ზურაბ იაკობაშვილი და გენო პეტრიაშვილი მინსკის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ იაკობიშვილი
18 თებერვალს მინსკში დასრულდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ "ალექსანდრ მედვედის თასი" თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ბოლო დღეს ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობაშვილი (70) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, მესამეზე კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და დავით მარსაგიშვილი (86) გავიდნენ. ბრინჯაოსთვის იჭიდავეს დავით ტლაშაძემ (70), სანდრო ამინაშვილმა (86) და გიორგი საკანდელიძემ (125), მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვა.

იაკობაშვილმა
თავდაპირველად რუსი შარაპ გიტინოვი დაამარცხა, მერე კი საკმაოდ დიდი უპირატესობით - 6:0 მეტად თავისუფლად, ზედმეტი დაძაბვის გარეშე აჯობა თანაგუნდელ ტლაშაძეს. მეოთხედფინალში რუს რუსტამბეკ მასხადოვსაც ასევე იოლად, 8:2 მოუგო, ნახევარფინალში კი ამერიკელ აარონ პიკოს მოუგო. ჩვენებური ფინალშიც დიდ უპირატესობას ფლობდა რუს ამირ ბერუკოვთან ორთაბრძოლაში და 9:4 მოუგო.

მოგება არც იაკობაშვილს გასჭირვებია, მაგრამ პეტრიაშვილმა კიდევ უფრო იოლად მოიგო ეს სოლიდური ტურნირი. მან, უბრალოდ გადათელა ყველა მეტოქე, როგორც ფინალში დაამარცხა აზერბაიჯანელი საიდ გამიდოვი. წინასწარ შეხვედრებში ჩვენმა ლიდერმა რუსი ანზორ ხიზრიევი (10:3), თანაგუნდელი საკანდელიძე (6:0), ნახევარფინალში კი ირანელ ოლიმპიურ პრიზიორ კომეი გასემის 9:4 აჯობა.

Sportall.Ge
ფოტოზე: გენო პეტრიაშვილი

პეტრიაშვილმა ფინალი თითქოს ოდნავ ინერტულად დაიწყო და შემჩნევაც მიიღო მსაჯისგან, მაგრამ საბოლოოდ 5 ილეთი ჩაატარა და წმინდად იმარჯვა - 10:0. თან ხუთივე გდება სხვანაირი იყო ანუ მრავალფეროვნად იჭიდავა: წელში შესვლიდან დაბლა ჩაყვანა, ჩოქბჯენში დატრიალება, ფეხიდან აყვანა თუ სხვა... განსაკუთრებით უცნაური მეოთხე გდება გამოუვიდა, როცა ფეხში შესულ მეტოქეს შეტევა დაუხურა, ლეიბზე ჩამჯდარმა აქაჩა მეტოქე და ზურგს უკან გადააგდო. მან გამიდოვსაც ასე კონტრშეტევაზე მოუთავა ხელი, როცა მისი შეტევა ჩაშალა და ისევ ჩააგდო დაბლა.


ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი ნახევარფინალში ფრეზე დამარცხდნენ დამატებითი მაჩვენებლებით. ხინჩეგაშვილმა, ვინც ამ ტურნირზე ზედა წონაში იჭიდავა, რუსთა ჩეჩენ მსოფლიოს ჩემპიონ ბეკხან გოიგერეევთან 6:6 დაასრულა, თუმცა აქ მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილება ძალიან საკამათოა, მარსაგიშვილი კი აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევს დაუზავდა - 4:4. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ხინჩეგაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი 10:9 დაჯაბნა, მარსაგიშვილმა კი რუსი ხაბი ხაშპაკოვი გაანადგურა - 10:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული