უცნაური ადამიანი: გაიცანით ჯიმი ჯამპი

AutoSharing Option

"მე ვგრძნობ თავისუფლებას", - წერია ჯიმი ჯამპის მაისურზე. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სტრიკერის ნახტომების რიცხვმა ასს გადააჭარბა. მან ევრო 2004-ის ფინალში საყვარელი "ბარსელონას" დროშა ესროლა მოღალატე ლუიშ ფიგუს, ბარეტინა (ბერეტის ფორმის ქუდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებშია გავრცელებული) ჩამოაცვა თავზე როჯერ ფედერერსა და ლიონელ მესის, ფორმულა 1-ში ესპანეთის გრან-პრის დროს ტრასაზე გავარდა, რაგბიში მსოფლიოს თასის ფინალისას მინდორზე გაიქცა, წყალბურთში ესპანეთის თასის ფინალში აუზში გაცურა...

 

ჯიმი ჯამპის ბოლო "მიღწევა" ჰამბურგში" "სანკტ პაულისა" და "რასინგის" წინასასეზონო მატჩის დროს დაფიქსირდა. იქ მან არნახულად გაილაღა -

მოედანზე მეკობრის დროშით შევარდა, ფეხბურთელებს ბურთი წაართვა, კარამდე მიირბინა და დარტყმა ააცილა, რის შემდეგაც მშვიდად დაბრუნდა ტრიბუნაზე და მატჩის ყურება განაგრძო.


"ალბათ, უცნაურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ნახტომის შემდეგ ჯიმი მოულოდნელად ჩვეულებრივ წინასასეზონო მატჩში გამოჩნდა, - ამბობს ჯიმი ჯამპის მენეჯერი ალექს დე სოლა. - მაგრამ "სანკტ პაულის" საშინაო შეხვედრაში მინდორზე გარბენა ჯიმის დიდი ხნის ოცნება იყო, რადგან ეს განსაკუთრებული გუნდია, ყველაზე "გიჟი" და თავისუფალი ფანებით. რაც მთავარია, ისინი მეკობრეების სიმბოლიკას იყენებენ. ჯიმი უბრალოდ ვალდებული იყო შეესრულებინა ნახტომი "სანკტ პაულის" საშინაო შეხვედრაში. ამ შემთხვევაში ის ამას მხოლოდ საკუთარი თავისუფლების შეგრძნებისთვის აკეთებდა და არა დიდებისა და პოპულარობისთვის. ჯიმი ძალიან კმაყოფილია ამ ნახტომით. მისი შეჩერება შეუძლებელი იყო".


დაჭერის შემდეგ ჯიმის ფულადი ჯარიმების გადახდა უწევს. ამაზე იხარჯება მთელი მისი შემოსავალი.

 

"მაგალითად, ნორვეგიაში ჯიმი 2000 ევროთი დააჯარიმეს "ევროვიზიის" სცენაზე ნახტომისთვის, - აგრძელებს ალექსი - მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში მოედანზე გარბენისთვის ჯარიმა მინიმალური იყო - 200 ევრო. თუმცა მოგვიანებით გადავიხადეთ ჯარიმა იმ ოთხი ბიჭისთვის, რომლებიც ასევე ცდილობდნენ მინდორზე გასვლას. მათ ფული არ ჰქონდათ და სამხრეთაფრიკულ ციხეში სერიოზული სასჯელი ელოდათ. შესანიშნავია, რომ ჯიმი სხვა ნაგიჟარ ბიჭებსაც აძლევს მაგალითს. ჩვენს სამყაროს სჭირდება რაღაც დოზით სიგიჟე. ახლა თქვენ გეცინებათ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სამუშაოს ფუჭად არ ჩაუვლია''.

 


* * *
- ჯიმი, იმედია პრობლემა არ გქონდა მოედნის გარეთ, როცა იოჰანესბურგში ფინალის დროს ბარეტინა გადააგდე და მრისხანე სტიუარდებმა მოედნიდან გაგიყვანეს?
- არა, მცველები საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, სადაც მთელი მატჩის განმავლობაში სხვა პატიმრებთან ერთად ვიჯექი. ისინიც ცდილობდნენ მოედანზე შერბენას. უნდა გითხრათ, რომ შესანიშნავად გავატარე დრო. ბევრი ვილაზღანდარეთ, ვიმღერეთ, სასაცილო ისტორიები მოვყევით. შემდეგ მოვიდა პოლიციელი და გვითხრა, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ჯარიმის გადახდის შემდეგ ყველანი გამოგვიშვეს. გალიიდან გამოვედით და სიხარულით ერთმანეთს თავზე ვახტებოდით. ჩემს ვებგვერდზე არის ჩვენი განთავისუფლების შესანიშნავი ვიდეო.

- ფული დახარჯეთ იოჰანესბურგში ჩასასვლელად, იშოვნეთ ბილეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე, მაგრამ მატჩი არ გინახავთ. ეს საწყენი არ არის?
- სამაგიეროდ, მე გავხდი პირველი ესპანელი, ვინც მსოფლიოს თასს ხელი შეახო. ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი მეორე იყო, მე კი - პირველი. ბედნიერი ვარ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მე კი ფინალურ მატჩში საფირმო ნახტომი შევასრულე. წინასწარი ჩანაფიქრით, მატჩის დროს მინდოდა მოედანზე შესვლა.

 

რომელიმე ესპანელი ფეხბურთელისთვის ბარეტინას თავზე ჩამოცმას ვაპირებდი, მაგრამ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მსოფლიოს თასი დავინახე და ტვინში ის სიგნალი ვიგრძენი, რომელსაც ყოველი ნახტომის წინ ვიღებ: დროა! და სრულიად სპონტანურად გადავწყვიტე, რომ ბარეტინა არა ადამიანისთვის, არამედ მსოფლიოს თასისთვის დამეხურა. ეს ხომ დიადი თასია და მან დაიმსახურა ასეთი პატივი.

- ესე იგი, როცა შენ რომელიმე სპორტსმენს ბარეტინას ახურავ, ამით მის მიმართ პატივისცემას გამოხატავ?
- რა თქმა უნდა. ბარეტინას ნებისმიერ შემხვედრს არ ჩამოვაცვამ, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც პატივს ვცემ.

 

მაგალითად, როჯერ ფედერერს, სამუელ ეტო'ოს, ლიონელ მესის... ეს პატივისცემის ნიშანი და ერთგვარი საჩუქარია მათთვის, მაგრამ ხანდახან სპორტსმენებს ჩემი არ ესმით. მიმაჩნია, რომ მინდორზე შერბენა უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს, ამას რაღაც მისია უნდა ახლდეს თან. ტიერი ანრის მივეცი "ბარსელონას'' მაისურა მაშინ, როცა ჯერ კიდევ "არსენალში" თამაშობდა - ამით მივანიშნე, რომ მას კატალონიაში ელოდნენ. ევრო 2004-ის ფინალში "ბარსას" დროშა ვესროლე ლუიშ ფიგუს - ასე გამოვხატე დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სიყვარულს ეფიცებოდა "ბარსელონას" და ამის შემდეგ "რეალში" გადავიდა. გარდა ამისა, მეცვა მაისურები, რომლითაც ტიბეტის მხარდაჭერას გამოვხატავდი და რასიზმის წინააღმდეგ გამოვდიოდი.

- ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი "ბარსელონაში"?
- ჩავი.

- მას ჯერჯერობით არ მიუღია თქვენგან ბარეტინა.
- ეს დროის საკითხია. წელს, ჩავი აუცილებლად მიიღებს "ოქროს ბურთს". ეს კარგი საბაბი იქნება ჯიმი ჯამპისგან სალამის მისაღებად.

- ''ევროვიზიის'' სცენაზე როგორ აღმოჩნდით?
- ''ევროვიზია'' - სულ სხვა ისტორიაა. უბრალოდ გართობა მომინდა. მიზნად დავისახე სცენაზე ასვლა. სასაცილო სიტუაცია მივიღეთ - მცველები თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა. სცენაზე მომღერალთან და მოცეკვავეებთან ერთად დავხტოდი, დაცვამ კი არ იცოდა რა გაეკეთებინა. საერთოდ, ჩემი ნახტომები არ არის მიმართული ღონისძიების ჩასაშლელად, არავისთვის ხელის შეშლა არ მინდა. არანაირი აგრესია და არანაირი პოლიტიკა - ასეთია ჩემი პრინციპი. უბრალოდ მინდა ვიყო ჩართული უმსხვილეს ღონისძიებებში, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გავახალისო.

- ევროვიზიის პირველ რიგებში ბილეთი - საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა...
- პირველ რიგში ბილეთი არასოდეს მაქვს. სხვა სტრატეგიას ვიყენებ - ნახტომამდე წინ მივიწევ და სტარტისთვის საუკეთესო ადგილს ვარჩევ. ადრე, როცა ფული არ მქონდა, სპორტულ შეჯიბრებებზე ბილეთების გარეშე შევდიოდი. ახლა გამოვსწორდი - ბილეთებს ვყიდულობ, ოღონდ უკანა რიგებში. ვეძებ საუკეთესო მომენტს და გადახტომის შანსი ყოველთვის მეძლევა.

 

ოსლოში "ევროვიზიაზე კი ლოდინი აღარ შემეძლო. შვიდჯერ შევიცვალე ადგილი და სცენაზე მეორე სიმღერისთვის შევხტი.

 

ზუსტად ესპანელი მომღერლის გამოსვლისას, ასე რომ, ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა.

- მაგრამ ჯარიმის გადახდა მოგიწიათ...
- ჩემს ნაცვლად ჯარიმა - 2000 ევრო ნორვეგიელმა ბიზნესმენმა გადაიხადა. მაგრამ ჩვეულებრივ, ჯარიმებს თავად ვიხდი. მე არ მყავს სპონსორები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ ყველა ხარჯს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ ერთმა მსხვილმა ესპანურმა კომპანიამ 3000 ევრო შემომთავაზა იმისთვის, რომ ნახტომი მისი ლოგოტიპიანი მაისურით შემესრულებინა, შემდეგ კი ინტერვიუში მეთქვა, რომ ამ მაისურამ წარმატება მომიტანა. უარი განვაცხადე. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ჩემი მხრიდან ასეთ წინადადებაზე უარის თქმა სიგიჟე იყო, მაგრამ მე ხომ ჯიმი ჯამპი ვარ?!

- ჯიმი, ნახტომების წინ სასმელს თუ იღებ?
- არასოდეს. ეს ჩემი სამუშაოა, რომელსაც ოპტიმალურ მდგომარეობაში უნდა შეხვდე. ყოველ ნახტომამდე ერთი კვირით ადრე თავს ვანებებ მოწევას და დიდ ყურადღებას ვუთმობ ვარჯიშებს - ვცურავ, კროსს დავრბივარ, სპრინტზე ვმუშაობ. ეს იმიტომ რომ მოედანზე ყოველი შერბენისას მხოლოდ რამდენიმე წამი მაქვს ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ნახტომის დროს 100-200 მეტრის გარბენა მიწევს და აუცილებელია ამ მანძილის მაქსიმალურად სწრაფად დაფარვა.

 


* * *
"ჯიმი მსახიობად არის დაბადებული, - აცხადებს მისი მენეჯერი - ხშირად მეუბნებიან, რომ ჯიმი ფსიქიკურად არის დაავადებული, მე კი ვპასუხობ, რომ ბევრი დიადი ხელოვანი არანორმალური იყო. შეხედეთ სალვადორ დალის - მას ყველა გიჟს უწოდებდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ აღიარეს, რომ დიადი არტისტი იყო. ხოლო ის ნახატები, რომელსაც ადრე არაფრად აგდებდნენ, ახლა ხელოვნების ნიმუშებად არის აღიარებული".

- მე ვარ მიქსტი სალვადორ დალისა და დონ კიხოტს შორის, - ხუმრობს ჯიმი. - ორივენი ილუზიების სამყაროში ცხოვრობდნენ, რეალობასა და მათ მიერ გამოგონილი სამყაროს ზღვარზე. ამიტომაც მომწონს ისინი.

- ყოფილა შემთხვევები, როცა მცველებმა წინასწარ ამოგიცნეს და ნახტომის შესრულების საშუალება არ მოგცეს?
- ასეთი ისტორიები მრავლად მქონია, ხშირად პერსონალურ მცველებს მომიჩენენ ხოლმე, მაგრამ რას ვიზამ, ასეთია ჩემი სამუშაო. ყოველთვის რაღაც ახალის მოფიქრება მჭირდება. მაგალითად, იოჰანესბურგში შეიძლება თვითმფრინავიდან არ გამოვეშვით. ვიცოდი, რომ საფეხბურთო ხულიგნების სიაში ვიყავი შეყვანილი, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში შესვლა ჰქონდათ აკრძალული. საბოლოოდ, მღვდლის ფორმა ჩავიცვი და ამის წყალობით აეროპორტში პასპორტი არ მომთხოვეს.

 

მესაზღვრეს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული რელიგიური მისია მქონდა დაკისრებული.

- თქვენთვის არსებობს ტაბუ?
- არა, ჯიმი ჯამპისთვის ტაბუ არ არსებობს და თუ შესაძლებლობა მომეცა, თვით რომის პაპს "მივესალმები". 2009 წელს, რომში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს იოანე პავლე II-ის გამოსახულებიანი მაისურით ვაპირებდი გადახტომას, რადგან მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოვახერხე. კიდევ ვცდი ასეთი მაისურით მოედანზე გასვლას. მის სამშობლოში, პოლონეთში გადავხტები, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე.

- მაგრამ ტურნირის ფინალი კიევში გაიმართება.
- მაშინ გადავხტები პოლონურ ნახევარფინალში. უმჯობესია ეს პოლონეთში გავაკეთო და არა უკრაინაში. გაგონილი მაქვს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში პოლიცია განსაკუთრებული კორექტურობით არ გამოირჩევა. ამიტომაც მირჩევნია პოლონეთში გადავხტე.

 

ჩუპა-ჩუპსების გამყიდველი
ხაუმე მარკეტ კოტი (ჯიმი ჯამპის ნამდვილი სახელი) 1974 წელს სადებელეში, ბარსელონადან 20 კილომეტრში დაიბადა. მისი ძირითადი საქმიანობა იყო წიგნების, ბინებისა და ჩუპა-ჩუპსების გაყიდვა. კანფეტების ბიზნესი კარგად მიდიოდა, რადგან ხაუმემ მთელს კატალონიაში დააყენა ჩუპა-ჩუპსების ავტომატები.


2007 წელს პერსონალური მენეჯერი - ალექს დე სოლა აიყვანა, ყველა საქმე მიაგდო და ხტომებზე გადაიტანა აქცენტი. ასე გახდა ის ჯიმი ჯამპი. "როცა ჯიმიმ პირველად მითხრა თავისი საქმიანობის შესახებ, თავიდან ვერ მივხვდი მის ფილოსოფიას, - ამბობს ალექსი - მაგრამ შემდეგ YouTube-ზე შევედი, ჯიმის ნახტომები ვნახე და სიცილი დავიწყე. მეორე დღეს თავიდან ვუყურე და ისევ სიცილი ამიტყდა. მეგობრებსაც ვაჩვენე და ისევ ვიცინოდი. ბევრი ადამიანი შერბის მოედანზე საფეხბურთო მატჩების დროს, მაგრამ ხშირად მათი მოქმედება გაუაზრებელია. ჯიმი ჯამპი კი ყოველთვის ცდილობს პუბლიკის გახალისებას. სამი წლის წინ გადავწყვიტე უარი მეთქვა საკუთარ ბიზნესზე და ახლა მხოლოდ ჯიმი ჯამპის პრომოუშენით ვარ დაკავებული. თავისუფლების ინდუსტრიაში ვმუშაობ. საკმაოდ ბევრ ფულსაც ვშოულობთ. მაგალითად, საფირმო მაისურებიდან სოლიდური შემოსავალი გვაქვს".

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული