სეზონის დასაწყისში გერმანიის კურორტ ობერიოხში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, ორი გიგანტური სლალომი გაიმართა, რომელშიც 7 ქვეყნის 41 მოთხილამურე ასპარეზობდა. ნინომ პირველ დღეს მე-8, მეორე დღეს კი მე-6 ადგილი დაიკავა. მერე ავსტრიის კურორტ სანტ ლაბრეხტის ტურნირზე ორ სუპერგიგანტში ქართველმა სპორტსმენმა თითო ნაბიჯით წინ წაიწია და კვარცხლბეკს მიუახლოვდა.
ამავე ტრასებზე, საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით,
მომდევნო წარმატებას ნინომ იტალიის კურორტ სელვინოში მიაღწია - ექვსი ქვეყნის ოცდაათი მოთხილამურის მონაწილეობით გამართულ შეჯიბრებაში მან ყველას აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
- ბავშვობისას მხოლოდ ზამთრობით ვსრიალებდი, - გვითხრა ნინომ, რომელიც ამჟამად სამშობლოშია. - საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შემდეგ, წელიწადის ორიოდე კვირის გარდა, ჩემთვის სულ ზამთარია. ალბათ, გესმით, რასაც ვგულისხმობ - ხან შეკრებებზე ვარ უცხოეთში, ხან - შეჯიბრებებზე. სრიალის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, თხილამურები ჩემთვის ბედნიერება და თავისუფლებაა.
- შარშან ტრავმების გამო ყინულის ტრასებზე ხშირად ვერ გამოდიოდით...
- დიახ. ეს ისეთი ტრავმაა, რომელიც თავს ხშირად მახსენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ცივა ან სრიალის დროს ვეცემი. ჯერჯერობით სიფრთხილე ისევ მჭირდება, მაგრამ წლეულს ხელი ძალიან არ შეუშლია.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მადლობელი ვარ - მისი თანადგომით ყველაფერი გავაკეთე საიმისოდ, რომ ქომაგები გამეხარებინა. სამ შეჯიბრებაში გავიმარჯვე, რამდენიმე ტურნირზე კი ათეულებში მოვხვდი. ეტყობა, ტრავმამ მაინც არ მომცა შესაძლებლობა, ჩემი ძალები ბოლომდე გამომემჟღავნებინა.
- თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, სანკტ-მორიცის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო...
- როგორც გითხარით, წარუმატებელი სეზონი ნამდვილად არ მქონია, რამდენიმე ტურნირზე საკმაოდ კარგად გამოვედი, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა.
ცხადია, ბევრად უფრო მეტს ველოდი მსოფლიოს ჩემპიონატისგან, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, ფსიქოლოგიურად მზად ვერ აღმოვჩნდი. გიგანტური სლალომის საკვალიფიკაციო შეჯიბრების პირველ ცდაზე კარგად ვისრიალე და მეხუთე ადგილზე ვიყავი. ამ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეორე დაშვებისას წავიქეცი და ასპარეზობას გამოვეთიშე. მცირე ტრავმაც მივიღე, ძალიან დამწყდა გული.
მსოფლიოს ჩემპიონატის დანარჩენ შეჯიბრებებში ვცდილობდი, კარგად მესრიალა, მაგრამ იმდენად ვიყავი დაძაბული, რომ, ასე მეგონა, ვეღარ ვმოძრაობდი. მართალია, წარმატებას ვერ მივაღწიე, მაგრამ სანკტ-მორიცში მიღებული გამოცდილება სამომავლოდ გამომადგება.
წლევანდელი სეზონიდან განსაკუთრებით უნგრეთის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მინდა გამოვყო - იქაურმა გამარჯვებამ მოტივაცია გამიზარდა და უფრო თავდაჯერებული გავხდი.
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- სეზონის დამთავრების შემდეგ 3 კვირა დავისვენე, ახლა ფიზიკური მომზადება დავიწყე. ერთ თვეში იტალიას ვეწვევი საქართველოს ნაკრებთან ერთად და ორი კვირა ფიზიკური ვარჯიშების ტესტები მექნება. მისი შედეგებით გადაწყდება, თუ როდის შემეძლება სრიალის დაწყება.
მეტი გამოცდილების მიღების მიზნით, მინდა, რომ ახალი სეზონიდან შედარებით მაღალი დონის შეჯიბრებებში ვიასპარეზო. მსოფლიოს და ევროპის თასის რამდენიმე ეტაპზე გამოვალ, გიგანტურ სლალომში 20-25, სლალომში კი 40 ქულაზე ქვემოთ ჩამოსვლას ვგეგმავ, რითაც მსოფლიო რეიტინგს გავიუმჯობესებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"