კატარინა ვიტი - "პლეიბოის" საოცნებო სოციალიზმის ვნებიანი დედოფალი [PHOTO]

AutoSharing Option
დოსიე:
კატარინა ვიტი
დაიბადა: 1965 წლის 3 დეკემბერი, შტააკენი (დასავლეთ გერმანია)
ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1984, 1988); მსოფლიოს ოთხგზის (1984, 1985, 1987, 1988) ჩემპიონი; ევროპის ექვსგზის (ზედიზედ) ჩემპიონი (1983-88); გერმანიის 8-გზის ჩემპიონი.

ცოტა ხნის წინ მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტსმენ ქალს, კატარინა ვიტს, 49 წელი შეუსრულდა. მართალია თარიღი "მრგვალი" არ არის, მაგრამ არც ვიტია ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მრგვალი თარიღების, ან გარკვეული დამთხვევების შემდეგ იხსენებენ.

ის სპორტის ქომაგთათვის, და მეტადრე მამაკაცებისთვის, ერთობ საყვარელი ქალბატონია!..

დიდი გზის დასაწყისი
კატარინამ 5 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში ფიგურულ სრიალში. სპორტის ამ სახეობაზე მეცადინეობა პირადად მისი სურვილი იყო. მწვრთნელი იუტა მიულერი გერმანელისთვის დამახასიათებელი დისციპლინის მოყვარული სპეციალისტი გახლდათ. მიულერის სიმკაცრე ხშირად შეგირდებისთვის, და მათ შორის კატარინასთვის, მომაბეზრებელიც ხდებოდა, თუმცა ვიტი მიიჩნევს, რომ დიდწილად სწორედ მწვრთნელის ასეთი დამოკიდებულება განაპირობებდა მის დიდ გამარჯვებებს.

ვიტმა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში (გდრ-ის ჩემპიონატი) 1977 წლიდან დაიწყო მონაწილეობის მიღება. 4 წლის შემდეგ ის გდრ-ის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 1983 წელს კი ევროპულ მწვერვალზე თავის, ზედიზედ 6-წლიან ჰეგემონიას ჩაუყარა საფუძველი. 1983-დან 1988 წლის ჩათვლით, ვიტი კონტინენტის ჩემპიონატზე გამოსვლას მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედლით ამთავრებდა.

მისი სამოყვარულო კარიერის საუკეთესო ხანა 1984-1988 წლებში იდგა, როცა ზედიზედ ხდებოდა გდრ-ის, ევროპის, მსოფლიოსა (ოთხ-ოთხჯერ) და ოლიმპიური ჩემპიონი (ორჯერ). კარიერის განმავლობაში კატარინას 20 ეროვნული და საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული, რაც სარეკორდო შედეგია ინდივიდუალურად მოციგურავე ქალთა შორის.

შტაზი და თავისუფლების ფასი
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მუდამ ჰქონდა თავისი მოქალაქეების დასავლეთ გერმანიაში გაქცევის შიში და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო "შტაზი" (STASI) თითქმის ყველას, მით უფრო ცნობილ ადამიანებს, გამუდმებით უთვალთვალებდა.

გდრ-ის დაშლის შემდეგ ბევრ გერმანელს, და მათ შორის ვიტსაც, მიეცა საშუალება, ენახათ "შტაზის" არქივში მიყურადების შესახებ ინფორმაცია.

ცნობილმა მოციგურავემაც ნახა, როგორ აგროვებდა ცნობებს უშიშროების სამსახური მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ბავშვობიდან - 1973 წლიდან მოყოლებული, გდრ-ის არსებობის ბოლომდე. არადა, ამ ულამაზეს და მეტად მაღალი კლასის მოციგურავეს ძალიან ხშირად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა და შანსიც არაერთხელ მიეცა, რომ გდრ-ში აღარ დაბრუნებულიყო, თუმცა ამაზე არასოდეს ფიქრობდა, რადგან მისი უცხოეთში დარჩენა განაპირობებდა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კონტაქტის გაწყვეტას, რასაც კატარინა არასოდეს დაუშვებდა.

"არ არსებობდა თანხა და პირობები, რომლის სანაცვლოდაც მე ჩემს მშობლებთან ურთიერთობას გავწყვეტდი", - იტყვის მოგვიანებით ლეგენდარული ქალბატონი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ვიტმა ისიც აღნიშნა, რომ არასოდეს განუცდია დისკომფორტი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური რეჟიმის გამო.

Sportall.Ge

"არ შემეძლო თავისუფლება შემეფასებინა, რადგან უბრალოდ არ ვიცოდი მისი ფასი. საერთოდაც, ჩემს ქვეყანას სიამაყით წარმოვადგენდი საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებებში", - ამბობს კატარინა, რომელიც პრივილეგიებით სარგებლობდა გდრ-ის ხელისუფლებისგან, მაგრამ მიღწეული წარმატებების შემდეგ ისეთივე პრემიალურს (ანუ, უმნიშვნელოს) იღებდა, როგორსაც სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოების სპორტსმენები მაშინდელ ევროპაში.

კარმენი სამუდამოდ...
პირველი ოლიმპიური ოქრო ვიტმა 19 წლის ასაკში, 1984 წლის სარაევოს ოლიმპიადაზე მოიპოვა. კატარინას მიერ მოკლე პროგრამაში ბლოგბასტერ "რობინ ჰუდის" მუსიკაზე შესრულებულმა ცეკვამ ყველა, და მათ შორის, ცხადია, ჟიურიც მოხიბლა.

ოთხი წლის შემდეგ, უკვე კალგარის ოლიმპიადაზე, მან დაიცვა ტიტული. იქ უაღრესად შთამბეჭდავი იყო გამოსვლა ჟორჟ ბიზეს "კარმენის" მუსიკაზე.

"კალგარის თამაშებისთვის სამზადისის დროს "კარმენს" მთლიანად მივუძღვენი საკუთარი თავი. გათვლილი მქონდა ყველა მოძრაობა, აზრი, გამოხედვა. საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ოლიმპიადის შემდეგ, მართალია, უკვე ვცდილობდი ამომეგდო თავიდან ყოველივე ეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. "კარმენი" თან მდევდა კალგარის შემდეგ მუდამ და ასე მგონია ის ყოველთვის დარჩება ჩემში", - ამბობს ის.

ვიტისთვის მეორე ოლიმპიურ ოქროს მედალს ერთგვარი საგზურის ფასი ჰქონდა აშშ-სა და კანადაში ყინულის შოუებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა ბევრი მიიჩნევს, და სამართლიანადაც, რომ ამის გარეშეც, გერმანელ სექს-სიმბოლოს გზა ხსნილი ექნებოდა ჩრდილოეთ ამერიკის ყინულის დარბაზებისკენ. ეს მისთვის მორიგი საინტერესო გამოწვევა იყო, რომელსაც ვიტის ერთგული გულშემატკივრები იმედიანად უყურებდნენ. კერპს მათთვის იმედი არც გაუცრუებია...

ამერიკაში ვიტს დიდი პოპულარობა ელოდა. იქ მან კონტრაქტი გააფორმა ყინულის ბალეტის ერთ-ერთ ჯგუფთან. 1992 წელს პროფესიონალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მერე კიდევ ერთხელ, 1994 წლის ლილელჰამერის ოლიმპიადაზეც გამოჩნდა, თუმცა ამჯერად კვარცხლბეკამდე აღარ მისულა - მეშვიდე ადგილით დაკმაყოფილდა.

პლეიბოიმ მაინც დაითანხმა
ჟურნალ "პლეიბოის" შეფებს დიდი ხანი ჰქონდათ გულში ამოჭრილი კატარინა ვიტის ეროტიკულ ფოტოსესიაზე დათანხმება, მაგრამ არცთუ მცირე ხანს ამაოდ "ისრიალეს" მის კვალზე.

ვიდრე მოციგურავე აქტიური სპორტით იყო დაკავებული, თავს იკავებდა "პლეიბოის" წინადადებაზე დათანხმებისგან, ამასთან, მას გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდა და მოსაფიქრებლადაც ნაკლებად ეცალა...

Sportall.Ge

პოპულარულმა ჟურნალმა კატარინას გატეხა მხოლოდ მისი აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მოახერხა. ვიტის ფოტოსესია 1998 წელს შედგა, კალგარის ოლიმპიური თამაშებიდან 10 წლის შემდეგ. ფოტოსესია ერთობ ეფექტური გამოდგა და სხვაგვარად, ალბათ, ვერც იქნებოდა - ჟურნალის ის ნომერი, რომელშიც კატარინას ნახევრად შიშველი ფოტოები გამოქვეყნდა, მთლიანად გაიყიდა.

"პლეიბოის" ისტორიაში ეს ტირაჟის სრულად რეალიზაციის მეორე შემთხვევა იყო მერილინ მონროს შემდეგ.

ამერიკაში ვიტს პოპულარულ მსახიობ ბრუკ შილდსს ამსგავსებდნენ. ერთხელ ისინი ერთმანეთსაც შეხვდნენ და გაზეთებში დაიწერა - სოციალიზმის ულამაზესი ქალი კაპიტალიზმის ულამაზეს ქალს შეხვდაო...

დასასრული გაგრძელებით...
თავისი აქტიური სპორტული ცხოვრება კატარინა ვიტმა ოფიციალურად 2008 წელს დაასრულა. მაშინ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, გერმანიის შვიდ ქალაქში ტარდებოდა ყინულის შოუ, სადაც კატარინას კიდევ უამრავი აპლოდისმენტი უძღვნეს.

ვიტი ფილმშიცაა გადაღებული. 1998 წელს, რეჟისორ ჯონ ფრანკენჰაიმერის "რონინში" მან ეპიზოდური როლი შეასრულა (მთავარ როლებზე ჟან რენო და რობერტ დე ნირო ჰყავდათ მიწვეული).

მამაკაცთათვის აგრერიგად სასურველმა ქალმა ცხოვრების თითქმის ნახევარი საუკუნე ისე განვლო, ხმაურიანი რომანი არავისთან ჰქონია. მის ცხოვრებაში იყვნენ მეგობარი მამაკაცები, თუმცა საკუთარი ოჯახის შექმნა საჭიროდ არ ჩათვალა.

"სულ ვმოგზაურობ, უამრავი საქმე მაქვს და, რაც მთავარია, მიყვარს ჩემი საქმე. ამიტომ, რომელიღაც მამაკაცს ჩემს პროფესიას ვერ შევწირავ. როგორც ჩანს, ოჯახური ცხოვრებისთვის არ ვარ დაბადებული", - ამბობს ყინულის დედოფალი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ის პატიოსანი ქალი მეგონა!
ustabash
17:15 27-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული