მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდები დაასახელეს

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელებმა - რევაზ მინდორაშვილმა და ბეგი დარჩიამ დაასახელეს 8-13 მარტს რიგაში, ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობები.

მინდორაშვილს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია, თუ დოპინგით გამოწვეულ ცვლილებებს არ ჩავთვლით; დარჩიას გუნდში კი გვარიანი სიურპრიზებია.

რიგაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ღირსებას ოთარ გოგავა (57), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), ზურაბ იაკობაშვილი (65), დავით ტლაშაძე (70), იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97), გენო პეტრიაშვილი (125) დაიცავენ.

ამათგან უმეტესობა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია. ამ ტიტულის
მატარებელი მხოლოდ სამი არაა, რაშიც დიდწილად დოპინგ-სკანდალმა იქონია გავლენა. მაგალითად, გოგავას და პეტრიაშვილს სწორედ ამის შემდეგ გამოუთავისუფლდათ ადგილი, ხინჩეგაშვილი კი ქვეყნის პირველობიდან გათავისუფლებული იყო. თან ისიც ცნობილია, რომ მას ოლიმპიადამდე წონას არ დააკლებინებენ და 61-ში იჭიდავებს.

ამ გუნდიდან ორ წონას გამოვარჩევთ - 65-სა და 74-ს - მხოლოდ ამ ორში არ გვაქვს ოლიმპიადის ლიცენზია. წლეულს 65-ის ლიდერად იაკობაშვილი ჩამოყალიბდა, რომელმაც ჯერ ქვეყნის პირველობა მოიგო დამაჯერებლად, ახლახან კი მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის "დიდ პრიზზე" 70 კილოგრამში გამოვიდა და იქაც დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ასეთი წარმატებების შემდეგ ძნელია, მის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანო, აი, 74-ში კი ასე თავდაჯერებული ვერ ვიქნებით - აქ მაქარაშვილის გარდა, ევროპული თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი ჯუმბერ ყველაშვილიც გვყავს.

ვფიქრობთ, ამ წონებში ლიცენზიების მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს, თუმცა ჯერ ევროპის ჩემპიონატს დაველოდოთ - ისიც ბევრ რამეს დაგვანახვებს.

მინდორაშვილისგან განსხვავებით, დარჩიამ გვარიანი სიურპრიზები შემოგვთავაზა, რადგან შემადგენლობის მიღმა დატოვა ორი ტიტულოვანი ფალავანი - ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (59) და შარშანდელ სეზონში გუნდის ერთადერთი მედალოსანი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ლაშა გობაძე (80).

თუმცა უფრო მოულოდნელი ლაშხის საქმეა, რადგან ის საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია, გობაძე კი ნიკოლოზ კელასოვთან დამარცხდა და მესამეზე გავიდა. მართალია, მოგვიანებით თურქეთში ტურნირზე გობაძემ რევანში აუღო, მაგრამ ის შეხვედრა კელასოვმა ხელის ტრავმის გამო ვერ დაამთავრა. არადა, უგებდა.

ეტყობა, დარჩიამ ეს ფაქტორი გაითვალისწინა და რიგაში კელასოვი მიჰყავს. გაცილებით აუხსნელია ლაშხის ამოგდება - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ ირაკლი შავაძეს ურიგოდ ნამდვილად არ უჭიდავია, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში ლაშხმა აშკარად აჯობა. საქართველოს ჩემპიონი არც ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილია (75), ვინც ფინალში ძმასთან - გიორგი დათუნაშვილთან დამარცხდა, თუმცა მწვრთნელი მაინც მას ენდო.

"ბერძენ-რომაელთა" ტურნირში ჩვენგან სხვა წონებში შმაგი ბოლქვაძე (66), მინდია წულუკიძე (71), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) იჭიდავებენ.

ევროპის ჩემპიონატში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ქალები ჩაებმებიან. ამიტომ ჩვენგან რიგაში პირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაფრინდნენ - ისინი წავიდნენ ბალტიისპირეთში. 6-დღიანი ჩემპიონატის პროგრამა ისეა გაწერილი, რომ პირველი ოთხი დღე - 8 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით, ქალებსა და "თავისუფლებს" ეთმობათ და ყოველდღე მათი ორ-ორი წონის წარმომადგენლები ჭიდაობენ, ბოლო ორი დღე კი "ბერძენ-რომაელებს" ეთმობათ და მათ ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ეყოლებათ.

"თავისუფალთა" წყვილები დღეების მიხედვით ასეა განაწილებული: იწყებენ 57-86 კილოგრამები, მერე კი მიჰყვებიან 65-97, 61-74 და 70-125. "ბერძენ-რომაელთაგან" პირველად, ანუ 12 მარტს 59-ის, 66-ის, 98-ისა და 130-ის ფალავნები იასპარეზებენ, დარჩენილი კვარტეტი კი 13-ში დაასრულებს ევროპის ჩემპიონატს.

ქალთა ტურნირში წარმომადგენელი არც ამჯერად გვეყოლება - გადაწყდა, რომ ლიანა ალმეევა 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს და არა უფროსებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული