11:20 24-12-2015
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში წლეულს პირველად ტარდება საკლუბო პირველობა, რომელსაც მასპინძლებმა პომპეზური სახე მისცეს და უხვად გაამდიდრეს შოუს ელემენტებით. პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ფალავნებიც იყიდეს და მსოფლიოს კიდევ ერთი ძლიერი საჭიდაო ლიგა შესთავაზეს.
ერთი სიტყვით, ფულსაც ხარჯავენ და მაყურებელიც დადის სანახაობაზე, რითაც ჭიდაობას პოპულარიზაციას უწევენ.
"პენჯაბის" გუნდის წევრმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) კიდევ სამი ორთაბრძოლა მოიგო და დაუმარცხებლად ასპარეზობს. ჩვენი ათლეტი ინდოელებმა თავიდანვე ჯეროვნად დააფასეს და სპეციალური ვიდეოკლიპიც კი მიუძღვნეს, თუმცა ადგილობრივი დიქტორები მისი გვარის წარმოთქმაზე ლამის ენას იტეხავენ ხოლმე, ხოლო ტაბლოზე გვარის გასწვრივ სახელი წერია.
ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მონღოლთა მსოფლიოს მესამე პრიზიორ ბეკბაიარ ერდენებატთან (მანგალიათანის უნივერსიტეტი) შეხვედრაში, ვისაც ჩვენებურმა სექტემბერში ლას ვეგასშიც მოუგო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამჯერადაც იმარჯვა. თუმცა ჩვენი ათლეტი ბოლო წამამდე 2:3 აგებდა და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხა ორქულიანზე მისი გადაყვანა: 4:3.
თუმცა აქ ფიქსირების მომენტი თითქოს ცოტა საკამათო იყო, როცა ლამის წაქცეულმა ქართველმა მეტოქეს შეტევა დაუხურა და ჯვარედინი მოვლებით იქით მიაწვა გადასაგდებად, რაც ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ბეჭი იმდენად კი შეახებინა ლეიბზე, რომ არბიტრმა ქულებით შეაფასა.
მონღოლი გაპროტესტებას ითხოვდა, მისმა მწვრთნელებმა ჩელენჯიც შემოაგდეს, თუმცა მსაჯებმა შედეგი უცვლელად დატოვეს, ხინჩეგაშვილმა კი მეორე გამარჯვება მიითვალა.
მან ამას მალე მესამეც მიაყოლა - რამდენიმე დღეში "ჰარიანა ჰამერსის" წევრი, ინდოელი ნიტინი 6:2 დაამარცხა.
ამის შემდეგ პროლიგაში ჩვენებურთა გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს - "პენჯაბი" დავით მოძმანაშვილის "ბენგალურუს" დაუპირისპირდა და ისევ წააგო, 44:52, თუმცა მოიგო ორივე ჩვენებურმა: ხინჩეგაშვილმა მასპინძელი ტომარ სანდეეპი 12:2 გაანადგურა, მოძმანაშვილმა კი 5:0 მოუგო მონღოლ ჩულუუნბატ ჯარგალსაიხანს.
სამწუხაროდ, ხინჩეგაშვილს მხარი ვერ აუბა თავისმა გუნდმა - "პენჯაბმა" "ჰარიანას" 43:21 კი მოუგო, მაგრამ მანამდე უნივერსიტეტელებთან 31:34 დამარცხდა.
ამასობაში პროლიგაში "ქართული როქი" მოხდა: "მუმბაიში" მძიმე წონაში სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძე გიორგი საკანდელიძემ შეცვალა, თუმცა ის აუქციონზე არ შეუძენიათ. ჩვენებურს დებიუტიც წარმატებული გამოუვიდა - "მანგალაითან უნივერსიტეტთან" შეხვედრაში ინდოელი კრიშან კუმარი 10:0 დაამარცხა.
თანამემამულეს მხარი ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ელიზბარ ოდიკაძემაც აუბა და მეორე ინდოელი გურპალ სინგჰი 5:0 დაჯაბნა. შეხვედრაც "მუმბაიმ" მოიგო - 47:20.
პროლიგის გათამაშება უკვე დასასრულს უახლოვდება, საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ ორი ორთაბრძოლა დარჩა.
გუშინ კიდევ ერთი პაექრობა გაიმართებოდა - "ბენგალურუ" "მანგალაითან უნივერსიტეტთან" იჭიდავებდა, დღეს კი "მუმბაი" "ჰარიანას" შეხვდებოდა. ყველაზე საინტერესოც ეს ბოლო წყვილია, რადგან პირველ-მეორე ადგილებს ისინი ინაწილებენ. "პენჯაბმა" უკვე დაასრულა გამოსვლა - 3 მოგებით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა, სატურნირო ცხრილს კი "მუმბაი" ლიდერობს 4-დან 4-ვე მოგებით, ანუ 8 ქულით.
ერთი მოგებით და 2 ქულით ნაკლები აქვს "ჰარიანას" - 6 ქულა. ამდენივე დააგროვა "პენჯაბმაც", ოღონდ "ჰარიანას" ერთი შეხვედრა მარაგში აქვს. 4 ქულით "ბენგალურუ" მეოთხეა და ჯერ ისევ ინარჩუნებს პლეი ოფში გასვლის შანსს.
25-26 დეკემბერს ნახევარფინალები გაიმართება, 27-ში კი ფინალია დაგეგმილი. ამით ინდოეთის პირველი საჭიდაო პროფესიული ლიგაც დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული