ინტერვიუს უმნიშვნელო ცვლილებით გთავაზობთ.
- მოგესალმებით, ვლადიმერ. მე თქვენ პირველად, ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა, კიევის საერთაშორისო ტურნირზე გნახეთ, რომლის გამარჯვებულიც გახდით და მახსოვს, ძალიან ცუდად, შეიძლება ითქვას, საერთოდ ვერ საუბრობდით რუსულად. ასე რომ, მაშინ ინტერვიუს ჩაწერა ვერ
- დიახ, კარგად მახსოვს ის ტურნირი. 2010 წელი იყო... მაშინ სულ ახალგაზრდა ვიყავი - 18 წლის და ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო უფროსების დონეზე. მართალია, 17 წლისას უკვე მქონდა მოგებული დიდების ჩემპიონატი საქართველოში, თუმცა ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მქონდა, რომ მთავარ ნაკრებში ადგილს ვიმსახურებდი...
- თუ შეიძლება, გვესაუბრეთ თქვენს მშობლიურ ქალაქ გორზე...
- გორი პატარა ქალაქია, სადაც დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი ოდითგან განთქმული იყო თავისი სპორტსმენებით. დღესაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში, ჩემ გარდა, მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილიცაა. უწინ ნაკრები სულაც 30%-ით ჩემი თანაქალაქელებისგან იყო დაკომპლექტებული. ორგზის ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძეც გორელია.
საქართველოში ძალიან უყვართ ჭიდაობა, ძიუდო, კრივი. გახსოვთ მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალ მოკრივეთა შორის გიორგი კანდელაკი? ისიც გორელი გახლავთ. ნუ, რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი გორელი იოსებ სტალინია.
- მამათქვენიც მოჭიდავე იყო?
- დიახ, მამაჩემი - გიორგი ხინჩეგაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი იყო. სამწუხაროდ, მან ნაადრევად დაგვტოვა - 1999 წელს გარდაიცვალა. მაშინ 8 წლის ვიყავი...
- გამოდის, რომ თქვენი სპორტული გზა თავიდანვე იყო განსაზღვრული?
- შესაძლოა. პატარაობისას ხშირად ვსტუმრობდი მამასთან ერთად დარბაზს, თუმცა ჭიდაობა მოგვიანებით დავიწყე. პირველი შედეგები ალბათ, ვარჯიშის დაწყებიდან ხუთი წლის თავზე მქონდა. როცა გამარჯვების გემოს გაიგებ, უკვე ძნელია გაჩერება.
- როგორ გადაიტანეთ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხება? მაშინ რუს ფალავან ჯამალ ოთარსულთანოვთან წააგეთ...
- როდესაც ორი ძლიერი ფალავანი ჭიდაობს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მართალია, იყო საუბარი მსაჯობასთან დაკავშირებით, მაგრამ თავად ამაზე არც ვფიქრობ და აღარც ვიხსენებ მაშინდელ ამბავს. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს. მარცხის გარეშე გამარჯვებები არ მოდის. საბოლოოდ, მე მაინც გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი.
- დიახ და, მიუხედავად ვარსკვლავური სტატუსისა, ურთიერთობაში უბრალო, თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ...
- და რა გავაკეთე ისეთი (იცინის)? ამას მარტივად უნდა შევხედოთ. არ მიმიაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწიე. დავისახე მიზანი და შევასრულე ის, სულ ესაა.
- ასეთი გამარჯვების - ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგომის შემდეგაც ჩვეულ ტემპში აგრძელებთ გამოსვლას. საკუთარი თავის მოტივირებას როგორ ახერხებთ?
- ჭიდაობა ჯერაც მანიჭებს სიამოვნებას და სანამ შემეძლება შეჯიბრებებში გამოსვლა, არ გავჩერდები. ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა.
- და მაინც, რა არის თქვენთვის ჭიდაობა? ეს სიამოვნებაა თუ მძიმე სამუშაო?
- შეიძლება ითქვას, ერთიცა და მეორეც. როდესაც მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადები, სამი თვე რეჟიმში ხარ, ბევრს ვარჯიშობ, იკლებ წონას და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მძიმე სამუშაოა. ზოგჯერ კი ისე ხდება, რომ ტურნირში შედეგისთვის კი არა, ჭიდაობისგან სიამოვნების მიღებისთვის გამოდიხარ. ალბათ, ამიტომაა, რომ ხშირად ვჭიდაობ.
- რუსი მოჭიდავეებიდან ვისთან მეგობრობთ, ურთიერთობთ?
- აქ ბევრი ნაცნობი, მეგობარი მყავს. კარგად ვიცნობ ვიკტორ ლებედევსაც. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მას. ვიკტორმა იაკუტიური დანა მისახსოვრა.
- ქართული სამზარეულო მსოფლიოშია განთქმული. იუკუტიური კერძებიდან რომელი მოგეწონათ?
- ბევრი კერძი დავაგემოვნე, ყველა მომეწონა, მაგრამ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, აქაური თევზი მომეწონა...
- ჭიდაობას დავუბრუნდეთ. თქვენმა ძმამ, გიორგიმ თქვა, რომ ხალიჩაზე თქვენი მთავარი კოზირი ჭკუაა...
- ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია სწრაფად გაიაზროს და მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვერ გახდება დიდი სპორტსმენი. ვითარების შეფასება წამებშია საჭირო...
- ამასთან, თქვენ საკმაოდ ხშირად გასახელებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ მოქმედ მოჭიდავედ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება საუბარი სხვადასხვა საჭიდაო სკოლის განსხვავებულ სტილზე?
- მთლიანობაში, კი. ირანელები ცნობილნი არიან ფეხში შესვლით, ამერიკელები ძალიან აგრესიულები არიან, ჭიდაობის რუსული სკოლა ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურად ითვლება. მაგრამ თითოეული მოჭიდავის სტილი ინდივიდუალურია. ის ვარჯიშებსა და შეჯიბრებებზე ყალიბდება.
- ჭიდაობის საკუთარ სტილს როგორ აღწერდით?
- მე არ ვარ ყველაზე ძლიერი ათლეტი და შესაბამისად, ფიზიკური ძალის ხარჯზე ვერ გავიმარჯვებ და იძულებული ვარ, სხვა გზები ვეძებო (იცინის).
არასდროს ვისახავ მიზნად ამა თუ იმ ტურნირში ყველა შეხვედრის ვადამდე მოგებას. თუკი არის საშუალება, რომ შევუტიო და საქმე ნაადრევად დავასრულო, ხომ კარგი, თუ არა, ორთაბრძოლის ბედი მაშინ სხვაგვარად უნდა გადავწყვიტო. ტაქტიკურად მაღალ დონეზე, მრავალფეროვნად ჭიდაობაა საჭირო და არამხოლოდ იერიშზე, ზრუნვა თავდაცვაზეცაა აუცილებელი.
- გმადლობთ ინტერვიუსთვის, წარმატებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!
- გმადლობთ მასპინძლობისთვის! მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით. შევეცდები, კვლავაც გეწვიოთ, მომავალში უკვე სპორტსმენის რანგში.