მოციგურავეებს ახალი პრეზიდენტი ჰყავთ

AutoSharing Option
წლეულს, 4 ნოემბერს საქართველოში ფიგურული ციგურაობის დანერგვიდან 50 წელი შესრულდება. ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისში იყო ერთადერთი, თანაც არასტანდარტული საციგურაო, რომლის კედლებში პირველი ქართველი მოციგურავე ქალის მარინა ცერცვაძის სახელობის თბილისის მერიის ბავშვთა სპორტსკოლა გაიხსნა. ამ კერაზე აღიზარდა თაობები, რომლებიც ყველა რანგის ასპარეზობაში გამოდიოდნენ და არცთუ ურიგოდ. წლეულს ახალი საციგურაო მოედნები გაჩნდა ბათუმსა და ზუგდიდში, სპორტის ეს სახეობა ხელმისაწვდომი იქნება საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვისაც სასწავლო პროგრამით. ცხადია, დღის წესრიგში კვლავ რჩება თბილისში საერთაშორისო სტანდარტების
და შესაბამისი ინფრასტრუქტურით ყინულის სასახლის მშენებლობის აუცილებლობა. ამ და სხვა საკითხებზე გუშინ ზემოხსენებულ საციგურაო სკოლაში ეროვნული ასოციაციის აღმასკომის სხდომაზე ანგარიში წარადგინა ასოციაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჯაფარიძემ, რომელიც 8 წელიწადი ედგა სათავეში ამ ორგანიზაციას. იგი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, ასოციაციის ხელმძღვანელობაში მოვიდნენ ახალი კადრები და გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად შესაძლებლობების გაფართოების გზით მიაღწიონ ახალ წარმატებებს. ირაკლი ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ყველას და განაცხადა, რომ მზადაა, ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი ახალ პრეზიდენტს დაუთმოს. არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას მხოლოდ ერთი კანდიდატი გამოეხმაურა _ მაკა გიორგობიანი, რომელიც ყოფილი მოციგურავე და მწვრთნელია, ამჟამად კი ბიზნესში საქმიანობს.
აღმასკომმა დააკმაყოფილა ირაკლი ჯაფარიძის თხოვნა და ახალ ხელმძღვანელად ერთხმად აირჩია ქალბატონი მაკა გიორგობიანი. ირაკლი ჯაფარიძე საპატიო პრეზიდენტად დაამტკიცეს. იგი ამავე დროს საციგურაო სპორტსკოლის დირექტორია.

აღმასკომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი სამყურაშვილი, ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტი დევი სირაძე და სეოკ-ის სპორტული დირექტორატის წევრი გიორგი ესაკია.

თენგიზ თომაშვილი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული