ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა

AutoSharing Option
ინდოეთის პრო-ლიგაში პარასკევს ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რადგან საჭიდაოდ ერთბაშად სამი ქართველი გავიდა. იმ დღეს იაკობ მაქარაშვილისა (74) და ელიზბარ ოდიკაძის (97) "ჯაიპურ ნინჯასი" დავით ტლაშაძის (70) "კოლორ დელი სულთანს" შეხვდა და 4:3 მოუგო.

საბედნიეროდ, ჭიდაობის პატივი სამივე ქართველს ერგო, რადგან მეტოქეთა მწვრთნელებმა დასაბლოკავად სხვები აირჩიეს. "ჯაიპურისა" არ იყოს, მოიგეს მისმა ქართველებმაც: ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა მაქარაშვილმა 10:7 აჯობა ინდოელ პარვეენ რანას, ევროპული თამაშების ვერცხლისპრიზიორმა ოდიკაძემ კი 8:0 დაამარცხა ასევე მასპინძელი სატიავარტ კადიანი.

აღსანიშნავია, რომ "ჯაიპურიც" და ჩვენებიც უდანაკარგოდ მიდიან - კლუბმა
ორი შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. ასევე ორ-ორჯერ მოიგეს მაქარაშვილმაც და ოდიკაძემაც. რაც შეეხება ევროპის ფინალისტ ტლაშაძეს, ისიც და მისი კლუბიც პრო-ლიგაში პირველად ჭიდაობდნენ და წააგეს. ტლაშაძე 0:2 დამარცხდა ინდოელ ვინოდ კუმარ ომპრაკაშისთან.

შაბათს პრო-ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა ტარიელ გაფრინდაშვილმაც. სამწუხაროდ, ისიც და მისი "უპ დანგალიც" დამარცხდნენ. ჩვენებურმა აზერბაიჯანელთა თალიშთან, ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვთან 1:3 წააგო, კლუბმა კი 2:5 დათმო "მუმბაი მაჰარატხისთან".

8 იანვარს მესამე შეხვედრა ჩაატარა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) "პენჯაბ როიალსმა", რომელმაც 5:2 დაამარცხა დავით ტლაშაძის (70) "კოლორ დელი სულთანი". ამ პაექრობაში არ უჭიდავია ტლაშაძეს, რომელიც პენჯაბელთა მწვრთნელმა დაბლოკა, ხინჩეგაშვილმა კი 8:1 დაამარცხა ინდოელი პანკაჯი.

სამი ტურის შემდეგ პრო-ლიგას სამი ლიდერი ჰყავს - "ჯაიპური", "პენჯაბი" და "ჰარიანა ჰამერსი", რომლებსაც 4-4 ქულა აქვთ, თუმცა პენჯაბელებს სამი შეხვედრა აქვთ გამართული, დანარჩენებს კი - ერთით ნაკლები. ამათგან "ჯაიპურმა" და "ჰარიანამ" ორივე შეხვედრა მოიგეს, "პენჯაბი" კი ერთხელ დამარცხდა - პირველ ტურში "ჯაიპურთან". დამატებითი მაჩვენებლებით სწორედ "ჯაიპური" ლიდერობს, მეორეზე "პენჯაბია", მესამეზე - "ჰარიანა".

10 იანვარს იაკობ მაქარაშვილისა (74) და ელიზბარ ოდიკაძის (97) "ჯაიპური" "მუმბაის" ხვდება.

მოგების მიუხედავად, ხინჩეგაშვილმა დაკარგა ლიგის საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი - ამჟამად მოწინავე ხუთეულს სწორედ ზემოხსენებული ჰასანოვი ლიდერობს 9.0 ქულით, მეორეა ქალთა შორის კანადელი ოლიმპიური ჩემპიონი ერიკა ვიბე (75) 8.0 კოეფიციენტით, ხინჩეგაშვილი მესამეა 7.7-ით, რუსთა დაღესტნელი მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი მეოთხეა 7.0-ით, ხუთეულს კი აზერბაიჯანელთა ოლიმპიური ჩემპიონი ტოგრულ ასგაროვი აბოლოებს 6.5-ით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ ტურნირზე ფულადი პრიზები როგორ ნაწილდება?
zura
13:52 09-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული