შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) აუქციონის წესით "პენჯაბმა" შეიძინა და ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უცხოელიც გახდა; ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ბერიანიძე "მუმბაიში" გამოდიან, ხოლო ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი დავით მოძმანაშვილი (125) კი "ბენგალურუში" ასპარეზობს.
ხინჩეგაშვილი არა მარტო ძვირად ღირებული, არამედ დაფასებული უცხოელიც გახდა -
ქართველმა ფალავნებმა ჩემპიონატში წარმატებული სტარტი აიღეს. პირველ ტურში ერთმანეთს ჩვენებურთა კლუბები - "პენჯაბი" და "მუმბაი" დაუპირისპირდნენ და "მუმბაიმ" 43:24 გაიმარჯვა (აქ საერთო ქულები იკრიბება და არა ტექნიკური შედეგები). სადებიუტო შეხვედრა სამივე ქართველმა მოიგო: ხინჩეგაშვილმა ინდოელი რაჰულ ავარე 6:0 დაამარცხა, ოდიკაძემ ასევე ინდოელი მაუსამ ჰატრი 8:3 დაჯაბნა, ბერიანიძემ კი მონღოლ იარგალსაიხან ჩულუუნბატს 2:1 მოუგო.
ამ ტურში მოძმანაშვილს არ უჭიდავია, რადგან ის მეტოქის კაპიტანმა... დაბლოკა. იქაური წესით, კაპიტნებს აქვთ უფლება, მეტოქე გუნდიდან თითო მოჭიდავე დაბლოკონ. ჩვენთვის ერთგვარად საამაყოცაა, რომ "ბენგალურუს" მეტოქე "უორიორზმა" ქართველი მძიმეწონოსანი მიიჩნია ყველაზე საშიშად, თუმცა "ბენგალურუმ" უმისოდაც მოიგო - 36:19.
ამავე მიზეზით მეორე ტურს უკვე ხინჩეგაშვილი და ოდიკაძე დააკლდნენ. არადა, მაშინ ოდიკაძის "მუმბაი" სწორედ მოძმანაშვილის კლუბს ხვდებოდა, მაგრამ მეტოქის კაპიტანმა ოდიკაძის განეიტრალება მოისურვა. თუმცა მძიმე წონაში ქართული პაექრობა შედგა და ბერიანიძემ 4:1 მოუგო მოძმანაშვილს, ხოლო გუნდურ ჩათვლაში "მუმბაიმ" 41:19 იმარჯვა.
გუშინწინ "ბენგალურუმ" "ჰარიანა ჰამერს" 42:26 მოუგო, მოძმანაშვილი კი ისევ დაბლოკილი იყო ინდოელ ჰიტენდერთან შესახვედრად. გუშინ "მუმბაიმ" მორიგი გამარჯვება მიითვალა "ორიორზთან" - 54:21, რაშიც თავისი წვლილი ოდიკაძემაც შეიტანა - ინდოელ კადიან სატიავრატს სუფთად, 11:0 მოუგო, ბერიანიძე კი დაბლოკილი იყო ინდოეთის ნაკრების წევრ ჯოგინდერ კუმართან საპაექროდ.
დღეს, 18 დეკემბერს, პენჯაბელები დელის უნივერსიტეტის კლუბს ესტუმრებიან, რომელსაც 21-ში "მუმბაიც" ეწვევა, მანამდე კი, 20 დეკემბერს ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი შეხვედრაა - "პენჯაბი" "ბენგალურუს" მიიღებს.
საკლუბო ჩემპიონატს 138 მოგებით "მუმბაი" ლიდერობს, 97-ით მეორე ადგილზეა "ბენგალურუ", 95-ით კი მესამეზე "უორიორზია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"