საერთაშორისო სარბიელზე ქართველი სპორტსმენისთვის ეს არ ყოფილა პირველი ჯილდო: 2011 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც მხოლოდ ფინალი წააგო და ვერცხლის მედალს დაყაბულდა. 2013 წელს ევროპაზე მესამე იყო, სამაგიეროდ, შარშან კონტინენტის პირველობაზე ყველას აჯობა, ხოლო მსოფლიოზე ვერცხლი ერგო.
ტიტულოვან ფალავანს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გარჯა დაუფასა – 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილს
ლერი ხაბელოვი: "2015 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული იყო: საერთაშორისო სარბიელზე ბევრმა მათგანმა გამოიჩინა თავი - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები დაიმსახურა. საბედნიეროდ, არჩევანის საშუალება გვქონდა. ჩვენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მივანიჭეთ უპირატესობა. 2012 წელს ლონდონში მან ვერცხლი მოიპოვა, რიოში ოქროს ჯერია".
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: "წლეულს ყველა ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ სეზონით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონობა და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება დავიმსახურე. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი წლის განმავლობაში გვერდით მედგა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მადლიერი ვარ, რომ წლის სპორტსმენად დამასახელა. ვეცდები, ამ დაფასების პასუხად რიოში ოქროს მედალი მოვიპოვო".