საქმე ისაა, რომ ამ ტურნირზე მონაწილეებს სპეციალური კვოტით იწვევენ - ევროპული თამაშების 6 საუკეთესო გუნდს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, მონაწილეთა შორის რატომ მოხვდნენ ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლები" და მათთან ერთად რატომ არ იქნება ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრები.
ჩვენი "თავისუფალი" გუნდი მოსკოვში უძლიერესი შემადგენლობით არ მიდის: არ იასპარეზებენ ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125) და
სწორედ ის იქნება ჩვენი ნაკრების კაპიტანი მოსკოვში, თუმცა მისი ამ წონაში გამოჩენა არაა მოულოდნელი. საქმე ისაა, რომ 61 არაა ოლიმპიური წონითი კატეგორია და მან რიო დე ჟანეიროში 57-ში უნდა იჭიდაოს. იმავდროულად, უკვე ემზადება ოლიმპიადისთვის და ამიტომ საერთაშორისო ტურნირებში წონას არ დააკლებინებენ, ყოველთვის 61-ში იასპარეზებს. წონის დაკლება მას საოლიმპიადოდ ისედაც მოუწევს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა გუნდი ძირითადად იმ ფალავნებით დააკომპლექტა, რომლებმაც წლევანდელი სეზონი ნაკრებში გაატარეს და ევროპა-მსოფლიოს პირველობებზეც იჭიდავეს. თუმცა რამდენიმე წონაში შანსი სათადარიგოებსაც მისცა, ზოგან კი პირველ-მეორე ნომრები ერთად მიჰყავს.
მაგალითად, იგივე 61, სადაც ხინჩეგაშვილთან ერთად ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძეც მიჰყავს. არადა, ამ წონაში ჯერჯერობით ლიდერი სწორედ ქუთაისელი ფალავანია, თორემ გორელი 57-შია პირველი. აკი საქართველოს ჩემპიონატზეც ლომთაძემ მოუგო ხინჩეგაშვილს.
74-სა და 97-შიც უმთავრესი ფავორიტები იჭიდავებენ, ხოლო 65-ში ყველაფერი თავიდან იწყება - აქ წლეულს ლიდერი ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრი, თავის ასაკში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი კენჭაძე იყო, თუმცა მან წონა შეიცვალა და ახლა არ იჭიდავებს, ლიდერობისთვის კი ძველი ფავორიტი, ევროპის მესამეპრიზიორი კონსტანტინე ხაბალაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი იბრძოლებენ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ერთი ტურნირით ლიდერის საკითხი არ წყდება, უახლოეს პერიოდში კი მათ ქვეყნის პირველობაც ელოდებათ.
მძიმე წონაში არც დავით მოძმანაშვილი ჭიდაობს...
მოსკოვში ერთა თასზე თავისუფალ ჭიდაობაში, ჩვენ გარდა, გამოვლენ რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელორუსის და პოლონეთის გუნდები. ისინი ორ ქვეჯგუფად განაწილდებიან, რომლის გამარჯვებულებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მეორეზე გასულები - ბრინჯაოსთვის. 6 ნოემბერს აწონვაა, 7-ში ქვეჯგუფებში გაიმართა პაექრობები, 8-ში კი მედლებისთვის ბრძოლებია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი (გორი), 61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი), ბექა ლომთაძე (ქუთაისი), 65 კგ. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი), ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი), 70 კგ. დავით ტლაშაძე (გორი), 74 კგ. ჯუმბერ ყველაშვილი (გორი), იაკობ მაქარაშვილი (თბილისი), 86 კგ. სანდრო ამინაშვილი (თბილისი), 97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი), ომარ გუსოშვილი (გორი), 125 კგ. გიორგი საკანდელიძე (თბილისი).
მწვრთნელები: რევაზ მინდორაშვილი, დავით პოღოსიანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"