ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილის სრული კომპლექტი [VIDEO]

AutoSharing Option
8 მარტს, რიგაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელშიც თავდაპირველად ქალები და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟები ჩაებნენ. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებმა მედლების მონაგარი სადებიუტო დღესვე გახსნა - ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორმა დავით მარსაგიშვილმა 86 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მარსაგიშვილმა პირველ შეხვედრაში რუმინელი სტეფან გეორგიტა 6:0 დაამარცხა, თუმცა იქვე გამოჩნდა, რომ ვერ იყო ისეთ ფორმაში, როგორშიც საქართველოს ჩემპიონატზე ვნახეთ. ეს მოსაზრება მომდევნო შეხვედრაში დადასტურდა აზერბაიჯანელთა რუს ლეგიონერთან, ევროპის მესამეპრიზიორ ალექსანდრ გოსტიევთან. სამწუხაროდ, აქაც ის დაემართა, რაც ხშირად მოსდის
ხოლმე - ბოლო წამებზე დაკარგა კონცენტრაცია და წამგებიანი ქულა დასრულებამდე 20-ოდე წამით ადრე დაკარგა - 3:4.

არადა, თითქოს არ იყო წასაგები პაექრობა და უპირატესობა ხელიდან არ უნდა გაეშვა.

ამ დასანანი მარცხის შემდეგ მარსაგიშვილმა სანუგეშო წრეში გააგრძელა გამოსვლა, რადგან ნახევარფინალში გოსტიევმა ბელორუს ალექსანდრ ჰუშტინსაც მოუგო (3:1) და ფინალში გავიდა. იქ ჩვენმა ფალავანმა პირველი წრე უბრძოლველად გაიარა, რადგან პოლონელი მათეუშ ბარანოვსკი ტრავმის გამო არ გამოცხადდა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მარსაგიშვილის მეტოქე ზემოხსენებული ჰუშტინი დადგა. საბედნიეროდ, ჩვენებურმა, უპირველესად, საკუთარ თავს აჯობა, შეძლო მობილიზება და ბელორუსს 5:2 მოუგო. ამ ბრინჯაოთი მარსაგიშვილმა ევროპული მედლების სრული კომპლექტი შეკრა - კონტინენტის პირველობაზე ორი ოქრო და ერთი ვერცხლი ჰქონდა, ახლა კი პირველი ბრინჯაოც მოიპოვა.

დასანანია, რომ მარსაგიშვილმა მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა - ევროპის ჩემპიონატზე არ ჭიდაობდა რუსთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პრაქტიკულად, დაუმარცხებელი აბდულრაშიდ სადულაევი, ვინც მუხლის ტრავმას მკურნალობს. სამაგიეროდ, ეს შანსი კარგად გამოიყენა რუსთა მეორე დაღესტნელმა შამილ კუდიამგომედოვმა და ჩემპიონიც გახდა.

გუშინ კიდევ ერთი წონითი კატეგორიების ფალავნები ჭიდაობდნენ - 57-ის, საქართველოს ღირსებას კი დებიუტანტი ოთარ გოგავა იცავდა. სამწუხაროდ, ის პირველივე წრეში დამარცხდა ბელორუსთა დაღესტნელ ასადულა ლაჩინაუსთან - 8:10, თუმცა თავიდან 5:2 იგებდა.

მერე ჩვენებურს არც სანუგეშოში გადართვის საშუალება მიეცა, რადგან ფინალში ვერც ლაჩინაუ გავიდა - ნახევარფინალში რუსთა მომავალ ჩემპიონ ჰაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა.

მორიგი დუეტის იმედად
დღეს, 9 მარტს, ისევ ორი წონის ფალავნები იჭიდავებენ - 65-ისა და 97-ის. 65-შიც დებიუტანტი გვეყოლება - ზურაბ იაკობაშვილი, რომელიც 30 წლის უტიტულო რუმინელ გეორგე ბუცურს შეხვდება.

მასთან წარმატების შემთხვევაში ჩვენებურის მეტოქე თურქთა ევროპული თამაშების მესამეპრიზიორ მუსტაფა კაიასა და სლოვენიელ დავიდ ჰაბატს შორის გამარჯვებული იქნება.

ბადის ამავე ნახევარშია რუსი ისმაილ კასუმოვი, თუმცა იაკობაშვილი მას ნახევარფინალამდე არ ხვდება.

დღესვე იჭიდავებს ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძეც (97), რომელიც პირველივე წრეში შვეიცარიელ ფილიპ მარსელ ჰუტერს შეხვდება.

მომდევნო წრეში გასვლის შემთხვევაში (რაც სავსებით რეალური გვგონია) ოდიკაძის მეტოქე კოსოვოელ ედონ შალასა (ეს ალბანეთის სახელითაც ჭიდაობდა) და სლოვაკ იოზეფ იალოვიარს შორის მოგებული იქნება. ვფიქრობთ, ოდიკაძისთვის დაუძლეველი არც ეს ბარიერია, აი, მეოთხედფინალში კი რუსთა ჩეჩენი მსოფლიოს პრიზიორი ანზორ ბოლტუკაევი მოდის.

ჭიდაობა. თავისუფალი. ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები
57 კგ
1. ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)
2. ანდრეი იაცენკო (უკრაინა)
3. ანდრეი დუკოვი (რუმინეთი)
გეორგი ვალენტინ ვანგელოვი (ბულგარეთი)

86 კგ
1. შამილ კუდიამაგომედოვი (რუსეთი)
2. ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)
3. დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)

ქალები
48 კგ 
1. მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი)
2. ემილია ალინა ვუცი (რუმინეთი)
3. მარინა მარკევიჩი (ბელორუსი)
ელისტა ათანასოვა-იანკოვა (ბულგარეთი)

63 კგ
1. ანასტასია გრიგორიევა (ლატვია)
2. იულია ტკაჩ-ოსტარჩუკი (უკრაინა)
3. ინა ტრაჟუკოვა (რუსეთი)
მარიანა სასტინი (უნგრეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული