაინც დაკარგა - ანგარიში 3:4 გახდა. შესვენების შემდეგ შამათავა უფრო გააქტიურდა და 24 წამში მეტოქის გადაგდება სცადა. მთლად კარგად არ გამოუვიდა, მაგრამ წრიდან მაინც გააგდო, თუმცა მსაჯებმა თავიდან გდება შეაფასეს და 2 ქულაც მისცეს, მაგრამ მერე გააუქმეს და გაყვანისთვის 1 დაუწერეს - 4:4.
აქედან მოყოლებული, უპირატესობა მის ხელში იყო, ფინელი მხოლოდ თავს იცავდა, თუმცა ბოლო წუთზე ესეც ვერ მოახერხა - ქართველი ორივე ხელით კარგად შეუხტა ფეხში და უზადოდ გადააგდო - 6:4 მის სასარგებლოდ.
შამათავამ მეოთხედფინალში პირწმინდად დაჯაბნა ბულგარელი სტეფან ივანოვი - 10:0. ვგონებთ, ჩვენებურმა ყველაზე ჭკვიანურად, გააზრებულად მასთან იჭიდავა - ბანალური ფეხში შესვლების გარდა, იმგვარად ბოჭავდა და ბლოკავდა მას, რომ აიძულებდა, შეცდომა დაეშვა და ასე გადაჰყავდა ქულებზე. ბულგარელთან თითქმის ყველაფერი გამოუვიდა, რაც კი მოინდომა, საბოლოოდ კი სისწრაფისა და საკმაოდ მდიდარი ტექნიკის ხარჯზე იმ 10 ქულის მოსაპოვებლად 3 წუთიც არ დასჭირდა.
ნახევარფინალში შამათავამ უკრაინელ ანდრეი სვირიდთან წმინდად წააგო და სანუგეშოში გადავიდა, სადაც მოლდოველ ესანუ მიჰაის შეხვდა. პირველი პერიოდი აღმავლობით ჩაატარა და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ მეორეში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 10 ქულა დაკარგა და 3:10 დამარცხდა. ვფიქრობ, მას გამოცდილება არ ეყო, თორემ ფიზიკურად ურიგოდ არ გამოიყურებოდა. უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ამ ბიჭმა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გუშინ ჩვენი გუნდის კიდევ ორი წევრი გამოდიოდა - ალექსანდრე ჯაჭვაძე (70) და ირაკლი მწითური (86). სამწუხაროდ, მათ მხოლოდ თითო პაექრობა მოიგეს და მერე დამარცხდნენ. ჯაჭვაძემ იტალიელი ანჯელო კოსტა წმინდად, 10:0 დაჯაბნა, მაგრამ სომეხ იშან პოროსიანთან ვერაფერს გახდა და 11:15 დათმო. მწითურმა თავიდან კოსოვოელ ედონ შალას 4:0 მოუგო, მაგრამ 0:8 დამარცხდა ბერძენ ტიმოფეი ქსენიდისთან. საბოლოოდ, ჩვენს დუეტს არც სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი მიეცა, რადგან მათი მომგებები ფინალში ვერ გავიდნენ.
დღეს და ხვალ ტურნირზე გოგოები იჭიდავებენ, შაბათ-კვირას კი ჩემპიონატში "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან. ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ხვიჩა ჭითავა (59), გიორგი დავითაია (66), ბაკურ გოგოლი (71), გიორგი ჩაჩანიძე (74), ლაშა გობაძე (80), შალვა ხაჩიძე (85), კუკური კირცხალია (98) და შოთა გოგისვანიძე (130).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"