სამწუხაროდ, აზერბაიჯანელი იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან 5:10 დამარცხდა და კენჭაძეს ბრძოლის ბრინჯაოსთვის გაგრძელების შანსი აღარ მისცემია.
კენჭაძეს მესამე წრემდე მისაღწევად დიდი ჯაფა არც დასდგომია - პირველ წრეში ყირგიზი ულუკმან მამატოვი არ გამოუცხადდა, მეორეში კი მეტოქედ ვიეტნამელი ხუან დინ ნგუენი
ქართველ ფალავანს ნამდვილი გამოცდის ჩაბარება მესამე წრეში, მერვედფინალში მოუწია, სადაც აზერბაიჯანელთა ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასკაროვს შეხვდა.
ასკეროვს ლონდონის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ნამდვილად არ ედგა კარგი დროება, მაგრამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის დაუბრუნდა ლეიბს და ივნისში ბაქოში პირველი ევროპული თამაშებიც მოიგო. შეიძლება ამაში დიდი როლი საკუთარი კედლების ფაქტორმაც ითამაშა, მაგრამ ურიგოდ არც ლას ვეგასში გამოიყურებოდა და მეორე წრეში დამაჯერებლად, 8:2 დაამარცხა სომეხთა შარშანწინდელი მსოფლიოს ჩემპიონი დავით საფარიანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საფარიანი საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა, თითქოს შიშით ეჭიდავებოდა ასკაროვს.
ის რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა, კენჭაძესთანაც გამოჩნდა, რომელიც ვერც ერთხელ ვერ დაატრიალა ჩოქბჯენიდან, თუმცა გამოცდილების ხარჯზე პირველივე წუთზე ორჯერ დაიჭირა მოძრაობაზე და დაბლა ჩაყვანით 4:0 დაწინაურდა. მალე წრიდან გაყვანისთვის კიდევ ერთი ქულა მიიღო, რასაც მსწრაფლ 4-ქულიანი მოგვერდი მიაყოლა - 9:0 მის სასარგებლოდ.
კენჭაძემ იყოჩაღა და იმ მომენტში ბეჭებზე დადება არ დაანება, მერე კი არც დატრიალების ნება მისცა. ჩვენებურს პასიურობას ნამდვილად ვერ დავწამებთ, მაგრამ ჯერ აკლია გამოცდილებაც, ოსტატობაც, კლასიც... ის საფარიანზე ბევრად თამამად ეჭიდავა ასკაროვს და გაცილებით მეტი პრობლემაც შეუქმნა, თუმცა, ძირითადად, მხოლოდ ფეხში შეხტომას ცდილობდა, ამაზე კი მეტოქე ყოველთვის მომზადებული დაუხვდა.
ბოლო წამებზე ასკაროვმაც გარისკა, რაც კენჭაძემ არ აპატია და 2-ქულიანზე გადაიყვანა, თუმცა დრო არ ეყო, თორემ ერთხელ დაატრიალა კიდეც. საბოლოოდ ქართველი 2:9 დამარცხდა.
* * *
დღეს, 11 სექტემბერს, ტურნირში სამი წონის - 61, 86 და 97-ის ფალავნები ჩაებმებიან და ჩვენთვის სამივე მათგანი საყურადღებოა, ვინაიდან იჭიდავებენ ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონები, ბექა ლომთაძე (61), ელიზბარ ოდიკაძე (97) და იმავე შეჯიბრების მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86). (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"