ემზარ ბედინეიშვილი: იმედია, ბრაზილიაში ოლიმპიადაზე სრული გუნდით წავალთ

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბოლო უქმეებზე დიდი წარმატებით იჭიდავა მინსკში გამართულ ალექსანდრ მედვედის სახელობის "დიდ პრიზზე", სადაც 2 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონები ზურაბ იაკობაშვილი (65) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) კი მესამეზე გავიდნენ. ამასთან, რამდენიმე მოჭიდავე მეხუთეზე დარჩა და, მთლიანობაში, ჩვენებს ევროპის ჩემპიონატის წინ შედეგიანი რეპეტიცია გამოუვიდათ.

ევროპის პირველობა 8-13 სექტემბერს რიგაში ჩატარდება, თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯერ ბოლო შეკრებას ელოდება, რომელიც დღეს დაიწყება დუშეთში, მანამდე
კი შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობს. თბილისში დაბრუნებულმა მან ვერც ინტერვიუსთვის მოიცალა, რადგან საჭიდაო დარბაზს აშენებს და მთელი დღე იქ ტრიალებდა. ამიტომ მის ნაცვლად მინსკის ტურნირზე ნაკრების მწვრთნელი ემზარ ბედინეიშვილი გვესაუბრება.

- რა გეგმით გამოდიოდით ტურნირზე და რამდენად გაამართლა მან მწვრთნელთა იმედები?
- ზოგადად, ყველა ჩემპიონატის წინ საერთაშორისო ტურნირი მოსამზადებელი ეტაპია და ასე იყო ახლაც - ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით. მინსკში კარგი შეკრება გავიარეთ, კარგი ტურნირიც ჩატარდა, ბიჭებიც კმაყოფილები არიან და დადებითად შევაფასებ იქ გამოსვლას.

უბრალოდ, სანდრო ამინაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე ავადმყოფობდნენ ცოტას. ამინაშვილს ჰაიმორიტი ჰქონდა და შეკრების ბოლოს ცოტა კი მოღონიერდა, მაგრამ ამან მაინც დაასვა დაღი მის გამოსვლას. თუმცა, მთლიანობაში, ამ ეტაპისთვის ნორმალური ჭიდაობა გამოუვიდა.

ჩემპიონებიდან დაწყებული, ყველამ კარგად იჭიდავა. მაგალითად, ხინჩეგაშვილი ზედა წონაში გამოვიდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ის 61-შიც ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით და იქაც შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონობა. აი, ზურაბ იაკობაშვილი კი ცალკე სალაპარაკო თემაა.

- მის შესახებ კითხვას ისედაც ვაპირებდი...
- ძალიან მაგრად იჭიდავა, თავაწეულმა და, რომ იტყვიან, ცალ კარში მოიგო, თანაც - ზედა წონაში. ეს სერიოზული განაცხადია და ღმერთმა ქნას, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვოს. ახლა ესაა მთავარი, დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ.

- პეტრიაშვილმაც ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი...
- გენო ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენებზე. ძალიან კარგ ფორმაში იყო და დამაჯერებლადაც გამოვიდა. უბრალოდ, ახლა მოსამზადებელი ეტაპია, ამ დროს კი იქნებ ბოლომდე მობილიზებული ვერ იყო. ამ ეტაპზე რაც ეკუთვნოდა, ისე იჭიდავა - თავისუფლად და ლაღად. რაღაც შეცდომები აქვს და ეს უნდა გამოასწოროს. მაგალითად, ჩოქბჯენში ხანდახან მოდუნება იცის და ტრიალს გაუშვებს, ზოგჯერ ფეხში შესვლისას მეტოქე გაექცა, მაგრამ ოლიმპიადამდე დროა და დახვეწს ამ ყველაფერს. მას მსოფლიოში მხოლოდ ერთი სერიოზული მეტოქე ჰყავს - თურქი ტაჰა აკგული. კი, სხვებიც არიან, მაგრამ ყველაზე რეალური ესაა.

- ადრე მან უკრაინელ ალენ ზასეევთანაც წააგო. მას გამორიცხავთ?
- ზასეევმა ახლა უკრაინის ჩემპიონატი მოიგო და, ალბათ, მას დააყენებენ. თუმცა ის 3 წუთის მოჭიდავეა და, ვფიქრობ, გენოს ვერ გაუძლებს, ჩვენი ფალავანი ნამდვილად მოუგებს. ყოველთვის არ მოხდება, რომ ზასეევმა დიდი უპირატესობით გაუსწროს. პეტრიაშვილი უკვე სხვანაირი ტაქტიკით ეჭიდავება, დავარიგებთ და შანსს არ მისცემს.

- ხინჩეგაშვილი საოლიმპიადოდ თავის წონას - 57-ს უნდა დაუბრუნდეს. ცუდად ხომ არ იმოქმედებს წონის დაკლება, ბევრი ექნება დასაკლები?
- დღეისათვის ბევრი კი აქვს, მაგრამ ნელ-ნელა დაასტაბილურებს. ახლა შეკრება დაეწყება, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი ოლიმპიადამდე დიდი დროა. ის მაღალი დონის პროფესიონალია, დიდი გამოცდილების მოჭიდავე და უფლება არ აქვს, წონა ისე გაუშვას, კატასტროფამდე მიიყვანოს თავი. დაიკლებს, ეტაპობრივად და არა ერთბაშად. მისთვის ნორმალური წონა 63 კილოგრამია. ახლა 65-ია, თუმცა ამ ორი კილოგრამის დაკლება პრობლემა არაა. 63-ზე გააჩერებს წონას და მერე ეტაპობრივად დაიკლებს.

კიდევ ვიმეორებ, რომ ოლიმპიადამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ეს არ გაუჭირდება.

- ხინჩეგაშვილის და მარსაგიშვილის წაგებულ ნახევარფინალებზე რას იტყვით?
- ვფიქრობ, ხინჩეგაშვილს წააგებინეს. შეიძლებოდა, მსაჯს უფრო კარგად შეეფასებინა ის სადავო ეპიზოდი. არადა, ლადომ რუსთა მსოფლიოს ჩემპიონ ბეკხან გოიგერეევთან მაგრად იჭიდავა და ერთი თავით მაღლა იდგა. მეტოქე რამდენჯერმე გაფრთხილებასაც იმსახურებდა, მაგრამ არ დასაჯეს. პირიქით - მთელი შეხვედრა ეს უტევდა, მაგრამ აქეთ ჩაურთეს 30-წამიანი საჯარიმო დრო. ის ბოლო აკორდიც, რაც საკამათო ეპიზოდი გახდა, ლადოს გდება იყო, მაგრამ მსაჯებმა არასწორად შეაფასეს.

მარსაგიშვილს რაც შეეხება, მანაც ძალიან მაგრად იჭიდავა და თავი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა. ერთ-ერთ საუკეთესო ირანელს - ალირეზა კარიმიმაჩიანის დამაჯერებლად მოუგო. ის რჩება კანდიდატთა შორის, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან თავისი შეცდომით წააგო. თუმცა არა უშავს - იმუშავებს და ამასაც გამოასწორებს. დაუძლეველი და გამოუსწორებელი არაფერი ყოფილა.

- ბეჭი ისევ აწუხებს, არ მოურჩა?
- ნორმალურად აქვს. ეტყობა, მინსკში თავის დაზღვევის მიზნით ჰქონდა გადაბინტული, თორემ ტრავმა და მით უფრო - სერიოზული არაფერია, დამაჯერებლად იჭიდავა.

- ოდიკაძეზე არაფერი გვითქვამს...
- როგორც გითხარით, ჯანმრთელობის მხრივ ცოტა პრობლემა მასაც ჰქონდა და გარკვეულწილად, მოშვებული იყო. ამიტომ ფიზიკური შეკრება სათანადოდ ვერ გაიარა, რამაც დაღი დაასვა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადება და იმ ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.

- დანარჩენებისგან ვინმეს თუ გამოარჩევთ?
- ოთარ გოგავას შემთხვევაა აღსანიშნავი - ის ბოლოს ჩამოვიდა, ძლივს ჩამოუსწრო აწონვას. აწონვაზე ცოტა დაველოდეთ კიდეც, თორემ ვერ ასწრებდა. ამიტომ ცოტა დაიღალა, ასე მოუმზადებელს განწყობაც ვერ ჰქონდა სათანადო, მაგრამ მეხუთეზე მაინც გავიდა. ის მებრძოლი, ჟინიანი ბიჭია და ევროპამდე დრო აქვს ფორმაში შესასვლელად.

65 კილოგრამში კოტე ხაბალაშვილმაც იბრძოლა, მაგრამ წონის ფავორიტებთან დამარცხდა. მას წონის პრობლემა აქვს და ეს მარცხიც ამან გამოიწვია. 74 კილოგრამში ვერ იყვნენ ბიჭები სათანადო ფორმაში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატამდე ერთი შეკრება კიდევ გვრჩება ფორმაში მათ შესაყვანად.

ზოგადად, გუნდის მომზადებას თუ შევაფასებთ, ფიზიკურად არავინ დაღლილა და არავის წაუგია ამის გამო, უფრო ტაქტიკურად დამარცხდნენ. მთავარია, კონკრეტული შეხვედრისთვის იყო მზად. საერთაშორისო ტურნირები ძალების შესამოწმებლად ტარდება - შეიძლება რაღაც გამოგეპაროს, მაგრამ ოფიციალურ შეჯიბრებაზე მობილიზება უნდა გააკეთო.

- მინსკის შეჯიბრების შემდეგ უსაგზუროდ დარჩენილ იმ ორ წონაში - 65-სა და 74-ში რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?
- იაკობაშვილმა დაგვანახვა, რომ თავისუფლად შეუძლია ლიცენზიის მოპოვება. ძალიან მაგრად იჭიდავა, შოკში იყო მთელი დარბაზი. მან დაამტკიცა, რომ 70-შიც შეუძლია დიდი ტურნირების მოგება. 74-შიც გვაქვს იმედი, აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ ორივე წონაში. იმედია, ბრაზილიაში სრული გუნდით წავალთ.

- ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას სად გაივლით?
- ბოლო შეკრებას 24 თებერვალს დავიწყებთ დუშეთში, 6 მარტს კი რიგაში მივფრინავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული