მოკლე პროგრამით სხვადასხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი გამოვა ყინულის სასახლე "აისბერგის" სარბიელზე.
მედლებისთვის მებრძოლთა შორის იქნება ქართველი ელენე გედევანიშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა მესამეა.
2006 წელს 16 წლის გოგონამ ტურინის ზამთრის თამაშებზე მე-10 ადგილი დაიკავა, რითაც ფიგურული ციგურაობის სამყარო გააოცა. 2010 წელს კვებეკში (კანადა) მე-14 იყო. თუმცა იმავე წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსგავს წარმატებას მიაღწია 2012 წელსაც.
წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე ელენე ახალი მწვრთნელის - ბრაიანდ გისლეინის ხელმძღვანელობით, მე-10
როგორც თავად აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში, სოჭის ოლიმპიადისთვის კარგად არის მომზადებული და წინა თამაშების შედეგების გაუმჯობესებას ვარაუდობს. თუმცა ეს არ იქნება იოლი, რადგან მას (გედევანიშვილი დღეს მე-16 განთესვით გამოვა ყინულზე, სავარაუდოდ, 21.17-ზე) საკმაოდ ტიტულოვან მეტოქეებთან მოუწევს გამკლავება.
ესენი არიან: 2010 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონატების ორ-ორგზის ოქროს (2009, 2013), ვერცხლისა (2010, 2011) და ბრინჯაოს (2007, 2008) მედლის მფლობელი, 24 წლის კორეელი იუნა კიმი (იგი გედევანიშვილის შემდეგ გამოვა ყინულზე); გამოცდილი იაპონელი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი (2012), 29 წლის აკიკო სუძუკი; 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ორ-ორგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი კაროლინა კოსტნერი (იტალია); ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორეადგილოსანი ადელინა სოტნიკოვა (რუსეთი); ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2008, 2010), მსგავსი შეჯიბრებების ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანი, 2010 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი მაო ასადა (იაპონია) და ფიგურული ციგურაობის ამომავალი ვარსკვლავი (თუ უკვე ვარსკვლავი) - 15 წლის რუსი სპორტსმენი იულია ლიპნიცკაია, რომელსაც ეთერ თუთბერიძე ავარჯიშებს.
ამ გოგონამ ჯერ კიდევ შარშან მიიპყრო სპეციალისტებისა და ქომაგების ყურადღება, როცა კანადაში დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო, შემდეგ მოსკოვში როსტელეკომის თასი დაისაკუთრა.
წლეულს ევროპის ჩემპიონატზე უკონკურენციო იყო - მეტოქეებზე მთელი თავით მაღლა იდგა და აი, სოჭის ოლიმპიადაზეც მოასწრო ოქროს მედლის მოპოვება - ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში. 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი "აისბერგის" დარბაზში თავისი მეორე ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს.
აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ლიპნიცკაია პირველი არ არის, ვინც ოლიმპიური თამაშების მწვერვალზე ასე ადრეულ ასაკში ავიდა.
მართალია, სპორტის სხვადასხვა სახეობას თავისი ასაკობრივი შეზღუდვები აქვს, თუმცა ეს მაშინვე არ დაუწესებიათ. სპორტის ჩინოვნიკები მიხვდნენ, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის უდიდესი დატვირთვებია საჭირო, რომლებიც სრულებითაც არ არის საბავშვო.
ამის მიუხედავად, ოლიმპიადებს ახსოვთ ნორჩი ჩემპიონები და პრიზიორები. ზოგიერთი მათგანის ვინაობას შეგახსენებთ:
1. დიმიტრიოს ლუნდასი, 10 წლის, საბერძნეთი. ღერძზე (ორძელი) გუნდურ ვარჯიშში "ბრინჯაო" (ათენი, 1896).
2. ინგე სერენსენი. 12 წლის, დანია. ბრასით ცურვაში "ბრინჯაო" (ბერლინი, 1936).
3. მარჯორი გუსტრინგი, 13 წლის. აშშ. წყალხტომაში "ოქრო" (ბერლინი, 1936).
4. პატრისია მაკორმიკი, 13 წლის, აშშ. წყალხტომაში "ოქრო" (მელბურნი, 1956).
5. ფუ მინსია. 13 წლის, ჩინეთი, წყალხტომაში "ოქრო" (ბარსელონა, 1992).
6. კიმ იუნ მი, 13 წლის, კორეა, შორტ-ტრეკში "ოქრო" (ლილეჰამერი, 1994).
7. ნადი კომანეჩი. 14 წლის, რუმინეთი. ხუთი მედალი. მათ შორის - 3 "ოქრო" სპორტულ ტანვარჯიშში (მონრეალი, 1976).
8. სონია ჰენი. 15 წლის, ნორვეგია. ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის "ოქრო" (სანკტ-მორიცი, 1928).
9. მაქსი გურბერი, 15 წლის, გერმანია. წყვილთა ფიგურულ სრიალში ჩემპიონი (მარმიშ-პარტენკირხენი, 1936).
10. ბარბარა პერლ ჯოუნსი, 15 წლის, აშშ, 4X100 მეტრზე ესტაფეტაში "ოქრო" (ჰელსინკი, 1952).
11. ლინა კაჩიუშიტე, 15 წლის, სსრკ, ცურვაში "ოქრო" (მოსკოვი, 1980).
12. ტატიანა გუცუ, 15 წლის, სსრკ. სპორტულ ტანვარჯიშში ორი "ოქრო", "ვერცხლი" და "ბრინჯაო" (ბარსელონა, 1992).
13. ტარა ლიპინსკი, 15 წლის. აშშ. ქალთა ფიგურულ ციგურაობაში "ოქრო" (ნაგანო, 1998).
14. რუტა მეილუტიტე, 15 წლის, ლიტვა. ბრასით ცურვაში "ოქრო" (ლონდონი, 2012).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილი: არ გამოვრიცხავ, ეს ჩემი ბოლო ოლიმპიადა იყოს