ჭიდაობა. ბუნდესლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონი?

AutoSharing Option
დასრულდა გერმანული ბუნდესლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ჭიდაობაში და გაირკვნენ პლეი ოფის მონაწილენი. ისე მოხდა, რომ შესარჩევის ბოლო წრის შეხვედრებში ბუნდესლიგაში ქართველებს არ უჭიდავიათ.

მხოლოდ ლევან მეტრეველი (61) ესტუმრა "ვაინგარტენს" "შიფერშტადტის" შემადგენლობაში, თუმცა ისიც ესპანეთის მოქალაქეა. ოლიმპიური მედალოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე (66) ამჯერად არ მიუწვევიათ, თუმცა ვეჭვობთ, მას დიდი გარდატეხა შეეტანა შეხვედრაში, მისი კლუბი ისეთი სხვაობით დამარცხდა - 6:15 წააგო და ისედაც ცხრილის ბოლოში მყოფი კიდევ უფრო "დაიძირა" ფსკერზე. პირადი შეხვედრა 2:4 დათმო მეტრეველმაც ვლადიმირ ეგოროვთან.

ლიდერ "აალენს" ამჯერად არ მიუწვევია
ჩვენი ლიდერი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვისაც ორ წონაში - 61-სა და 66-ში იყენებს. შესაძლოა, ახლა იმიტომაც არ გამოიძახეს, რომ მეტოქეს 61-ში საერთოდ არ ჰყავდა მონაწილე.

ჩვენებურის კლუბი ასევე სტუმრად დამარცხდა, ოღონდ უაღრესად დაძაბული პაექრობა წააგო "ადელჰაუზენთან" - 15:16, თუმცა ამას მის სატურნირო მდგომარეობაზე არ უმოქმედია, იმხელა ჰანდიკაპი ჰქონდა და მაინც პირველ ადგილზე დარჩა.

დამარცხდა მესამე "ქართული" გუნდიც - "მაინცი", ოღონდ ის შინ განადგურდა "ნენდინგენთან", 5:21. მაინცელთა რიგებში არ უჭიდავია უკრაინულ-გერმანული პასპორტის მქონე დავით ბიჩინაშვილს (86). ამ წაგებით "მაინცმაც" საბოლოოდ დაივანა ცხრილის ფსკერზე.

საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა სამხრეთ ბუნდესლიგაში, სადაც ასევე რამდენიმე ჩვენებური ჭიდაობს. იმარჯვა ზურაბ მაჭარაშვილმა (57) - უნგრელ ბენცე კოვაჩს 15:0 მოუგო და სათავე დაუდო მშობლიური "ტრიბერგის" წარმატებას საკუთარ არენაზე "ანგერთან": 20:18. დამარცხდა მასპინძელი თეიმურაზ ბერაძე (86) - 0:4 ბერჰარდ მაიერთან, თუმცა ქართველი კარგა ხანია, გერმანიის მოქალაქეა.

ამავე ლიგაში ქართველთა გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - "ბერძენ-რომაელ"  ამირან შავაძის (66) "ფრაიბურგმა" თავისუფალ სტილში მოჭიდავე ლაშა ტალახაძის (61) "ეშბახი" მიიღო და 16:12 მოუგო. მასპინძლებში შავაძეს არ უჭიდავია, ტალახაძემ კი მოიგო - 13:1 სძლია ფლორიან ლოსმანს.

აღმოსავლეთის ბუნდესლიგაში მძიმეწონოსანმა ზვიად მეტრეველმა 10:0 დაჯაბნა მურად გაჯიმურადოვი და საკუთარ დარბაზში წერტილი დაუსვა თავისი კლუბის - "აახენ-ვალჰაიმის" დიდი ანგარიშით გამარჯვებას "ჰიუტიგვაილერთან" - 25:3. აქვე გეტყვით, რომ მეტრეველს წარმატებული სეზონი უდგას გერმანიაში.

მაინცის მეორე გუნდის შემადგენლობაში ძალიან შედეგიანად იჭიდავა შოთა თუთბერიძემ (75) ფრედერიკ ბონდანკის წინააღმდეგ - 16:0, შეხვედრა კი ფრედ, 12:12 დასრულდა.

რეგიონულ ლიგებში უკვე დასრულდა გათამაშება, ბუნდესლიგაში კი პლეი ოფები იწყება. შესარჩევის შემდეგ იქ ჭიდაობის უფლება ოთხმა მოწინავე კლუბმა მოიპოვა: "აალენმა" (როგორც გითხარით, ამან პირველ ადგილზე დაასრულა გათამაშება), "ვაინგარტენმა", შარშანდელმა გამარჯვებულმა "ნენდინგენმა" (მაშინ მათ რიგებში მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე გამოდიოდა) და "ისპრინგენმა".

პლეი ოფში "აალენს" მეტოქედ მესამეზე გასული "ისპრინგენი" ერგო. აალენელები პირველ შეხვედრას 26 დეკემბერს სტუმრად ჩაატარებენ, 30-ში კი მათ მშობლიურ არენაზე უმასპინძლებენ.

ამდენად, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ირანულ-ამერიკულ კლუბებში წარმატების შემდეგ გერმანიაშიც ინარჩუნებს წარმატების ძალიან რეალურ შანსებს. სავარაუდოდ, იმ შეხვედრებში აალენელები მას აუცილებლად გამოიძახებენ, ხოლო კლუბის სტაჟიან წევრს - ემზარ ბედინეიშვილს კი უკვე გამოუგზავნეს მიწვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული