ჭიდაობა. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველების ჩინებული სტარტი

AutoSharing Option
4 აგვისტოს სერბულ სუბოტიცაში დაწყებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში ტრიუმფალურად ჩაერთნენ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა 5-ვე წონაში მედალი დაისაკუთრეს: 3 ოქრო და 2 ბრინჯაო.

I ადგილი
42 კგ. თორნიკე ქათამაძე (ბათუმი)
58 კგ. ალექსანდრე ლომიძე (ხაშური)
69 კგ. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)

III ადგილი
50 კგ. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
85 კგ. ბექა ჭელიძე (თბილისი).

ისიც უნიკალური ფაქტია, რომ ხუთივე ჩვენებური ნახევარფინალში გავიდა!

ჩემპიონთა სამეულიდან ფინალში გამარჯვება ყველაზე მეტად ქათამაძეს გაუჭირდა. თურქმა კარა დოგანმა შეხვედრის ბოლოს გდება გააკეთა,
მაგრამ დრო ამოიწურა და ამიტომ არ ჩაეთვალა, ქართველმა 10:9 მოიგო. არადა, ქათამაძემ აქტიურად დაიწყო შეხვედრა და ძირითადად, ფეხით შესვლებით სამჯერ გადაიყვანა - 6:0. ამას დოგანის 4-ქულიანი გდება მოჰყვა, რაც იანტბელიძემ გააპროტესტა, მაგრამ არ დაუკმაყოფილეს და თურქს კიდევ 1 ქულა უბოძეს ბონუსად - 6:5 ჩვენ სასარგებლოდ.

ქათამაძეს ცოტა დაღლაც დაეტყო და ანგარიში ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლოს კი თურქი 9:8 დაწინაურდა. ამას ქართველმა კვლავ 2-ქულიანი ჩაყვანით უპასუხა და როგორც მერე გაირკვა, საჩემპიონო ანგარიში დააფიქსირა: 10:9.

წინასწარი შეხვედრები ქათამაძემ სულ წმინდად მოიგო - მასპინძელი ალიოშა ლისცევიჩი და ბულგარელი პანაიოტ დიმიტროვი 10:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მუხამედ ალიევს 12:8 აჯობა.

ფინალში თურქს შეხვდა ლომიძეც და ერთი მიუტევებელი შეცდომა მისმა მეტოქემაც დაუშვა - პირველი პერიოდის მიწურულს ზვარაკივით შეიგდო მხარზე ჩვენებური, მაგრამ ვიდრე გდებას მოიფიქრებდა, ამასობაში დროც ამოიწურა.

ამით კიდეც გადავრჩით, რადგან იმ მდგომარეობიდან ფრიად მომგებიანი გდების განხორციელება შეიძლებოდა. იმ დროს ლომიძე 1:0 იგებდა. თურქს პასიურობისთვის 30-წამიანი ჩაურთეს, მაგრამ ვერ გამოიყენა, რადგან ქართველი მშვენივრად იცავდა თავს და ილეთი არ გააკეთებინა.

ლომიძე ამ შეხვედრაში თავშეხვეული ჭიდაობდა და ლამის ყოველ წამს სჭირდებოდა ექიმთა დახმარება. ამის მიუხედავად, მეორე პერიოდი აქტიურად დაიწყო და ფეხში კარგადაც შევიდა, თუმცა შეტევა იმან გაუგრძელა, მაგრამ ბოლო ამოსვლა მაინც ამისი იყო. ამიტომ მსაჯებმა 2 ქულა მხოლოდ ამას მისცეს, რაც თურქებმა გააპროტესტეს და ანგარიშიც, ვგონებ, სრულიად სამართლიანად გაათანაბრებინეს - 2:2. ოღონდ ლომიძემ ეს სიხარული დიდხანს არ შეარჩინა და მალევე 4-ქულიანი გდებით გაიჭრა წინ: 6:2.

შეხვედრის მიწურულს 1 ქულა წრიდან გასვლისთვისაც დაკარგა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. ეგ კი არა, დასრულებამდე 5-6 წამით ადრე კიდევ შეეძლო, გასულიყო წრიდან და მორიგი ქულა დაეკარგა - მოგება მაინც მას დარჩებოდა, მაგრამ დროს გაიყვანდა. ამის ნაცვლად მედგრად ეჯაჯგურებოდა და საწადელს კი მიაღწია, ქულა არ დაუთმო, მაგრამ ეს სარისკო ნაბიჯი იყო - ვაიდა, მეტოქეს 4-ქულიანზე გადმოეღო...

ამგვარი მაგალითი ხომ მწარედ გვახსოვს ბაქოს თამაშებიდან (თუმცა უფროსებში და "ბერძნულ-რომაულში", მაგრამ რისკი ყველასთვის ერთია). მართალია, ფრეზე მაინც ლომიძე იგებდა, რადგან მეტოქეს გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა აჯობებს, სპორტსმენები ბავშვობიდანვე მიეჩვიონ ასეთ ტაქტიკურ ნიუანსებზე ყურადღების გამახვილებას.

წინასწარი შეხვედრები ლომიძემაც სუფთად მოიგო - პოლონელ კრისტიან პისკორზთან 11:0, ებრაელ გენადი ბენოგოევთან 10:0. ნახევარფინალში ამანაც აზერბაიჯანელი დაჯაბნა, ოღონდ უფრო საპატიო ანგარიშით - გერია გადისას 6:4 მოუგო.

ფინალური პაექრობის პირველ პერიოდში საკმაოდ გაუჭირდა ჯულაყიძეს - რუს ადამ მალაევთან პაექრობა 2:2 კი დასრულდა, მაგრამ ის უფრო აქტიური იყო. რუსმა პირველი ორი ქულა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა, როცა ფეხი დაუჭირა ჩვენებურს, მაგრამ ესეც კარგად იცავდა თავს. ამგვარ ჯაჯგურში დაახლოებით მთელი წუთი გავიდა, ბოლოს კი მალაევმა მაინც გადაიყვანა ქულაზე.

პერიოდი სრულდებოდა, როცა ილეთზე უკვე ჯულაყიძე შევიდა და ისევ ისე ჩახლართულ ფეხიდან აყვანაში გადააგდო, მაგრამ მსაჯებმა რატომღაც ეს გდება რუსს ჩაუთვალეს და 2 ქულაც მას მიაკუთვნეს. არადა, მალაევი კი ცდილობდა კონტრილეთს, მაგრამ ჯულაყიძემ არ მისცა საშუალება და ქულა ნამდვილად დაიმსახურა.

კიდევ კარგი, მსაჯებმა მალევე გამოასწორეს თავიანთი შეცდომა და ანგარიში 2:2 გახდა. აი, მეორე პერიოდი კი უკვე ქართველის დიდი უპირატესობით წარიმართა და რუსი საბოლოოდ გატეხა. მან სამჯერ გადაიყვანა მეტოქე ჩოქბჯენში. სამწუხაროდ, ვერც ერთხელ ვერ დაატრიალა, თორემ წმინდად მოიგებდა, თუმცა ახლაც სოლიდურად იმარჯვა: 8:2.

სამტრედიელი ფალავანი წინასწარ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე იდგა: თურქ იბრაჰიმ ცაგლაიანს 6:2, აზერბაიჯანელ ისმაილ აბდულაევს 6:5, ბერძენ თეოდოროს იდსიფიდისს 9:2, ნახევარფინალში კი ჟან ბეკირს 6:1 მოუგო.

იანტბელიძის ხუთეულს ნახევარფინალში პირველად ვანიშვილი გამოაკლდა - მოლდოველ პეტრუ ცრაციუნთან 8:9 წააგო. მანამდე ქართველმა იტალიელ ვირჯილიო გუარინოს 4:0, რუს რამაზან აბდურახიმოვს კი 6:3 აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში პირწმინდად დაჩაგრა უკრაინელი იური პოსტოლი - 10:0.

ჭელიძე თავიდან პოლონელ იაკუბ ზიმილას (7:1) და ბელორუს იარასლაუ სლავიკოუსკის (5:3) გაუსწორდა, მისი წინსვლა კი თურქმა სეიარ ნაილმა შეაჩერა - 0:6. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველმა აზერბაიჯანელი რაჰიდ ჰამიდლი 5:1 დაამარცხა.

დღეს იჭიდავებენ
დღეს, 5 აგვისტოს  სუბოტიცაში მორიგი ქართული ხუთეული იჭიდავებს: გიორგი ხაჩიძე (46, ხაშური), ივანე გოდელაშვილი (54), თორნიკე კვინიკაძე (63, ორივე - ხაშური), დემურ მეგენეიშვილი (76, სამტრედია) და ზურაბ ურთაშვილი (100, მცხეთა, ოლიმპიური მზადების ეროვნული ცენტრი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოჩაგ ბიჩებო
Unknown
11:18 05-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული